ანდერს ფოგ რასმუსენის წერილი მიხეილ სააკაშვილს

მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ანდერს ფოგ რასმუსენის წერილი განთავსდა. ერილს უცვლელად გთავაზობთ.

ბატონო პრეზიდენტო,

სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა კიდევ ერთხელ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტისას საქართველოში. ნება მიბოძეთ, მადლობა გადაგიხადოთ იმ მასპინძლობისა და მეგობრობისთვის, რომელიც საბჭოს მიმართ თბილისში გამოიჩინეთ.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ღია და პირდაპირი დისკუსიისთვის, რომელიც ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გვქონდა. ნება მიბოძეთ დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს მოკავშირეები კვლავაც ყურადღებით დააკვირდებიან, რადგან ქვეყანა წელს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება.

ასევე, მინდა მადლიერება გამოვხატო საქართველოს მიმართ იმისთვის, რომ ერთგულად უჭერს მხარს აისაფის ოპერაციაში მონაწილეობის გაგრძელებას, ასევე თქვენი ვალდებულებისთვის იმ როლის მიმართ, რომლის ერთგულიცაა საქართველო ნატო-ს საწვრთნელ და დამხმარე მისიაში 2014 წლის შემდეგ. აისაფში თქვენი განსაკუთრებული როლი აჩვენებს, რომ საქართველო ღირებული კონტრიბუტორია ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

საბოლოოდ, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო პირადად თქვენი როლი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლის საქმეში. ქვეყნის შიგნით და გარეთ თქვენი დაუღალავი ძალისხმევის შედეგად შეძელით ქვეყანა ახლოს მიგეყვანათ იმ ადგილთან, რომელიც მას ეკუთვნის - ევროატლანტიკური საზოგადოების შუაგულში.

ბატონო პრეზიდენტო, საბჭოსა და ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას საქართველოში ჩვენი დახვედრისთვის და წარმატებას გისურვებთ იმ მნიშვნელოვან პერიოდში, რომელიც ქვეყანას წინ აქვს.

პატივისცემით,

ანდერს ფოგ რასმუსენი

კომენტარი