აფხაზეთში სრული ქაოსია

გალის რაიონის მოსახლეობის ინფორმაციით, რუსეთის მსო-ში მიღებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გაჟღერების შემდეგ აფხაზეთში სრული ქაოსია.

როგორც "პირWელს" გალის რაიონიდან აცნობეს, "ბოლო ორი დღეა, რაიონის ტერიტორიაზე გაურკვეველი გადაადგილებები შეინიშნება და ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლი განსაკუთრებითაა გამკაცრებული".

"სამხედროები ინტენსიურად მოძრაობენ, გადასასვლელებზე ბოლო ორი დღეა, გამკაცრებული კონტროლი ხორციელდება. თუ აქამდე გამონახავდი დროს, როცა გადასასვლელებზე მესაზღვრეები საერთოდ არ იმყოფებოდნენ და ზუგდიდის რაიონში გადასვლას მოახერხებდი, ამ ორი დღის განმავლობაში მესაზღვრეებს იქედან ფეხი არ მოუცვლიათ. ქაოსია და როგორც ჩანს, ეს სწორედ ფსოუზე საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებას უკავშირდება", - განუცხადა "პირWელს" წყარომ.

შეგახსენებთ, რომ რუსული გამოცემა "Московский Комсомолец"-ის შეფასებით, "საკუთარ საზღვრებთან საერთაშორისო მონიტორინგზე დათანხმებით რუსეთმა არა მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დააყენა ეჭვქვეშ, არამედ არსობრივად საკუთარი სუვერენიტეტის შეზღუდვასაც დასთანხმდა".

"დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტი სხვა სახელმწიფოს ხელისუფლებისადმი მის დაუმორჩილებლობას მოიცავს. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე ტვირთების გადაადგილების საერთაშორისო მონიტორინგის მოთხოვნა წამოაყენა. მაგალითად, შესთავაზა, რომ ასეთი მონიტორინგი ვენესუელამ განახორციელოს. ადვილი წარმოსადგენია, რა მიმართულებით იქნება გაგზავნილი ამ შემთხვევაში სრულიად აღვირახსნილი დიპლომატიური სამსახური. ის, რაც აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე ხდება, მხოლოდ ამ ორი სახელმწიფოს საქმეა. რით განსხვავდება აშშ-ისა და მექსიკის საზღვარი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის საზღვრისაგან? თუ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან - არაფრით! ესმით თუ არა ეს ბატონ მედვედეკოვსა და რუსეთის მმართველი ელიტის სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც მზად არიან, მსო-ში რუსეთის სახელმწიფო ინტერესების თვალსაზრისით საეჭვო გაწევრიანების სანაცვლოდ ახალშეძენილი სტრატეგიული მოკავშირეები დათმონ და აგვისტოს გამარჯვება ფაქტობრივად გაანულონ?", - წერს გამოცემა.

მისივე შეფასებით, "ეს ნიუანსები აფხაზეთში ძალიან კარგად ესმით".

"აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომ სოხუმი აფხაზეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსებას არ დაუშვებს, რადგან ეს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა იქნება. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კარგად ესმით, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსება ან ელექტრონული კონტროლი - ეს სახელმწიფოს სუვერენიტეტის შეზღუდვაა. რუსულში კი რატომღაც ეს არ ესმით, ან, უფრო სავარაუდოა, რომ კარგად ესმით, მაგრამ არაფრის გაკეთება შეუძლიათ: არსებობს გარემოებანი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე ძლიერია. ეს გარემოებები იმ რუსული ოლიგარქიული კაპიტალის ინტერესებია, რომელიც რუსეთსა და მის საგარეო პოლიტიკურ უწყებას ფაქტობრივად მართავს", - წერს "Московский Комсомолец" და ასკვნის, რომ "არსობრივად, საქართველომ საერთაშორისო დონეზე მოიპოვა უფლება იმ საზღვრებზე, რომელზეც იგი დე იურედ 2008 წლის აგვისტომდე რჩებოდა".

"ამ თვალსაზრისით სიტუაცია ასე გამოიყურება: იგი დროებით საკუთარი საზღვრების კონტროლს ვერ ახერხებდა და ამიტომ დასახმარებლად მესამე ქვეყანას - შვეიცარიას მიმართა. რუსეთის მმართველმა ელიტამ კი, ფაქტობრივად, 2008 წლის აგვისტოში ჩვენი ჯარისკაცების სისხლით მოპოვებული გამარჯვების დევალვაცია მოახდინა", - წერს გამოცემა.

კომენტარი