ამ დროისთვის თბილისში: „ავლაბართან“ შეკრებილებს შორის ნასვამი მამაკაცები სჭარბობენ

თბილისის სხვადასხვა უბნებში უკვე დაიწყეს შეკრება „სახალხო პარტიის“ მხარდამჭერებმა, რომელთა თბილისში გადმოყვანა რეგიონალურმა „წინააღმდეგობის კომიტეტებმა“ უზრუნველყვეს. მეტროსადგურ „ავლაბრთან“ იკრიბებიან „სახალხო პარტიის“ აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებიდან. იქ მისული ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ თავშეყრილთა შორის არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი, სავარაუდოდ, ნასვამი მამაკაცები სჭარბობენ, რომლებიც აგრესიით გამოირჩევიან ჟურნალისტების იმ კატეგორიის მიმართ, რომელთა შეკითხვები არ მოსწონთ.

მაგრამ არსებობს ჟურნალისტთა „პრივილეგირებული“ ჯგუფიც, რომელთაც მუშაობაში ხელს არ უშლიან. თავშეყრილები მას–მედიის წარმომადგენლებს „თავისიანებად“ და „მიშას მომხრეებად“ – მათივე შეხედულების მიხედვით ჰყოფენ და შეკითხვებზე პასუხებსაც წინასწარ ჩამოყალიბებული წარმოდგენების მიხედვით იძლევიან. მეტრო „ავლაბართან“ შეკრებილებს შორის, ძირითადად, შუახანს გადაცილებული და ხანშიშესული ადამიანები სჭარბობენ.

რუსთაველის გამზირზე ავტომანქანები შეუფერხებლად მოძრაობენ, თუმცა, გამზირი დილიდან დაიკეტა სამგზავრო, ყვითელი ავტობუსებისთვის – მერიის გადაწყვეტილებით, ისინი შემოვლითი მარშრუტებით იმოძრავებენ. რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალოვანთა განსაკუთრებული სიმრავლე არ შეინიშნება. გამონაკლისი მხოლოდ ჩიტაძის ქუჩაა, სადაც პოლიციის ახალი განყოფილება მდებარეობს.

დღეს ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს საქართველოს პარლამენტი. დეპუტატებთან ერთად ჩვეული რეჟიმი აქვთ სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებსაც. როგორც ჩვენი კორესპონდენტები იტყობინებიან, არანაირი დამატებითი კონტიგენტი პარლამენტის შენობის დასაცავად გამოყოფილი არ არის და დაცვის როგორც განრიგი, ასევე თანამშრომელთა რაოდენობა არანაირად არ განსხვავდება ადრინდელი, ჩვეულებრივი სამუშაო დღეებისაგან, თუმცა პარლამენტში დაახლოებით 12 საათისთვის დეპუტატები ჯერაც არ იყვნენ მისული და პარლამენტის შენობაში არავის უშვებენ.

კომენტარი