კადაფი ამბოხებულებს ისევ დაუსხლტა ხელიდან და ახალი აუდიომიმართვაც გაავრცელა

ლიბიის ლიდერს, მუამარ კადაფის, ქვეყანა არ დაუტოვებია და ისევ ტრიპოლიში იმყოფება. ამის შესახებ ფრანგული ჟურნალი "Paris Match"-ი იუწყება.
გამომცემლობის ინფორმაციით, 24 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე, ამბოხებულების უშიშროების ძალებმა საიმედო წყაროსგან მიიღეს ინფორმაცია, თუ სად იმალებოდა პლოკოვნიკი კადაფი.
სპეცოპერაციის ობიექტი გახდა პატარა სახლი, რომელიც ტრიპოლის ცენტრში მდებარეობდა. "კომანდოსის" შესვლის შემდეგ, კადაფი იქ უკვე არ იმყოფებოდა, თუმცა ამბოხებულებმა აღმოჩინეს დამამტკიცებელი საბუთები, რომ პოლკოვნიკი იქ ნამდვილად იყო.
შეგახსენებთ, რომ ამბოხებულებმა ლიბიის დედაქალაქი ტრიპოლი უკვე დაიკავეს და კადაფის რეზიდენციის თავზე ახალი დროშა აღმართეს. მიუხედავად ამისა, ქვეყნის ლიდერი თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს და პირობას დებს, რომ ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლას სიკვდილამდე გააგრძელებს. ტელეკომპანია „ალ-არაბიამ" ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის აუდიო მიმართვა გაავრცელა. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, პოლკოვნიკმა მშობლიური ქალაქის სიტრას მოსახლეობას მიმართა. კადაფიმ მოუწოდა მოსახლეობას გაანადგურონ ამბოხებულები და გაათავისუფლონ ლიბიის დედაქალაქი."ლიბია ლიბიელებისთვის, და არა ჯაშუშებისა და იმპერიალისტებისთვის, არა საფრანგეთისთვის, არა სარკოზისთვის, არა იტალიისთვის. ტრიპოლი ჩვენია და არა მათი ვისაც ნატოს იმედი აქვს", - განაცხადა კადაფიმ მიმართვაში. შეგახსენებთ, რომ სიტრა ამჟამად ამბოხებულების მთავარი სამიზნეა. ტრიპოლიდან 600 კმ-ით დაშორებულ ქალაქში ცალკეულ ობიექტებზე იერიში ნატოს საჰაერო ძალებმა მიიტანეს. ამის შემდეგ უკვე შეტევაზე ამბოხებულები გადავიდნენ, მაგრამ ქალაქის მოსახლეობა მათ გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევს. შეტაკებები ტრიპოლიშიც გრძელდება, კერძოდ, აბუ-სალიმის რაიონში, რომელიც კადაფის მომხრეების ერთ-ერთ დასაყრდენად ითვლება. ამბოხებულები მთლიანად ლიბიის დედაქალაქსაც ვერ აკონტროლებენ.

კომენტარი