როდის და რა პირობებში ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფო გორგოძის განცხადებით, ივნისის თვეში გახდება ცნობილი, თუ როდის ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები.

ცენტრის ხელმძღვანელმა „იმედის დილის“ ეთერში პირდაპირი ჩართვისას აბიტურიენტებს პირველ რიგში სკოლის დამთავრება მიულოცა და აღნიშნა, რომ მათ უცნაურ გარემოში მოუწიათ სწავლის დასრულება, თუმცა რეალური ცხოვრება ასეთია.

„ეს არის რეალური გამოწვევები და დარწმუნებული ვარ, რომ ამას გაუმკლავდებიან. რაც შეეხება 2020 წლის გამოცდებს, ეროვნული გამოცდების თარიღები ყოველთვის ივნისის თვეში ცხადდებოდა, ახლაც ჩვენ ვემზადებით, ყველანაირად მზად ვართ, რომ ივლისში დაიწყოს გამოცდები, როგორც ეს მანამდე იყო. მაინც ყველაფერი ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. ამიტომ, ივნისის თვეში მეტი ინფორმაცია გვექნება, თუ რა ხდება ამასთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ზუსტი თარიღები ივნისში გამოცხადდება.“, - განაცხადა გორგოძემ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ასევე კითხვით მიმართეს, ტექნიკურად თუ როგორ ჩატარდება გამოცდები და როგორ იქნება დაცული უსაფრთხოების ნორმები.

„ვმუშაობთ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებთან ტექნიკურად როგორ ჩატარდება გამოცდები. საბოლოოდ ეს პროტოკოლი დამტკიცებული არ არის. ამიტომ, რომ არ გავუსწრო მოვლენებს, იმას ვიტყვი, რომ ნამდვილად ყველაზე მთავარი აბიტურიენტებისა და სხვა აპლიკანტის უსაფრთხოებაა. ასევე ის, რომ მათ შეძლონ ნორმალურ პირობებში გამოავლინონ ცოდნა. უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება იმის მიხედვით, რა რეკომენდაციებსაც გვაძლევს ჯანდაცვის სამინისტრო. ამ ეტაპზე ზუსტად ვიცით, რომ ერთ სექტორში 10 გამოსაცდელზე მეტი არ უნდა დავსვათ და ისინი უნდა ისხდნენ შესაბამისი დისტანციით“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.


კომენტარი