"ქოცების ავი ნაწილი აქცენტს უფრო თვალზე აკეთებს, ჰოდა, რომ დასრულდეს ეს ლეგენდები ჩემს მხედველობაზე, რომ თურმე "მიშამ გამიკეთა ოპერაცია" დავწერ..." - გიორგი კაპანაძის ემოციური წერილი

ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

“აქ, სოციალურ ქსელში, გრძელი ტექსტები ძალიან მოსაწყენია, მაგრამ ვეცდები მოკლედ მოვყვე ერთი პატარა ამბავი.
ბოლო ეთერის შემდეგ ძირითადად ჩემთვის უცნობი ადამიანები მწერენ როგორც კარგ, ისე კრიტიკულ სიტყვებს.
ქოცების ავი ნაწილი აქცენტს უფრო თვალზე აკეთებს და მლანძღავს, როგორც შეუძლია (ეგ არაფერი).
ჰოდა, რომ დასრულდეს ეს ლეგენდები ჩემს მხედველობაზე, რომ თურმე "მიშამ გამიკეთა ოპერაცია" და მსგავსი სისულელეები, დავწერ აქვე:
-
მშვენივრად ვხედავ, სხვათაშორის კარგსაც და ცუდსაც - ორივე თვალით.
-
უბრალოდ, ბავშვობაში, ძალიან მიყვარდა ხილი და როცა სადმე ვიყავი, რომელიმე ხის მაღალ წერტილში აღმოვჩნდებოდი ხოლმე, მე მოუსვენარი.
ერთ დღესაც, ვიღაცის ბაღში შევიპარეთ, სადაც მსხვილი, წითელი და ტკბილი ბალი გვეგულებოდა.
სამნი ვიყავით. ორი ხეზე ავძვერით და მესამე დაბლა დარჩა - იმ გემრიელი და დაშაქრული ბალის მფლობელი თუ გამოჩნდებოდა, გაგვაფრთხილებდა და ჩვენც სწრაფად ჩამოვხტებოდით ხიდან (გეგმა ).
ჰოდა, გამოჩნდა... მან, ვინც დაბლა იყო, დაგვიძახა: "აუ, ბიჭო მოდის" და გაუჩინარდა.
არ გვინდოდა რომ შევემჩნიეთ (არადა, რომც დავენახეთ, ალბათ არც არაფერს გვეტყოდა ის კეთილი ადამიანი) და ამიტომ, იმ დალოცვილი ბლის ხიდან ჩამოვხტი და მარჯვენა თვალის ქუთუთო დავიზიანე, რომელიც როგორც ჩემი შვილი ბაბი ამბობს, "ცოტათი განსხვავდება თავისი "მეწყვილესაგან".
ზუსტად 8 წლის ვიყავი - მესამე კლასში და ცხადია, სააკაშვილის არსებობა არც კი ვიცოდი".

შეგახსენებთ, რომ პარასკევს გიორგი კაპანაძე ტვ-პირველზე, თოქ-შოუ "პირველების" სტუმარი გახლდათ, სადაც დებატებში შევიდა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებთან.

კომენტარი