სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შოთა უტიაშვილი: "პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციის არცერთი ორგანიზატორი ამ დროისთვის დაკავებული არ არის"

შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის შეფის შოთა უტიაშვილის განცხადებით, პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციის არცერთი ორგანიზატორი ამ დროისთვის დაკავებული არ არის.

ამასთან, როგორც რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე უტიაშვილმა განაცხადა, "შს სამინისტროს ხელთ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორგანიზატორთა ნაწილი საქართველოს ხელისუფლების მასობრივი არეულობის გზით შეცვლას გეგმავდა და უწყება შესაბამის მტკიცებულებებს უახლოეს საათებში წარმოადგენს".

გარდა ამისა, მისი თქმით, აქციის დარბევის დროს რუსთაველის გამზირიდან დიდი სისწრაფით გამავალი ავტოკორტეჟის მიერ ორი მოქალაქის გატანის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

რაც შეეხება დაკავებულ პირებს, უტიაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია 90-მდე მოქალაქე, რომელთა ნაწილს სასამართლომ 2 თვემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა უკვე შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ წუხელ, დაახლოებით 00:25 სთ-ზე სამართალდამცველებმა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ერთი მომიტინგე და ერთი პოლიციელი დაღუპულია, კიდევ 37 მოქალაქე – დაშავებული, მათ შორის – 8 პოლიციელი, ერთი ქალბატონი და ერთი ჟურნალისტი.

არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება დარბევის შედეგად დაშავებული 50-მდე ადამიანი, მათ შორის - გიორგი გაჩეჩილაძე ("უცნობი") და ბიძინა გეგიძე.

რაც შეეხება აქციის შემდეგ გაუჩინარებულ ოპოზიციონერ ლიდერებს, ლევან გაჩეჩილაძის ადგილსამყოფელი "ქართული პარტიის" პრეს-სამსახურმა მხოლოდ დღეს დილით დაადგინა, ირაკლი ბათიაშვილი, დიმა ჯაიანი, გოგი ქავთარაძე, ზაზა პაპუაშვილი, გია ბურჯანაძე და სხვები კი ამ დრომდე არ ჩანან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100