“ქართული პარტიის“ რუსული თამაშები

პრორუსული „ქართული პარტიის“ მცირერიცხოვანი აქციების მარათონის მორიგი ეტაპი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან გაგრძელდა. ფერადი პლაკატებითა და ტრანსფარანტებით შეიარაღებულმა ანტიამერიკულმა ძალამ დასავლეთისგან ხელისუფლების მხარდაჭერის შეწყვეტა კიდევ ერთხელ მოითხოვა. პარტიის ლიდერებმა ბარაკ ობამას სახელზე მიმართვის ტექსტიც მოამზადეს, „ქართული პარტია“ თავის მოთხოვნებს ამერიკის პრეზიდენტს წერილობითაც გაუგზავნის.

თანამოაზრეებისგან განსხვავებით, ლევან გაჩეჩილაძეს აქციაზე მისული მხარდამჭერებისათვის სიტყვით არ მიუმართავს, სავარაუდოდ, გაჩეჩილაძე მომიტინგეთა სიმცირის გამო დარჩა უკმაყოფილო. პოლიტიკური ლიდერი საელჩოსთან შეკრებილების ბოლო რიგებს ამაგრებდა. „აიტივისთან“ შეკრების მიზეზებზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა შეკითხვას, გაერთიანდება თუ არა ბურჯანაძის ალიანსში ხელისუფლების შესაცვლელად, პირდაპირ არ უპასუხა.

აქციაზე მისულ 500-მდე მომიტინგეს მოგვიანებით სახემოხატული ახალგაზრდების ჯგუფი შეუერთდა. მანიფესტანტები დაბნეულები გადაადგილდებოდნენ და აქციაზე მისვლის მიზეზს ერთმანეთს ეკითხებოდნენ. მაგალითად, ამ გოგონამ მეგობრისგან სულ ახლახან გაიგო, რომ ამერიკისაგან ხელისუფლების მხარდაჭერის შეწყვეტას მოითხოვდა...

ამერიკის საელჩოსთან გამართულ აქციამდე „ქართული პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა ჟურნალისტებს დაგეგმილი შეკრების მიზნები განუმარტა და შესაძლო ინციდენტები წინასწარვე საქართველოს ხელისფლებას მიაწერა. ეროსი კიწმარიშვილი ბრიფინგზე არც სხვა ოპოზიციური პარტიების კრიტიკას მორიდებია.

„ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერ ვალერი კვარაცხელიას მან მარგინალი უწოდა და აქციაზე მისვლა კატეგორიულად აუკრძალა.

ვალერი კვარაცხელიამ „ქართულ პარტიას“ კრიტიკული პასუხი საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე დაუბრუნა. „ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძის პარტიას პოლიტიკას ამოფარებულ თაღლითთა გუნდი უწოდა, რომელიც დაფინანსების საშოვნელად ძაღლის ყნოსვით დაძრწის.

„ქართული პარტიის“ დღევანდელ აქციას ოპოზიციურ სპექტრში მწვავე შეფასებები მოჰყვა. „ჩემი საქართველოს“ ლიდერებმა კოლეგებს ურჩიეს, რომ მაშინ როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, დემონსტრაციები დეოკუპაციის მიზნით უნდა იმართებოდეს. კრიტიკული იყო ეროდნულ–დემოკრატიული პარტიის განცხადებაც. გურამ ჩახვაძე დარწმუნებულია, რომ ქართველი „რევოლუციონერები“ ანტიდასავლური პოლიტიკის პროპაგანდას ეწევიან და რუსული სპეცსამსახურების დაკვეთას ასრულებენ.

ამერიკის საელჩოს წინ გამართული აქციის შეფასებისას საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციის ნაწილს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველოსთვის მთავარი საფრთხე ოკუპანტი რუსეთია. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ კი „ქართული პარტიის“ საპროტესტო აქცია უმადურობად შეაფასა, ვინაიდან, მისი თქმით, ამერიკული ფული არა ხელისუფლებას, არამედ საზოგადოებას მოხმარდა

„ქართული პარტიის“ პრორუსული და ანტიამერიკული აქცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული პარტია“ მორიგი აქციის თარიღის დასახელებას 16 მაისს გეგმავდა, მხარდამჭერებისათვის მომდევნო შეკრების შესახებ არაფერი უცნობებია.


კომენტარი