სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს

სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრები ყვავილებით, ფოთლებითა და აყვავებული ტოტებით ირთვება, ძირს კი ბალახი ეფინება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

წირვის შემდეგ მუხლმოდრეკის ლოცვები წაიკითხება, რომლის დროსაც აღდგომის დღესასწაულის შემდეგ პირველად იყრიან მუხლს.

სულთმოფენობის დღესასწაული 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

სახარების თანახმად, ამაღლების შემდეგ იესოს მოწაფეები იერუსალიმში დაბრუნდნენ. ისინი დაპირებულ ნუგეშისცემას - სულიწმინდას მოვლინებას ერთად ელოდებოდნენ. ამაღლებიდან მეათე დღეს იერუსალიმში მოულოდნელად უცნაური ქარი ამოვარდა, ციდან ღვთაებრივი ცეცხლი გარდმოვიდა და მოწაფეებს თავზე ცეცხლის ენების სახით დაადგა.

მოწაფეებმა, რომლებიც მანამდე ებრაელებთან შეხვედრას ერიდებოდნენ, სხვადასხვა ენაზე ქადაგება საოცარი ძალით დაიწყეს.

სულიწმინდის მადლი ქრისტეს 12 მოწაფეზე გარდმოვიდა. უკვე პირველივე დღეს წმინდა პეტრე მოციქულის პირველმა ქადაგებამ 3000 ადამიანი მოაქცია.

სულთმოფენობა მოძრავი დღესასწაულია და უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100