პირდაპირ იარაღი ესროლა. 23 წლის ბიჭი მომიკლა – ტარიელ ხარხელაური

პოეტი, ტარიელ ხარხელაური პირად ტრაგედიაზე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს. მას 23 წლის ბიჭი მოუკლეს.

„თიანეთში, ჩვენს სოფელში ახალგაზრდები შეიკრიბნენ. ერთმა ჩვენს სოფლელ ბიჭს შეურაცხყოფა მიაყენა. ჩემს შვილს, ბექას უთქვამს, ნასვამი ხარ, გეყოფაო. მან შეაგინა… ბექამ სცემა. მერე უთხრა, ხვალ შევხვდეთ და თუ დამნაშავე აღმოვჩნდები, ბოდიშს მოგიხდიო. მეორე დღეს ჩვენი სახლის უკან გადმოვიდა და პირდაპირ იარაღი ესროლა. 23 წლის ბიჭი მომიკლა…

მე არ დამისვამს ღმერთისთვის კითხვა: „რისთვის?“. ჩემი თავი გადავამოწმე და ჩავუღრმავდი, იქნებ, მე დავუშვი სადმე შეცდომა. ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვიპოვე და წინაპრებს გადავწვდი. პაპების თაობაზე პასუხისმგებელი ვერ გავხდი, რადგან შორეული წარსულის ბევრი არაფერი ვიცი…

ჩემმა მეუღლემ მაშინვე გაიგო, რომ ჩემთვის უმჯობესი იყო ცხვარში წასვლა, რომ მე ეს გადამარჩენდა, ამიტომ მაჩუქა ეს 12 წელი და თავად მოიკლო. მან თავისი გლოვაც არ დამანახა, ჩემთან ცრემლი არ გადმოუგდია, გულში იწურავდა, მე არ მაჩვენებდა.

ღმერთს ვეხვეწები, შემაძლებინოს მისი ამაგის გადახდა. თუ საქმით ვერ მოვახერხებ, ჩემი შემოქმედებით მაინც. იმ ქვეყანაშიც ვალით წავალ და მასზე ლოცვას გავაგრძელებ.“ – ამბობს ტარიელ ხარხელაური.

კომენტარი