რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსით მგზავრობა 50 თეთრით გაძვირდა

გაძვირებული მგზავრობა რუსთავსა და თბილისს შორის - ქალაქებს შორის მიკროავტობუსით მიმოსვლა 50 თეთრით გაძვირდა და 2 ლარი გახდა. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

მგზავრობის საფასურის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მძღოლებმა მიიღეს, თუმცა კომპანია საქმის კურსში იყო. ამის შესახებ, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადამყვანმა შპს ,,ინტერ ტრანსმა“ განაცხადა.

,,ინტერ ტრანსში“ ამბობენ, რომ კომპანიას მძღოლებმა საწვავისა და სხვა ხარჯების გაზრდის გამო დაახლოებით ორი კვირის წინ მიმართეს და მგზავრობის საფასურის 50 თეთრით მომატება მოითხოვეს.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განმარტებით რუსთავი-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსების საფასურის ზრდა მერიასთან არ ყოფილა შეთანხმებული და ის თვითნებურად გაიზარდა.

„კომპანიასთან, რომელსაც კონკურსის წესით აქვს მოგებული მგზავრთა გადაყვანა რუსთავი-თბილისის მიმართულებით, მიმდინარეობდა მოლაპარაკება. ამ მოლაპარაკების საფუძველზე, კომპანიას აღებული ვალდებულებები სრულად უნდა შეესრულებინა, ამის შემდეგ მომხდარიყო მგზავრთა ტარიფისა და იმ თანხების დაფიქსირება, რომელიც კომპანიამ თანხის ზრდასთან დაკავშირებით დაასახელა. ეს პროცესები ჯერ არ დაწყებულა. ჩვენ მივმართეთ კომპანიას ამ ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით, თუ რა დოკუმენტაცია უნდა წარმოედგინა, შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეალურად ასახავდა სურათს და არა ცალმხრივად. ეს ტარიფის ზრდა არის თვითნებური. დილიდანვე სამსახურები გასულები არიან, რომლებსაც ევალებათ მონიტორინგი. მგზავრობის ფასი საკრებულოს დადგენილებით არის დაწესებული და კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს“, - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

კომენტარი