სიცოცხლის რისკის ფასად 15 წლის გოგონამ ალმოდებული სახლიდან სამი ბავშვი გამოიყვანა

მაიკოპში მეათეკლასელმა ცეცხლში დაწვას სამი პატარა ბავშვი გადაარჩინა. მეხანძრეების მოსვლამდე გოგონა ალმოდებულ სახლში შევარდა და ყველაზე პატარა ბავშვი ხელში აიყვანა, დანარჩენი ორი ბავშვი კი, რომლებიც მანამდე დაბნეულნი იყვნენ და ტირილის გარდა ვერაფერს ახერხებდნენ, მისი რჩევით, გოგონას ტანსაცმელს ჩაეჭიდნენ და ისე გამოვიდნენ. მათი გამოსვლისთანავე კი ხის ნაგებობა თითქმის მთლიანად ფერფლად იქცა.

სამი წლის ანჟელა რომანოვას ჯერ კიდევ არა აქვს გააზრებული, რომ სწორედ მისი მეზობლის, მეათეკლასელი იულია აგაჯანოვას დამსახურებით მისთვის და მისი ორი დისთვის ეს ხანძარი წლების შემდეგ რიგითი თავგადასავალი იქნება - არც ერთ ბავშვს ტრავმა არ მიუღია.

„დაქალებთან ერთად ვიჯექი და ყავას ვსვამდი, როცა ყვირილი გავიგონე. გარეთ გამოვვარდი და როცა ცეცხლის ალი შევნიშნე, ჯერ სახანძროში დავრეკე, მერე კი ალმოდებული სახლის ძებნა დავიწყე, კარგად არ ჩანდა, რომელი სახლი იყო“, - იხსენებს იულია.

როცა ნახა, რომ მეზობლის ხის სახლი იწვოდა, იულია მაშინვე მიხვდა, რომ იქ ბავშვები იყვნენ. როცა ალმოდებულ ოთახში შევარდა, 15 წლის გოგონა საკუთარ თავზე არ ფიქრობდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი გაუწმენდავი საკვამურია. ხანძრის გაჩენის დროს უფროსები სახლში არ იყვნენ. გადარჩენილი ბავშვების დედამ იულიას საჯაროდ და ცრემლების ღვრით გადაუხადა მადლობა, მეორე დღეს კი იგი სკოლაშიც დააჯილდოვეს. თუმცა, იულია ითხოვს, რომ გმირი არ უწოდონ.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას დაჯილდოებას საგანგებო სიტუაციათა რეგიონალური სამმართველოც აპირებს. სამმართველოს უფროსი არ მალავს, რომ მოხარული იქნება, თუკი მომავალში გოგონას მისი ორგანიზაციის რიგებში იხილავს.

კომენტარი