ჰააგის სასამართლომ კადაფისა და მისი ვაჟის დაპატიმრების ორდერი გასცა

ორშაბათს ჰააგის სასამართლომ დააკმაყოფილა ამავე უწყების პროკურორის, ლუის მორენო ოკამპოს მოთხოვნა და გასცა ორდერი მუამორ კადაფისა და მისი ვაჟის, სეიფ ალ–ისლამის დასაპატიმრებლად. გადაწყვეტილება ჰააგაში სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ მიიღო.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილება უკვე მოჰყვა პირველი საერთაშორისო გამოხმაურებები. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჰააგის სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ლიბიელ ხალხს მოუწოდა, შეწყვიტონ კადაფის მხარდაჭერა.

განსხვავებული პოზიცია გამოხატა რუსეთმა. ასე მაგალითად, რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა აფრიკის საკითხებში აღნიშნა: „ორდერის გაცემა არ ნიშნავს იმას, რომ ლიბიის კონფლიქტის პოლიტიკური გზებით მოგვარების შანსი ამოწურულია. ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო ვერდიქტი“.

კომენტარი