ობამამ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში კომპრომისებისკენ მოუწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს ილჰამ ალიევსა და სერჟ სარქისიანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში კომპრომისებისკენ მოუწოდა.

თეთრი სახლის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ბარაქ ობამა ილჰამ ალიევსა და სერჟ სარქისიანს 25 ივნისს კაზანში დაგეგმილი შეხვედრის წინ ტელეფონით ესაუბრა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთად დაადასტურა თეზისები, რომელთა მიხედვით, "დადგა დრო, ყველა მხარემ კონფლიქტთან დაკავშირებით გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას".

ობამამ ორი ქვეყნის ლიდერს რეკომენდაცია მისცა, "შეხვედრის დროს ძირითადი პრინციპები დაასრულონ და მოიწონონ".

"როგორც კი ძირითადი პრინციპები შეთანხმდება, მხარეები ჰელსინკის პრინციპების საფუძველზე საბოლოო დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას შეძლებენ", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ობამას თქმით, "კონფლიქტის გადაჭრისა და აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხისთვის უკეთესი მომავლისთვის ამჟამად საუკეთესო დროა".

"აშშ კი როგორც ორივე ქვეყნის ლიდერების, ასევე მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ რეგიონში უსაფრთხოებისა და აყვავებისთვის მათი მნიშვნელოვანი ძალისხმევის მხარდაჭერას გააგრძელებს" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი