ქალებო, უფრთხილდით მოდურ, დიდ ხელჩანთებს...

უკანასკნელ წლებში ქალები ხშირად მიმართავენ ექიმებს ჩივილებით თავის ტკივილებზე და დისკომფორტზე კისრის არეში. თავიდან ექიმებს აკვირვებდა ეს გარემოებები, რადგან ხსენებულ მანდილოსნებს არ აღენიშნებოდათ გადამეტებული ფიზიკური დატვირთვები და არ ჰქონდათ მძიმე სტრესი გადატანილი. მერეღა გაირკვა მიზეზი – აღმოჩნდა, რომ ყველაფერი მოდაში შემოსული მოცულობითი ხელჩანთების ბრალი იყო!

ასეთი ხელჩანთებით, პირველ ყოვლისა, ზიანდება ხერხემალი. მხარი, რომელზეც ჩანთაა გადაკიდებული, თავისდაუნებურად იწევს მაღლა, იმატებს დატვირთვა შესაბამის მხრის სახსარში და ხერხემლის დისკზე. ამან, დროთა განმავლობაში, შეიძლება გამოიწვიოს სქოლიოზი ან ოსტეოქონდროზი, რასაც არ არის გამორიცხული, დაერთოს ტკივილები კუნთებშიც. რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ თავის ტკივილს, ეს მოვლენა დაკავშირებულია იმასთან, რომ მოდური მძიმე ჩანთების სახელურები მხარზე ძალუმად აჭერენ ტვინის მკვებავ სისხლძარღვებს და ნერვებს, რომლებიც კისერში არიან განლაგებულნი.

მოკლესახელურიან ყოველდღიურ ხელჩანთებს შორის, ბოლო ხანებში, პოპულარულია მათი ტარება მოხრილ იდაყვზე ჩამოკიდებით – ეს პოზა მოდურია და გალანტური, მაგრამ სამედიცინო კუთხით ამდენადვე სახიფათო – წინამხარზე მრავლადაა სისხლძარღვები, რომლებიც კანთან ახლოსაა განლაგებული ( გახსოვთ ალბათ, ვენიდან სისხლს სწორედ იდაყვის მოხრის ადგილიდან იღებენ); საკმარისია მოდური ხელჩანთის ზედმეტი დატვირთვა, რომ მისი სახელურები შეაფერხებენ სისხლის ნორმალურ მოძრაობას. ჯანმრთელ ქალბატონებში ეს იწვევს ხელში დაბუჟების ან ჩხვლეტის უსიამოვნო შეგრძნებებს, რაც მალევე გაივლის, ჩანთისაგან ხელის განთავისუფლებისთანავე; მაგრამ, თუ ადამიანს აქვს პრობლემები გულის მხრივ, შედეგი შეიძლება იყოს უფრო არასასიამოვნო –გულის წასვლიდან ჰიპერტონიულ კრიზამდე.

ამდენად, ექიმების წინაშე დადგა რეკომენდაციების საკითხი და ისინიც, ჩანთის მოხერხებულად ტარებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების თვალსაზრისით, დიდი ჩანთებიდან ქალებს სთავაზობენ რუკზაკს (სადაც დატვირთვა ერთდროულად მოდის ორივე მხარზე), ან დიაგონალურად სატარებელ ჩანთებს (დატვირთვა თანაბრად ნაწილდება მხარსა და ტორსზე); ხოლო პატარა ყოველდღიური ხელჩანთებიდან – კლასიკურ, მხარზე გადასაკიდი ჩანთის მოდელს.

წყარო


კომენტარი