სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში იტალიის გაერთიანების ასორმოცდაათი წლისთავისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

დღეს, 14 ივნისს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდება იტალიის გაერთიანების ასორმოცდაათი წლისთავისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი "გალა იტალია". მანამდე კი, 12:00 საათზე, იტალიის საელჩოში პრესკონფერენცია გაიმართება.

კონცერტი, რომლის ორგანიზატორები არიან ფონდი "იავნანა" და იტალიის საელჩო საქართველოში, მოეწყობა ქ. თბილისის მერიასა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით. ორი ათასამდე მსმენელის წინაშე წარდგებიან იტალიელი მუსიკოსები, რომლებიც გამოეხმაურნენ ქართველი მომღერლის, ფონდ "იავნანას" დამაარსებლის, პაატა ბურჭულაძის მოწოდებას: ანტონელო პალომბი (ტენორი), ჩინცია ფორტე (სოპრანო), ვინჩენცო ვიტელი (ბარიტონი). ორკესტრს უხელმძღვანელებს დირიჟორი ატილიო ტომასელო. იტალიელი მომღერლები შეასრულებენ ცნობილ არიებს ვერდის, დონიცეტის, პუჩინის, ლეონკავალოს და გუნოს ოპერებიდან.

ფონდი "იავნანა" დაარსდა 2004 წელს და დღემდე მისი თაოსნობით ჩატარდა 49 საქველმოქმედო კონცერტი. ამ კონცერტებიდან შესული თანხა მოხმარდა ათასამდე სოციალურად დაუცველ ბავშვს. ფონდის დაარსების დღიდან ფონდი თანამშრომლობს იტალიის საელჩოსთან საქართველოში. 14 ივნისის კონცერტის მიზანია მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

საღამო, რომელიც ეძღვნება იტალიის გაერთიანების ასორმოცდაათ წლისთავს, ერთ-ერთია იმ ინიციატივათა გრძელ სიაში, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ, კერძო სპონსორების მხარდაჭერით ჩატარდა. ეს ინიციატივებია: გამოფენები, კონფერენციები, კონცერტები და ორმხრივი თანამშრომლობის პროექტები, რომელთა შორისაა უძველესი ქართული ხელნაწერის აღდგენა-რესტავრაცია და იტალიელი და ქართველი ექსპერტების ჯგუფის დაფინანსება, რომელიც ახორციელებს მომავალი სასწავლო წლიდან ქართულ სკოლებში იტალიური ენის სწავლებასთან დაკავშირებულ პროექტს, რომელიც ორი ქვეყნის ერთმანეთის კულტურებისადმი ძლიერი ინტერესის დასტურია.

"ხელოვნებისადმი სიყვარული, განსაკუთრებით კი მუსიკისადმი, ისევე, როგორც სოლიდარობა და სოციალური საკითხებისადმი ფაქიზი დამოკიდებულება, წარმოადგენენ იმ ფასეულობებს, რომელსაც ქართველი და იტალიელი ერები იზიარებენ, სწორედ ამიტომ იტალიის საელჩომ ფონდ "იავნანასთან" ერთად გადაწყვიტა იტალიის გაერთიანების ასორმოცდაათი წლისთავის აღსანიშნავად თბილისში კონცერტის ორგანიზება, რომელიც ჩატარდება სოციალური პროქტების მხარდასაჭერად. ეს იქნება იმ კავშირების კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს. ჩემი მისიის დასასრულს, ოთხი დაუვიწყარი წლის შემდეგ, სწორედ ამ სულისკვეთებით მინდა ვუსურვო კეთილდღეობა და მშვიდობა ქართველ ერს", - განაცხადა იტალიის ელჩმა ვიტორიო სანდალიმ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100