რესტორანში მიწვეულმა მომღერალმა სუფრის სამი წევრი დაჭრა

რესტორანში, სადაც სისხლიანი დაპირისპირება სამი ადამიანის დაჭრით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამი მამაკაცი რესტორანში დაბადების დღეზე სპეციალურად მიწვეულმა მომღერალმა დაჭრა. იუბილარის მეგობრები მძიმე ჭრილობებით ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან. ერთ-ერთ ახალგაზრდას გადაჭრილი აქვს არტერია, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

დაჭრილის მამა ყვება, რომ ურთიერთშელაპარაკება რესტორანში სცენაზე იუბილარის მეგობრებსა და მიწვეულ მომღერალს შორის სიმღერის შესრულების დროს დაიწყო. ამ დროს მომღერალმა სცენაზევე ერთ-ერთი სტუმარი დაჭრა, რამდენიმე წუთში კი გასაშველებლად მისული კიდევ ერთი ახალგაზრდა დაჭრა.

დაპირისპირებამ მოგვიანებით სცენიდან რესტორნის დარბაზში გადაინაცვლა. მამაკაცი გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც მისი შეჩერება ერთ-ერთმა ახალგაზრდამ სცადა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა მომღერალმა 2 ჭრილობა მასაც მიაყენა. ადგილზე რამდენიმე წუთში სამართალდამცველებიც მივიდნენ და მუსიკოსი ადგილზე დააკავეს.

ბრალდებული მომღერლის ინტერესების დამცველი მხოლოდ იმას აცხადებს, რომ მუსიკოსი წინასწარი დაკავების იზოლატორში სხეულის მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს და ის ნაცემია.

სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზარახ მსუბუქად დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.


წყარო: რუსთავი 2

კომენტარი