სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლატავრა ფოჩიანი გარდაიცვალა

მოცეკვავე ლატავრა ფოჩიანი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლატავრა ფოჩიანი ქართული ცეკვის ხელოვნებას პირველად ეზიარა 7 წლის ასაკში პიონერთა სასახლის ქორეოგრაფიულ წრეში, რომელსაც ჯერ ხელოვნების დამსახურებული მუშაკი ანტონ ჩიხლაძე, ხოლო შემდეგ რესპუბლიკის სახალხო არტისტი - რუბენ ჭოხონელიძე ხელმძღვანელობდა. 1956 წლიდან 1961 წლამდე იყო თვითმომქმედი ანსამბლის სოლისტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის სახალხო არტისტი ბუხუტი დარახველიძე. ხსენებულ ანსაბლთან ერთად მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა (მოსკოვი, 1957 წ.) და ვენის (1959 წ.) მე-6 და მე-7 საერთაშორისო ფესტივალებში და ანსამბლის სოლისტებთან ერთად დაიმსახურა ამ ფესტივალების ლაურიატის წოდება, ვერცხლის და ოქროს მედლები და პირველი ხარისხის დიპლომები. 1965 წლიდან 1982 წლამდე იყო საქართველოს სახელმწიფო აკადემიური დამსახურებული ანსამბლის პრიმა ბალერინა.
შემდგომში ილიკო სუხიშვილის სახელობის ქართულ ხალხურ ბალეტად წოდებულ ანსამბლში გაიშალა მისი შემოქმედებითი შესაძლებლობანი, გამდიდრდა და დაიხვეწა მისი საშემსრულებლო რეპერტუარის ტექნიკური და გამომსახველობითი საშუალებანი. ასრულებდა შემდეგ სოლო პარტიებს: "ქართული", "მთიულური", ყარაჩოხული", ნესტან-დარეჯანის სოლო პარტია ("ქაჯეთის ციხის აღება" შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით), "სიმდი", "აჭარული", "ცეკვა დაირით". შესრულებული აქვს ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიაში არსებული ქალის ყველა პარტია. ლატავრა ფოჩიანის სოლო პარტიები გადაღებულია მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებში: "შეხვედრა მთაში", "ტრიუმფი ლა-სკალაში", "საქართველოს ლეგენდები და სინამდვილე", "ძველი თბილისის მელოდიები", "კორნელი სანაძე", "რუსთაველი-800", "ცეკვავს ლატავრა ფოჩიანი" და სხვა. სცენური სახეები ასახულია სახვით ხელოვნებაში (კორნელი სანაძე - "ცისფერი ლატავრა", "ლატავრა დაირით", ტრიპტიქი - "შოთა რუსთაველი", ესმა ონიანი - "ლატავრა" და სხვა).
ქართული ხალხური ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში ხანგძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის იგი დაჯილდოებულია საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით (1967), მინიჭებული აქვს საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის (1971 წელი) და საქართველოს სახალხო არტისტის (1980 წ.) საპატიო წოდებები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100