სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

18 წლის წინ...

დღეს სოხუმის დაცემიდან 18 წელი შესრულდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება სამგლოვიარო ღონისძიებები. აფხაზეთის ომში დაღუპულების სულების მოსახსენებლად ტაძრებში ლოცვები აღევლინება. ყველაზე მეტი ხალხი თბილისში გმირთა მოედანზე საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპულთა პატივსაცემად აგებულ მემორიალთან იკრიბება. ომის ვეტერანები, დაღუპულთა ახლობლები და ნათესავები, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოხელეები ანთებენ სანთლებს და სამშობლოსათვის დაღუპულ მებრძოლთა პატივსაცემად აგებულ მემორიალს ყვავილების გვირგვინებით ამკობენ.

ამჯერად მემორიალთან ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში გადმოსახლებული აფხაზური ოჯახები მოვიდნენ. აფხაზმა ქალებმა ქართველ დედებთან ერთად დაანთეს სანთლები. რამდენიმე თვის წინ აფხაზეთიდან გადმოსულმა დარიკო შაპკოვსკაიამ მიმართა ქართველ და აფხაზ დედებს, მოუწოდა მათ გაერთიანებისაკენ და ერთიან ოჯახად ცხოვრებისაკენ ისე, რომ ვერანაირმა მესამე ძალამ ეს ერთობა ვეღარ დაარღვიოს.

16 სექტემბერს ჩრდილოკავკასიელმა კაზაკებმა და აფხაზურმა ფორმირებებმა რუსული ჯარების ფარული მხარდაჭერით დაიწყეს შეტევა სოხუმზე, რომელიც 9 თვის განმავლობაში განიცდიდა რუსული სამხედრო საჰაერო ძალების თავდასხმებს. თავდამსხმელებს შორის ქალაქის დამცველებმა ნახეს რუსეთის ფედერაციის ბრონირებულ სამოსებში ეკიპირებული სამხედრო სადესანტო ჯარის მებრძოლები. ამდენად, დაირღვა 1993 წლის 27 ივლისს რუსეთის გარანტიის ქვეშ ხელმოწერილი სამშვიდობო მოლაპარაკება, რომლის ჩარჩოებშიც ქართულმა მხარემ ქ. ფოთში გამოიყვანა სამხედროების გარკვეული ნაწილი სოხუმიდან, ფაქტიურად მთელი მძიმე შეიარაღება, ქალაქში დაბრუნდნენ დევნილები, მუშაობას შეუდგნენ სკოლები და საბავშვო ბაღები. შეთანხმების შესრულებას აკონტროლებდნენ რუსი სამხედროები და გაეროს წარმომადგენლები. ბრძოლების დაწყებიდან გაირკვა, რომ ანალოგიური განიარაღება, შეთანხმების საწინააღმდეგოდ არ შეხებია "აფხაზურ" ნაწილებს. პირიქით, ისინი გაძლიერებული იქნენ მძიმე ტექნიკით, კერძოდ საარტილერიო სისტემებით.

სოხუმის დამცველებმა შეძლეს 12 დღის განმავლობაში მტრის გამკლავება, რათა ათასობით დევნილისათვის საშუალება მიეცათ ცეცხლში გახვეული ქალაქის დატოვება. 27 სექტემბერს, გაცხარებული ბრძოლების შემდეგ, აფხაზეთის დედაქალაქი მეამბოხეების კონტროლქვეშ გადავიდა. ქალაქში დაიწყო ხოცვა - ჟლეტა, მოკლული იქნა ათასობით ადამიანი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ჟიული შარტავას მეთაურობით, რომლებიც ბოლომდე არ ტოვებდნენ სოხუმს, აღმოჩნდნენ ტყვეობაში და იმავე დღეს იქნენ დახვრეტილი. 30 სექტემბრისათვის "აფხაზურმა" მხარემ თითქმის მთელ აფხაზეთზე დაამყარა კონტროლი, კოდორის ხეობის გამოკლებით, რომელმაც რამდენიმე თავდასხმა მოიგერია და ადგილობრივი მოხალისეების შემწეობით ის ქართული მხარისათვის იქნა შენარჩუნებული.

ომის შედეგად 300 000 მეტი ადამიანი - აფხაზეთის მოსახლეობის თითქმის 65 % რეგიონში განხორციელებული ეთნოწმენდის შედეგად იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი მიწა-წყალი. დევნილთა უმეტესობას ქართველები შეადგენდნენ, რომლებიც ომამდელი მოსახლეობის 48% შეადგენდნენ. ომისშემდგომ წლებში 30 000 მეტმა აფხაზმაც - მათი საერთო რაოდენობიდან - ასევე დატოვა აფხაზეთის რეგიონი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100