სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შესაძლოა აზიაში ვირუსის მეორე ტალღა აგორდეს - WHO მოსახლეობას აფრთხილებს

8 978 გარდაცვლილი და 220 ათასი დაინფიცირებული - ასეთია მსოფლიო მონაცემები. ვირუსი COVID-19-ი 86 ათასმა ადამიანმა დაამარცხა. ყველაზე კრიზისული მდგომარეობაა ირანში, გერმანიაში, ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ ვირუსი თითქმის დაამარცხეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აზიაში ვირუსის მეორე ტალღას ელოდება.

კორონავირუსით თურქეთში უკვე მეორე ადამიანი დაიღუპა. დაინფიცირებულია 191 პირი. დაავადებულთა რიცხვი სომხეთში 110-მდე გაიზარდა. რუსეთში 147 დაინფიცირებული პირია. უკრაინაში 16 და 2 დაღუპული. აზერბაიჯანში ერთი დაღუპა და 47 დაინფიცირდა. სომხეთში კი დაინფიცირებულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფრთხილებს მოსახლეობას, რომ ვირუსი შესაძლოა ნებისმიერს შეეხოს და რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ბავშვებში ვირუსი საწყის ეტაპზე მძიმედ ვითარდება, თუმცა პატარები დაავადებას მსუბუქად იტანენ.

"200 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, 8 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ბევრი ქვეყანა ეპიდემიის ესკალაციის წინაშე დგას. ჩვენ გვესმის თქვენი ხმა, ვიცით ის უზარმაზარი სირთულეები, რასაც აწყდებით და ის უზარმაზარი ტვირთი, რომლის ქვეშ იმყოფებით. ნუ ივარაუდებთ, რომ თქვენს საზოგადოებაზე ეს გავლენას ვერ მოახდენს. მოემზადეთ ისე, თითქოს მოახდენს. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არ დაინფიცირდებით, ისე მოემზადეთ, თითქოს დაინფიცირდებით" - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ადანომ გებრეიესუსმა.

კვლავ მძიმე მდგომარეობაა ევროპაში და განსაკუთრებით იტალიაში, სადაც დაღუპულთა რიცხვი 3 ათასს აღწევს, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 36 ათასს. იტალიის შემდეგ რთული სურათია ესპანეთში, სადაც კორონავირუსით 15 ათასამდე პირია დაინფიცირებული. ვირუსმა იმსხვერპლა 700-მდე ადამიანი.

რაც შეეხება საფრანგეთს, აქ ვირუსით 1000-მდე შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულთა რაოდენობა კი 300-ს აღწევს. უპრეცედენტო ზომები მიიღეს გერმანიაში, კორონავირუსთან საბრძოლველად. ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 12 327 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია 28 ადამიანი.

"სოციალური კონტაქტების შემცირების გზით გერმანიის მოქალაქეები ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლას ხელს შეუწყობენ, მიიღეთ ეს სერიოზულად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენი ქვეყანა არასოდეს დამდგარა მსგავსი გამოწვევის წინაშე, როდესაც სოლიდარობა ასეთი გადამწყვეტია" - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსის 9 464 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორისაა ორი ამერიკელი კონგრესმენი. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 155-მდე გაიზარდა. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი კანონმდებლობა აამოქმედა, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას სამედიცინო ნიღბების, სასუნთქი აპარატების და სხვა სამედიცინო ინვენტარის წარმოების დაჩქარების შესაძლებლობას მისცემს.

"შტატები კორონავირუსის წინააღმდეგ საგანგებო ზომებს იღებს. მე ვხედავ სიტუაციას როგორც ომის დროს პრეზიდენტი. გამოვიყენებ საგანგებო ძალაუფლებას, რისი საშუალებითაც ხელისუფლებას შესაძლებლობა ექნება კორონავირუსის პანდემიის ფონზე კერძო სექტორი მართოს. კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით მექსიკასთან არსებული საზღვრიდან თავშესაფრის მაძიებლებს არ შევუშვებთ" - აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ისევ მძიმე ვითარებაა ირანში. ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსის 18 000 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 1 200-ს გადააჭარბა. ამ ვითარების ფონზე ქვეყნის მთავრობა ციხეებიდან ათასობით პატიმარს გამოუშვებს.

ჩინეთში ამ დროისთვის ვირუსის 80 ათასსზე მეტი შემთხვაა დაფიქსირებული და თითქმის ამდენივე რაოდენობის ადამიანმა COVID -19 დაამარცხა. სამხრეთ კორეაში კი დაინფიცირების 9 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გამოჯანმრთელების 7 ათასამდე ფაქტია დადასტურებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100