პოლიციამ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 8 მღვდელი დააკავა

მონტენეგროს პოლიციამ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 8 მღვდელი დააკავა, რადგან მათ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვა დაარღვიეს. ამის შესახებ Assosiated Press-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მღვდლებმა რელიგიური პროცესია ჩაატარეს, რომელსაც ათასობით ადამიანი დაესწრო. მათ ბრალი ჯანდაცვის სისტემის რეგულაციების დარღვევაში წაუყენეს. პროცესიის მონაწილეებს არც პირბადეები ეკეთათ და არც დისტანციას იცავდნენ.

სავარაუდოდ, დაკავება მონტენეგროს მთავრობასა და სერბეთის ეკლესიას შორის არსებულ დაძაბულობას უფრო გაამძაფრებს. წლის დასაწყისში, ეკლესიამ ქვეყანაში მიღებული რელიგიური კანონი გააპროტესტა, რადგან მიიჩნია, რომ ახალი რეგულაციების გამო საკუთრებას დაკარგავს. სერბეთის პრეზიდენტმა მომხდარი უკვე დაგმო.

მონტენეგროში, რომლის მოსახლეობაც 620 ათასს შეადგენს, კორონავირუსის 300-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 9 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კომენტარი