16 წლის მოზარდს 8 წლის ბიჭის გაუპატიურებაში სდებენ ბრალს – რა მოხდა კახეთში

16 წლის მოზარდი, რომელსაც 8 წლის ბიჭთან ძალადობრივი სქესობრივი კავშირი ედება ბრალად, ინკლუზიურ განათლებაშია ჩართული.

გამოძიების მტკიცებით, შემთხვევა, კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოფელში, მაისის ბოლოს, დაზარალებულის სახლში მოხდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა, მოზარდისათვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე, არ დააკმაყოფილა, თუმცა სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილება შეიცვალა და 9 ივნისს, მოზარდი დააპატიმრეს.

ბრალდებულის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არასწორად მიიჩნევს.

„მოსამართლემ არგუმენტად მოიყვანა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიატრიული ექსპერტიზა სჭირდება. რაკი ინკლუზიურ განათლებაში ჩართული პირია, ეს არ ნიშნავს, რომ მოზარდს ფსიქიური პრობლემები აქვს. მოსწავლის სასკოლო ნოუთბუქში არის ნანახი საეჭვო ვიდეოები, მაგრამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, კარნახის გარეშე ქართულად ვერ წერს, ლათინური ასოები კი არ იცის, თუმცა შშმ პირის სტატუსი არ აქვს. ბრალდება მხოლოდ დაზარალებულის და დედამისის მონაყოლს ეყრდნობა და ჯერჯერობით, არ არის შესაბამისი ექსპერტიზის არცერთი დასკვნა, რაც მის დანაშაულს დაამტკიცებს“, -აცხადებს ადვოკატი.

ინკლუზიური განათლების ექსპერტი, პედიატრი, ნინო პაატაშვილი განმარტავს, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, უპირობოდ ფსიქიკური პრობლემების ქონას არ ნიშნავს.

„თუ პირი ინკლუზიურ განათლებაშია ჩართული, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას ფსიქიური პრობლემები აქვს. უპირობოდ ასეთი დიაგნოზის დასმა არ შეიძლება. მნიშვნელოვანია, ისიც, რა ქმედებას თან გვაქვს საქმე. მე ვთვლი, რომ რაკი საკითხი არასრულწლოვანის დაპატიმრებას ეხება, სასამართლოს მეტი სიფრთხილე უნდა გამოეჩინა“,- განაცხადა პაატაშვილმა.

არასრულწლოვნების საქმეში, სოციალური მუშაკები არიან ჩართულები. სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი კახეთში, დალი მოსიაშვილი განმარტავს, რომ სოციალური მუშაკი თვალს ადევნებდა, რამდენად იყო დაცული არასრულწლოვანთა უფლებები.

„ჩვენ თვალს ვადევნებდით, რამდენად იყო დაცული არასრულწლოვნების უფლებები, გამოძიების პროცესში. ერთი ინკლუზიურ განათლებაში ჩართული პირია, მეორე კი საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელიც მოვლენებს ადეკვატურად აღიქვამს. საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა გამოიტანოს“,- განმარტავს მოსიაშვილი.

არასრულწლოვნებს შორის მომხდარ სავარაუდო ფაქტზე ინფორმაციას ფლობენ მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში, თუმცა კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 137- ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, კანონმდებლობა, ექვსთვიან ვადას ითვალისწინებს.

კომენტარი