სასამართლომ ბრიტნი სპირსს მამის მეურვეობისგან გათავისუფლებაზე უარი უთხრა

ლოს-ანჯელესის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრიტნი სპირსის ადვოკატების მოთხოვნა, რომლებიც მომღერლის მამის მეურვეობის გაუქმებას ითხოვდნენ. ამის შესახებ Variety წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილება სპირსის ადვოკატების წარსულში შეტანილ სარჩელს ეხება და არ ითვალისწინებს ჩვენებას, რომელიც მომღერალმა სასამართლოს გასულ კვირას მისცა. კერძოდ, 2020 წლის ნოემბერში, სპირსის მეურვეთა სიაში კერძო საფინანსო კომპანია Bessemer Trust-ი დაემატა. სწორედ ამის შემდეგ მოითხოვეს ადვოკატებმა ამ სიიდან ბრიტნის მამის, ჯეიმს სპირსის სახელის ამოღება.

23 ივნისს ბრიტნი სპირსმა 2 წლის განმავლობაში პირველად მისცა ჩვენება სასამართლოს და მამის მეურვეობისგან გათავისუფლება მოითხოვა. მან განაცხადა, რომ მას მუშაობას აიძულებენ და დაორსულების ნებართვას არ აძლევენ. მომღერლის ადვოკატებს მისი ახალი მოთხოვნები იურიდიულად ჯერ არ გაუფორმებიათ.

ბრიტნი სპირსი თავისი მამის მეურვეობის ქვეშ 2008 წლიდანაა, მას შემდეგ, რაც ალკოჰოლსა და ნარკოტიკებთან პრობლემების გამო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. სასამართლოში მან აღნიშნა, რომ კლინიკაში თავისი სურვილის წინააღმდეგ მოათავსეს. მეურვეებს სრული კონტროლი აქვთ მომღერლის ცხოვრებასა და ფინანსებზე.

კომენტარი