შვილებს გვიკლავენ და შემდეგ აქ ჩამოდიან საქეიფოდ - ტატუნაშვილის დედა

დღეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს 38 წელი შეუსრულდებოდა. მუხათგვერდის სასაფლაოზე ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ.

ოკუპანტების მსხვერპლის დედამ რუსუდან ტატუნაშვილმა საქართველოში პოზნერის ვიზიტის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ როცა საოკუპაციო ძალები ადგილობრივებს საკუთარ სახლებში არ უშვებენ, კლავენ მათ შვილებს შემდეგ კი საქართველოში საქეიფოდ ჩამოდიან, ეს ფაქტი მის განერვიულებას იწვევს:

"ჩვენ საკუთარ ოჯახებშიც არ გვიშვებენ, ამის გულისთვის გვსჯიან, კლავენ ჩვენ შვილებს, თვითონ აქ ჩამოდიან საქეიფოდ და დროს სატარებალად, რა რეაქცია უნდა მქონოდა, რა თქმა უნდა, ძალიან გავნერვიულდი.

ოკუპანტები მკვლელებს აჯილდოვებენ, თუ ქართველს ვინმეს მოკლავენ და ჩემი შვილის მკვლელებს არ დასჯიან. კი მიუსაჯეს, მაგრამ ეს რა... საქართველოს ხელისუფლებას არანაირი ბერკეტი არ აქვს, ისინი აქეთ არ გადმოდიან და ამათ ხელი არ მიუწვდებათ" - თქვა ტატუნაშვილის დედამ.

ყოფილი სამხედრო არჩილ ტატუნაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს და წამებით მოკლეს. მის ცხედარს კი ოჯახი 26 დღის განმავლობაში ელოდა.

ცხედრის გადმოსვენების შემდეგ გაკეთებულმა ექსპერტიზამ დაასკვა, რომ ტატუნაშვილს მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნება, რაც გარდაცვალებამდე იყო მიყენებული.

კომენტარი