"ისე ლამაზად უნდა იცხოვრო, მზის ჩასვლას უნდა ჰგავდეს სიკვდილი..." - გამოსამშვიდობებელი წერილი ნიკა რურუას

პოეტ ნიკო მიქაიას გულისამაჩუყებელი პოსტი და გამომშვიდობება ნიკა რურუასთან:
"ისე ლამაზად უნდა იცხოვრო,
მზის ჩასვლას უნდა ჰგავდეს სიკვდილი...

ზოგადად არ მიყვარს ადამიანის გარდაცვალებაზე ბევრი ლაპარაკი! მაგრამ ეს ორი დღეა ძალიან უცნაურად ვარ! თითქოს დავკარგე ძალიან ახლო ნათესავი თუ მეგობარი! ალბათ ასეც არის! რატომ? იმიტომ, რომ ჩემმა ქვეყანამ დაკარგა მასზე უსაშველოდ შეყვარებული კაცი! მე კი დავკარგე ადამიანი, რომლისგანაც ვცდილობდი ძალიან ბევრი მესწავლა, მიუხედავად იმისა, რომ ახლო ურთიერთობა არც გვქონია!

ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, როცა საქართველოს პარლამენტში სტაჟირებას გავდიოდი. ერთხელ დავესწარი უშიშროების კომიტეტის სხდომას და იქ ვნახე პირველად ნიკა რურუა. იმდენად ღრმა, იმდენად უკიდეგანო ინტელექტის პატრონი იყო, რომ მინდოდა უბრალოდ მესმინა მისთვის და მესწავლა მისგან რაღაც! ყველა მის სიტყვას ეტყობოდა, რომ იყო ნაფიქრი! ვერასოდეს მოისმენდი ნიკასგან წამოსროლილ სიტყვას! ერთხელ რაღაც საბუტები შევუტანე კაბინეტში! ამომხედა და მკითხა ვინ ხარო! მე კი უბრალოდ ვუპასუხე: მიხარია, რომ გაგიცანითმეთქი. ასე შედგა ჩვენი გაცნობა!

გავიდა წლები! ჩვენ facebook-მეგობრები გავხდით! ყველა მის პოსტს ველოდი ხოლმე! რატომ? იმიტომ, რომ არავინ დებდა ისეთ შინაარსიან პოსტებს როგორც ის, არავინ განიხილავდა მუსიკას ისე, როგორც ის! არავინ ლაპარაკობდა საქართველოს ოკუპაცია-დეოკუპაციაზე, როგორც ის! არავინ მიმოიხილავდა ქართულ გეოპოლიტიკას ისე, როგორც ის და ა.შ. ვიცოდი, რომ მასზე უკეთეს შემფასებელს ვერ ვიპოვიდი, გავუგზავნე რაღაც და ვთხოვე თუ გექნება დრო, წაიკითხეთ და გულწრფელად მიპასუხეთ ღირს თუ არა გაგრძელებათქო. გამიკვირდა როცა ორ დღეში მომწერა დეტალურად მისი აზრი და კატეგორიულად მომთხოვა დასრულება ამ დაწყებული საქმის! კიდევ ერთხელ ვუთხარი მაშინ: მადლობა მეგობრობისთვის! დიახ, მე მისგან ვსწავლობდი ჩვენი თუნდაც არა ახლო ურთიერთობით!

დიახ! მზის ჩასვლას დაემსგავსა მისი სიკვდილი! რატომ? იმიტომ, რომ ჩუმად წავიდა, თავისთვის, მოულოდნელად, როგორც თვითონ ინატრა ერთ-ერთ ინტერვიუში! მაგრამ ამ წასვლით, ზოგიერთი ადამიანობადაკარგული არსების გარდა, ყველას დაწყვიტა გული! ის ყოველთვის ცდილობდა ხიდი ყოფილიყო გახლეჩილ საზოგადოებაში და სიკვდილით, მაგრამ მაინც გამოუვიდა! ყველას გულმა იგრძნო ნიკა რურუას გარდაცვალება! ალბათ ასეთიც უნდა იყოს ღირსეული ადამიანის სიკვდილი! როგორც იცხოვრა, ისევე ლამაზად ჩავიდა მისი მზეც!

ბოლოს! მადლობა ნიკა რომ არსებობს დეოკუპაციის მუზეუმი! მადლობა, რომ აღარ არსებობს სტალინის ძეგლი გორში! მადლობა ძალიან ბევრი ნიჭიერისთვის, რომელიც გზაზე დააყენე! მადლობა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ჩვენი ყოფნისთვის! მადლობა საქართველოს ასეთი სიყვარულისთვის! მადლობა იმისთვის, რომ შექმენი ადამიანური ურთიერთობების სტანდარტი ქართულ პოლიტიკაში! მადლობა პირადად ჩემგან, რომ ბევრი რამე ვისწავლე შენგან!

აუცილებლად დააკლდები ყველას! ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს და საერთოდ უცნობ ადამიანებს, ვინც შენგან რაღაცას სწავლობდნენ! ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ უფრო ახლოს ვერ დავმეგობრდი შენთან! ნიკა რურუა აუცილებლად დააკლდება მთელს საქართველოს თავისი ნიჭით, ინტელექტით, განათლებით, პატრიოტიზმით, ქვეყნის სიყვარულით, დაფიქრებული და მოზომილი საუბრის მანერით და სრულიად ახალი სტანდარტით ქართულ პოლიტიკაში! ჩემთვის პირადად ადამიანური ურთიერთობების მაესტრო იყავი და ასეთად დარცები ყოველთვის!

მშვიდობით მეგობარო!"

კომენტარი