სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჩემმა ორი წლის ვაჟმა მე და ჩემი ქალიშვილი ხანძარში დაღუპვას გადაგვარჩინა, მე კი მისი შველა ვერ შევძელი“ - ახალგაზრდა ოჯახის ტრაგედია

ისტორია, რომელიც ამ ოჯახს გადახდა, საკმაოდ მძიმე და სულისშემძვრელია. სახლში, რომელსაც შუა ღამისას ცეცხლი წაეკიდა, დედა მცირეწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობა. ორი წლის დემეტრიუსმა სწორედ იმ დროს გაიღვიძა, როცა მათი საცხოვრებელი ცეცხლში იყო გახვეული და დედისა და დის გაღვიძება გადაწყვიტა. როცა ქალმა ბავშვების გაყვანა მოინდომა ალმოდებული სახლიდან, პატარა დემეტრიუსი ვეღარ იპოვნეს, რადგან შეშინებული იყო და დამალვა ამჯობინა. ცეცხლი კი სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა და დროც აღარ რჩებოდა, ამიტომ დედამ თავისი 5 წლის ქალიშვილის შველა გადაწყვიტა - წერს Daily Mail.

26 წლის უითნი ჯონსონი დღემდე ვერ პატიობს საკუთარ თავს, რომ ვაჟის გადარჩენა ვერ შეძლო. ყოველ დღე ცრემლიანი ეფერება მის ფოტოებს. როგორც თავად იხსენებს, საძინებლიდან ცეცხლმოკიდებულ დერეფანში ისე გაიარა, რომ ორივე ბავშვი ხელში ეჭირა. გასასვლელთან რომ მივიდა, პატარა დემეტრიუსი ჩამოსვა, რათა გასაღებით ჩაკეტილი კარი გაეღო და ამბობს, რომ სწორედ აქ დაუშვა დიდი შეცდომა:

„ჩემს ზურგს უკან ცეცხლი ძლიერდებოდა და გვიახლოვდებოდა, ამის დანახვაზე დემეტრიუსი შეშინდა და ჩემი თვალთახედვის არედან გაუჩინარდა. მისი მოძებნა დავიწყე და ერთი წუთით ისიც კი ვიფიქრე, რომ ყველანი დავიწვებოდით ცეცხლში, რადგან მთლიანად მოგვიცვა ხანძარმა. ორივემ ძლიერი დამწვრობა მივიღეთ. ჩემს გოგოს ხელი დავავლე და გარეთ გამოვედით“.

უითნიმ თავისი გოგონა მეზობლებს მიაწოდა და სახლში შებრუნდა დემეტრიუსის გამოსაყვანად, თუმცა ბიჭუნა იმ დროს თავის საძინებელში იყო აბრუნებული და ეგონა, რომ ცეცხლს ასე დაემალებოდა. ოთახიდან ეძახდა დედას და შველას სთხოვდა, ჯონსონმა კი ვერ მიაღწია საძინებლამდე. როგრც შემდგომ გაირკვა, დემეტრიუსი თავის საწოლში იყო და საბანი ჰქონდა თავზე გადაფარებული. სიკვდილის მიზეზად კი სასუნთქი გზების კვამლისგან მიღებული დამწვრობა დასახელდა.

„დემეტრიუსი ჩემი გმირია, ის რომ არ ყოფილიყო, ახლა ცოცხლები არ ვიქნებოდით. მე და ნილი მან გადაგვარჩინა, მე კი მისი შველა ვერ შევძელი“ - აღნიშნავს უითნი.

ხანძრის შედეგად, უითნის სხეულის 30% დამწვარი ჰქონდა, ხოლო მის ქალიშვილს - 19%. ამ ყველა უბედურებასთან ერთად კი უამრავი ადამიანი ქალს საკუთარი შვილის სიკვდილში ადანაშაულებს და რაც შეეხება გოგონას, მას ეზოში ბავშვები არ ეთამაშებიან, რადგან დამწვრობისგან დარჩენილი შრამები აშინებთ პატარებს.

„სოციალურ ქსელში მომდის წერილები, სადაც მლანძღავენ და მეუბნებიან, რომ ჩემი შვილის ნაცვლად მე უნდა მომკვდარიყავი ცეცხლში, რომ საშინელი დედა ვარ. მერწმუნეთ, ამ წერილების გარეშეც ძალიან ცუდად ვარ და მართლა სიკვდილი მინდა. ეს ადამიანები ჩემს ადგილზე არ ყოფილან და ამიტომ ემარტივებათ ჩემი განსჯა“ - ამბობს უითნი.

ეს ტრაგედია 2015 წლის 20 ნოემბერს მოხდა, თუმცა დროს ახალგაზრდა დედის ტკივილი ჯერ არ გაუნელებია. უითნისა და მისი ქალიშვილის ცხოვრება თავდაყირა დადგა და დღემდე ცდილობენ ცხოვრების ახლიდან დაწყებას, რომელიც ასე რთული აღმოჩნდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100