თამთა ჯანჯღავას ადვოკატი აცხადებს, რომ ფიზიკური დაპირისპირება ირაკლი ნოზაძის მხრიდან დაიწყო და ბრალდებული თავს იცავდა

ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ თამთა ჯანჯღავას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. აღკვეთის შეფარდებაზეც სასამართლომ შესაძლოა დღესვე იმსჯელოს. ნორიოს ქუჩაზე კი გვიან ღამით დასრულდა იმ მანქანის დათვალიერება, რომლითაც დაკავებული ქალი ინციდენტის დღეს გადაადგილდებოდა.

პროცესს ადვოკატთან ერთად თამთა ჯანჯღავაც ესწრებოდა. ბრალდებულის უფლებადამცველები გავრცელებულ ვერსიას, რომ მომხდარი შესაძლოა ნარკოტიკულ საშუალებას უკავშირდებოდეს, უარყოფენ. ასევე მათი განცხადებით, ბრალდებული თავს იცავდა და იგერიებდა ირაკლი ნოზაძის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას.


"ფიზიკური ძალადობა დაწყებული იყო დაზარალებულის მხრიდან - ირაკლი ნოზაძემ მანქანაში ჩაარტყა თამთა ჯანჯღავას და არსებობდა ძალადობის განმეორების საშიშროება, თამთა თავს იცავდა" - აცხადებს ადვოკატი ავთანდილ ბუაძე.

თამთა ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარი