ოლიმპიური ფესტივალისთვის თბილისთან ოლიმპიური სოფელი აშენდება

კვირის პალიტრის“ მასალები


ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალი 2015 წელს თბილისში გაიმართება. წინასწარ ცნობილია, რომ ოლიმპიადის ფარგლებში 10-12 ათასი სტუმარი ჩამოვა.

მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის მერაბ ჩიქობავას განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს პროექტირება და ღონისძიების მასპინძლობის სავარაუდო ღირებულებაც პროექტირების დასრულებისას გაირკვევა.

თბილისში 24 მაისს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტს ელიან. სწორედ მისი თანდასწრებით უნდა გამართოს ქართულმა მხარემ პროექტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია.

მერიაში ამბობენ, რომ ზოგადად, თბილისის ზღვის შემოგარენში ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმაში 2015 წლის თამაშებისთვის ოლიმპიური სოფლის მშენებლობაც შედის. ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კი ეს კოტეჯები შესაძლოა კერძო ინვესტორს გადაეცეს.

„ერთადერთი, რაც ამ ეტაპისთვის ვიცით, ისაა, რომ ასაშენებელი გვექნება უნივერსალური დარბაზი, სადაც გაიმართება სპორტულ ტანვარჯიშში შეჯიბრება. რაც შეეხება სტადიონებს, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი აკმაყოფილებს სტანდარტებს. სათადარიგო სტადიონი „ნორჩი დინამოელი“ იქნება. 2015 წლისთვის ამ მოედნებს გარკვეული მომზადება მაინც დასჭირდებათ,“ – აცხადებს ჩიქობავა.

შარშან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას მიმართა, რათა თბილისში 2012 ან 2013 წელს გაიმართოს ევროპის ლიგის ფინალი. თუმცა უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ თბილისში სტუმრობისას დედაქალაქის ინფრასტრუქტურა დაიწუნა. მაშინ ქალაქის მერმა პლატინის შენიშვნა მიიღო, თუმცა იმედოვნებს, რომ ხარვეზების გამოსწორება შესაძლებელია.

„ეს არის აეროპორტის გამტარიანობა, სასტუმროები და სპორტული მოედნები. სპორტული მოედნები გაკეთდება. აეროპორტის თვალსაზრისითაც მიღწევადია ეს საკითხი, რადგან თბილისის აეროპორტს საკმაო რესურსი გააჩნია ამისთვის. გადასაწყვეტია მთავარი საკითხი - სასტუმროები. ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა და კიდევ ბევრია გასაკეთებელი“, - განაცხადა მაშინ გიგი უგულავამ.

რაც შეეხება 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიადას, დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა სრულიად აკმაყოფილებს იმ მასშტაბებს, რაც ამ ღონისძიებას სჭირდება.

„ეს უფრო გასართობ-შემეცნებითი მოვლენაა. ჩვენთან ინფრასტრუქტურა ვითარდება, თან გამოცდილებას შევიძენთ, ასევე ამდენი ტურისტი ჩამოდის, რომელთა დიდ ნაწილს საქართველოს არსებობაც არ გაეგონათ,“ - ამბობს მერაბ ჩიქობავა.

კომენტარი