"შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს"

"შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს"- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. "დიდი ალბათობით, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ვართ ბრძოლაში", - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, აღნიშნული დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების დინამიკაზე.

"რაც შეეხება რელიგიურ ღონისძიებეს და ჩვენს ტრადიციებს, სასაფლაოს მონახულებაზე. ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ საკითხს, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, სამწუხაროდ, შეიძლება, იძულებული გავხდეთ და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს. ეს პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული ვირუსის გავრცელების დინამიკასთან, რომელიც იქნება. მესმის, რომ არ არის მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება შესაძლებელია.

ამ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ უახლოესი ერთი-ორი დღის განმავლობაში და რა თქმა უნდა, ადამიანებს წინასწარ გავაფრთხილებთ. დიდი ალბათობით ჩვენ მოგვიწევს შეზღუდვა, მოგეხსენებათ, რომ სასაფლაოები მუნიციპალური საკუთრებებია და იქ, სადაც მუნიციპალური არ არის, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება, გარკვეული პერიოდით. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ახლა ვართ ბრძოლაში და ამ ბრძოლის ხაზი გადის ყველგან", - განაცხადა გახარიამ.

კომენტარი