სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფოთში შიდსის 44 შემთხვევაა რეგისტრირებული

საქართველოში აივ ინფექციის რეგისტრირებული 3031 შემთხვევიდან, 460 სამეგრელოზე მოდის.

დედაქალაქის შემდეგ, სამეგრელო რიგით მეორე რეგიონია, სადაც დაინფიცირებულთა რიცხვი მაღალია. მონაცემებს ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი აქვეყნებს.

ჩამონათვალში თბილისის გარდა ერთადერთი ქალაქია შეტანილი – ფოთი. აქ ინფიცირების იმაზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული (44) ვიდრე რაჭა-ლეჩხუმში ( 5), სამცხე-ჯავახეთში (37), ან მცხეთა-მთიანეთში ( 24).

ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილების ექიმი-ეპიდემიოლოგი ნინო ბადრიძე სხვა რაიონებთან შედარებით, სამეგრელოსა და ფოთში ინფიცირებულთა რაოდენობის სიდიდეს რამდენიმე ფაქტორით ხსნის.

- „ფოთში საპორტო ქალაქია, იყო და არის აქტიური მიმოსვლა, დაუცველი სქესობრივი კონტაქტები უცხოელებისა თუ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, რაც დაინფიცირების ერთ-ერთი ფაქტორია.
ასევე, წლების განმავლობაში, სამეგრელო და ფოთი ნარკოტიკების მოხმარების ერთ-ერთ სერიოზული ადგილი იყო, რამაც მოგვცა დაინფიცირებულთა ის რაოდენობა, რაც გვაქვს“-ამბობს ბადრიძე.

მისი თქმით, სპეციალური პროგრამის „სპექტრუმის“ მიხედვით ჩატარებული გამოთვლებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 4-დან 6 ათასამდე მერყეობს.

2229 მამაკაცი, 802 ქალი, 340 ახალი შემთხვევა, 670 გარდაცვლილი – ცენტრის მონაცემებით, ასეთია 2011 წლის შიდსით ინფიცირების ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში.

სპეციალურ მკურნალობაზე მყოფი ათასზე მეტი პაციენტიდან 39 ბავშვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100