სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სენაკის სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსი სამსახურიდან დაითხოვეს

ციხისძირში მომხდარი ინცინდენტის გამო თავდაცვის მინისტრმა სენაკის სამხედრო პოლიციის უფროსი და რამდენიმე სამხედრო პირი სამსახურიდან დაითხოვა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
"ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა სამხედრო მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედება ჩაიდინეს. რის გამოც, ინცინდენტში მონაწილე სამი სამხედრო პოლიციელი თავდაცვის მინისტრის ბრძანებით სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილია. სენაკის სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსი, რომელმაც ვერ უზრუნველყო მის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო პოლიციელების დისციპლინა, გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. მითუმეტეს, კანონის დაცვა ევალება მას, ვისაც სამხედრო ფორმა აცვია", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მცხოვრებ რამდენიმე ადამიანს წუხელ სენაკის სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც ბათუმის პროკურორის მოადგილე ზაზა მეტონიძემ განაცხადა, გამოძიება დაიწყო 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, ფიზიკური დაზიანების ფაქტზე.
მეტონიძემ განმარტა, რომ სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა ციხისძირში მცხოვრებ რამდენიმე ადამიანს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც სამეგრელოს მიმართულებით წავიდნენ.
"გამოძიება ჩვენ დავიწყეთ ფიზიკური დაზიანების ფაქტზე, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით. სენაკის სამხედრო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ციხისძირში ერთ-ერთი თანამშრომლის ნათესავის სახლში, სადაც რამდენიმე წუთი გაჩერდნენ და წამოვიდნენ. მანქანაში იმ სოფლის მკვიდრი ორი მოქალაქე ეჯდათ, რომლებმაც სახლი მიასწავლეს. სამხედროებმა გზაში გააჩერეს მანქანა, ამ პირებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გასროლებიც მოხდა. ამ ინციდენტის შემდეგ, გზაში მეუღლესთან ერთად მომავალ ადამიანს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ასევე, შეურაცხყოფა რელიგიური კუთხით. გარდა ამისა, გაჩხრიკეს ერთ-ერთ მოქალაქის მანქანა და წავიდნენ სამეგრელოს მიმართულებით", - აღნიშნა ზაზა მეტონიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100