ბურჯანაძის უარი და განაწყენებული გაჩეჩილაძე

ამერიკის საელჩოსთან გამართული კიდევ ერთი წარუმატებელი საპროტესტო აქციის შემდეგ „ქართულმა პარტიამ“ მხარდამჭერების ძიება კოლეგა ოპოზიციურ პარტიებში განაგრძო. სოზარ სუბარის განცხადებით, მისი თანამოაზრეები მზად არიან 21 მაისის გადაწყვეტილებების ფარგლებში „სახალხო კრებასთან“ ნებისმიერი ფორმით აწარმოონ მოლაპარაკებები. თანამშრომლობის ოფიციალური სურვილი ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ეროსი კიწმარიშვილმაც გამოხატა.

ლევან გაჩეჩილაძე მიუნხენის აეროპორტში მომხდარი ინცინდენტის მიუხედავად ბიწაძე–ბურჯანაძის გარემოცვაში გაწევრიანებას მაინც დაჟინებით ცდილობს. „ქართული პარტიის“ ლიდერმა, როგორც ჩანს, ნინო ბურჯანაძის ის ბრალდებებიც წარსულს მიაბარა, რომლის მიხედვით ლევან გაჩეჩილაძემ ხელისუფლებისგან 12 მილიონი ლარი აიღო. თუმცა ეს ერთადერთი შავი ლაქა არ ყოფილა, რომელიც ბურჯანაძე–გაჩეჩილაძის პოლიტიკურ დუეტს საფრთხეს უქმნის. ბადრი ბიწაძეს, ალბათ, კარგად ახსოვს წყნეთის აგარაკზე მის საგინებლად მისული ლევან გაჩეჩილაძე. მომხდართან დაკავშირებით „ქართული პარტიის“ ლიდერს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა თანაგუნდელმა სოზარ სუბარმა მედიასთან წყნეთის შემთხვევა არც უარყო და არც დაადასტურა.

ბადრი ბიწაძის მიერ კაცური საქმეების გასარჩევად ოპონენტის რინგზე გამოწვევა და პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც ერთი ადგილი არ აქვს – როგორც ჩანს ინცინდენტების ეს ჩამონათვალი მიუნხენის აეროპორტში მომხდარ შეხლა–შემოხლასთან ერთად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ბურჯანაძე–გაჩეჩილაძის ტანდემისათვის ხელი შეეშალა.

„ქართული პარტიის“ შემოთავაზებას „სახალხო კრებამ“ დღეს უპასუხა. ნონა გაფრინდაშვილმა და ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ 21 მაისამდე მხოლოდ სამი დღე დარჩა და მოლაპარაკებების დრო აღარ არის. „სახალხო კრება“ „ქართულ პარტიას“ აქციაში მონაწილეობის უფლებას აძლევს, მაგრამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობას კატეგორიულად უკრძალავს.

თანამოაზრეებთან შედარებით, ბევრად უფრო კრიტიკული იყო გია ბურჯანაძე. მისი განცხადებით, „ქართული პარტია“ ოფიციალურად „სახალხო კრებას“ არ დაკავშირებია და მედიით გავრცელებულ განცხადებებზე პოლიტიკურ გაერთიანებაში სერიოზული კომენტარი არ გაკეთდებოდა.

„სახალხო კრების“ პასუხმა ლევან გაჩეჩილაძე და მის თანაგუნდელები იმდენად გაანაწყენა, რომ პასუხის პასუხს „ქართულმა პარტიამ“ დუმილი ამჯობინა. პარტიის ოფისში ორჯერ მოწვეულ ბრიფინგზე ლიდერებმა „სახალხო კრებასთან“ კონსულტაციების შესახებ ჟურნალისტების არცერთ შეკითხვას არ უპასუხეს.

პოლიტიკურმა ექსპერტებმა „ქართული პარტიის“ განცხადება დილეტანტურ პოლიტიკურ ნაბიჯად მიიჩნიეს. როგორც სოსო ცინცაძე ამბობს, მოკავშირეს მხოლოდ ის პოლიტიკური პარტია ეძებს, ვინც საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ არის. პოლიტოლოგის აზრით, ნინო ბურჯანაძეს ქართულ პარტიასთან კავშირი კარგს არაფერს მოუტანს. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ თუ რომელიმე პარტიას პოლიტიკური ჰიგიენის გრძნობა გააჩნია, ქართული პარტიის განცხადების შემდეგ ამ პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანებას აღარ მოინდომებს.

პოლიტოლოგი იმასაც ამბობს, რომ ქართულ პარტიას ბოლოდროინდელი განცხადებების შემდეგ ყველა კოლეგა როგორც კეთროვანს ისე გაურბის. თუმცა ჯერ კიდევ რჩებიან საქართველოში დავით აქუბარდიასა და მისი თანამოაზრეების მსგავსი მოქალაქეები, რომლებიც ოპოზიციას იმედით შეყურებენ და ისევ რევოლუციის მოლოდინიში არიან. პოლიტიკური ექსპერტი აცხადებს, რომ მათთვის რევოლუცია საქართველოში კიდევ დიდხანს დარჩება ბროლის ოცნებად.

დადგება თუ არა ლევან გაჩეჩილაძის პარტია სახალხო კრების გვერდით და გაერთიანდება თუ არა ორი პოლიტიკური ძალა რუსული ფრთის ქვეშ, რთული სათქმელია. როგორც ექსპერტები ამბობენ, ქართული პარტიის შემოთავაზება კონსულტაციების თაობაზე უკვე დაგვიანებულია.

http://itv.ge/?m=16&CID=15849


კომენტარი