ბურჯანაძე ადასტურებს, რომ 26 მაისს მისი მეუღლე გუბაზ სანიკიძემ წაიყვანა

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ადასტურებს, რომ 26 მაისის ღამეს მისი მეუღლე ბადრი ბიწაძე "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ წაიყვანა.

როგორც ოპოზიციონერმა ლიდერმა განაცხადა, 26 მაისის შემდეგ ორი დღის განმავლობაში მისი მეუღლე ბოლნისში, ბურჯანაძის მამიდასთან იმყოფებოდა, თუმცა ახლა ის იქ აღარ არის.

"მინდა, გუბაზ სანიკიძეს მადლობა გადავუხადო ადამიანური თანადგომისთვის, რომელიც მან 26 მაისს გამოიჩინა. მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ჩვენ ოჯახებით ძალიან ახლოს ვართ და კარგი ადმიანური ურთიერთობები გვაკავშირებს", - განაცხადა ბურჯანაძემ, რომელიც ბიწაძის ამჟამინდელ ადგილსმაყოფელს არ ახმაურებს, თუმცა აცხადებს, რომ ის მოსკოვში ნამდვილად არ არის.

"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთ ლიდერის გუბაზ სანიკიძის მტკიცებით კი, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე 26 მაისს დმანისის რაიონის ერთ-ერთ ტყეში მარტო იყო დატოვებული.

როგორც სანიკიძემ დღეს გაზეთ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, ბიწაძე დმანისის რაიონიდან ბოლნისამდე სწორედ მან ჩაიყვანა.

"26 მაისს, გამთენიისას მე იმის ამსახველ კადრებს ვუყურე, როგორ წაართვეს ნინო ბურჯანაძეს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან შვილი. გამომდინარე იქიდან, რომ ბურჯანაძესთან ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოყოლებული, მეგობრობა გვაკავშირებს, საჭიროდ ჩავთვალე, მასთან მივსულიყავი და თანადგომა გამომეცხადებინა. მივედი მასთან სახლში. იმ დროს მისი ვაჟი ანზორ ბიწაძე უკვე სახლში იყო. როგორც ჩანს, სამართალდამცველებმა იგი მალევე გაათავისუფლეს. ნინო ბურჯანაძემ მითხრა, რომ ჰქონდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბადრი ბიწაძე ქვემო ქართლის ერთ-ერთ ტყეში სრულიად მარტო იმყოფებოდა. გადაწყდა, ბიწაძის იქიდან წამოსაყვანად მე წავსულიყავი. ბიწაძის მოძებნა ჩემთვის ბურჯანაძეს არ უთხოვია, ეს თავად გადავწყვიტე. ვიცოდი ბიწაძის მიახლოებითი ადგილსამყოფელი. უკვე თენდებოდა, როდესაც ტყეში დიდი ხნის ძებნის შემდეგ ვიპოვე. ბიწაძე ნაცემი არ ყოფილა და ეს მანაც დამიდასტურა. მანქანაში მე და ბიწაძეს ბევრი არ გვილაპარაკია, რადგან იგი სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. როგორც მისი საუბრიდან გავიგე, მან თბილისი 26 მაისს მეგობრებთან ერთად თავისი ინიციატივით დატოვა, თუმცა შემდეგ ისინი სამართალდამცველებმა გააჩერეს. მანქანა და მისი მეგობრები თან წაიყვანეს, ხოლო ბიწაძე ტყეში დატოვეს", - განაცხადა სანიკიძემ და დასძინა, რომ მას ბიწაძე თბილისამდე არ ჩამოუყვანია.

"მან თავად მითხრა, რომ ბოლნისში დარჩენა სურდა და ასეც მოვიქეცით. იგი ბოლნისში ჩავიდა. ამის შემდეგ მე მის შესახებ არაფერი მსმენია. ამ საკითხთან დაკავშირებით არც ნინო ბურჯანაძესთან მისაუბრია", - ამტკიცებს სანიკიძე.

ოპოზიცინერი ლიდერიოს მტკიცებით, იგი ასევე არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, ვისთან შესახვედრად დარჩა ბიწაძე ბოლნისში.

კომენტარი

×