გირჩის ოფისში "შმაქსი"-ში გაწევრიანების მსურველთა ნაკადი არ წყდება

"გირჩის" ოფისში "შმაქსი"-ში გაწევრიანების მსურველთა ნაკადი არ წყდება. მას შემდეგ რაც გირჩმა ახალი კამპანია წამოიწყო ტაქსების რეგულაციების წინააღმდეგ და წიწამურში ახლად დაფუძნებული კომპანიის „შმაქსი“-ს პრეზენტაცია გამართა, კომპანიაში გაწევრიანების უამრავი მსურველი გამოჩნდა.

პოლიტიკური პარტიის ფეისბუქ გვერდზე, ათობით შეტყობინება შემოდის, რომელშიც დაინტერესებული პირები "შმაქსი"-ში გაწევრიანებას და შესაბამის ტრაფარეტს ითხოვენ. ამ დროისთვის, რამდენიმე ადამიანი უკვე დარეგისტრირდა "შმაქსი"-ს მასწავლებელ მძღოლად.

"გირჩში" ტაქსის კერძო კომპანიების შემოთავაზებებიც მიიღეს, რომელთაც "შმაქსი"-სთან თანამშრომლობა უნდათ.

რეგისტრაციის დეტალებსა და სიახლეებზე, "შმაქსი" სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს და მსურველები მარტივად შეძლებენ ამ საქმიანობაში ჩართვას.

შეგახსენებთ, რომ "გირჩის" მიერ დაარსებული შპს "შმაქსი", საგანმანათლებლო კომპანიაა, ის დაიქირავებს მასწავლებლებს რომლებიც თბილისში, საკუთარი ავტომობილებით იმოძრავებენ. იმ მგზავრებს კი, ვისაც გირჩის, საღი აზრისა და თავისუფლების იდეების გაცნობის სურვილი ექნებათ „შმაქსის“ მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ.

კომენტარი