"ხვალ დილის 08:00 საათიდან, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი დაწესდება" - გიორგი გახარია

ხვალ დილის 08:00 საათიდან, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი დაწესდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საბოლოო მონაცემებით, საქართველოში გვყავს 100 ინფიცირებული. საბედნიეროდ, გვყავს 18 გამოჯანმრთელებული, მაგრამ შემთხვევების რიცხვის ზრდის დინამიკა შემაშფოთბელია. პირველად გვაქვს სამი შემთხვევა, რომელთა წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ. როდესაც ასეთი პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, მარნეული და ბოლნისი საკარანტინო ზონად გამოცხადდა. სამწუხაროდ, ამასთან ერთად გვაქვს ერთი შემთხვევა, როდესაც ინფიცირებულია სამედიცინო სექტორის თანამშრომელი. ეს და ყველა სხვა მოცემულობა გვაძლევს შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ გლობალურ ბრძოლაში შეგვიძლია გავიმარჯვოთ არა მხოლოდ მედიკოსების გმირული 24-საათიანი შრომით, სახელმწიფო უწყებების და პოლიციის შრომით, არამედ ერთგვარი შეთანხმებით საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან, რომ ეს არის ერთობლივი პრობლემა, რომელსაც ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ.

ბოლოდროინდელი მოვლენები ცხადყოფს, რომ, სამწუხაროდ, ყველა მოქალაქეს არ აქვს ბოლომდე გათვითცნობიერებული მდგომარეობის სიმძიმე და თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე არსებული რისკები. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვცდილობთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გამკაცრების ღონისძიებებით ეკონომიკას მინიმალური ზიანი მივაყენოთ, რამეთუ ჩვენ ეკონომიკა უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ ის დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ საქართველოს ქალაქებში ვხედავთ, არის მიუღებელი.

ბოლო თვეების განმავლობაში იტალიაში გარდაიცვალა 10 779 ადამიანი, ესპანეთში - 6803 ადამიანი, საფრანგეთში 2606, დიდ ბრიტანეთში 1228, ნიდერლანდებში 776, გერმანიაში 541 ადამიანი. რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ საქართველოში, სანამ ჩვენ კიდევ ვაკონტროლებთ სიტუაციას, სანამ პრევენციული ზომები გვაქვს იმის თქმის საშუალებას, რომ გამოწვევას შედარებით წარმატებით ვუმკლავდებით, ამან არ უნდა მოგვცეს მოდუნების საფუძველი. ჩვენ უნდა ვიაზრებდეთ იმ სიძმიმეს, რომელსაც ვხედავთ ევროპის ქვეყნებში. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქვეყნები საქართველოზე ეკონომიკურად უფრო ძლიერია. ჩვენი ერთადერთი ინსტრუმენტი ვირუსთან ბრძოლაში არის სწრაფი და თამამი გადაწყვეტილებები“, - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარი