მამა დავითი: "ზვიადი მთაწმინდაზე არაა დასაფლავებული, ვიღაც ჩამოასვენეს და არც იციან ვინაა..."

ოთხმა წელმა განვლო მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ნეშტი ჩეჩნეთიდან საქართველოში გადმოასვენეს და მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 3 მარტს ჩეჩნეთის ახლადდანიშნულმა პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ გამსახურდიას საფლავი, ომების პერიოდში გროზნოში დაკარგული, ქალაქის ცენტრში იპოვეს. ზვიად გამსახურდიას ნეშტის იდენტურობა დაადასტურეს რუსმა ექსპერტებმა დონის როსტოვში. მიუხედავად ამისა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნეშტის ადგილსამყოფელი განხილვის საგნად იქცა. ზვიად გამსახურდიას მოძღვარს, მამა დავითს (კონსტანტინე კოღუაშვილი) დონის როსტოვში გაკეთებული დასკვნის არ სჯერა და აცხადებს, რომ ზვიადის ნეშტი დღესაც ჩეჩნეთის მიწაში განისვენებს.
"დრონი.ჯი: ამ თემასთან დაკავშირებით მამა დავითს ესაუბრა:


"დრონი.ჯი": თქვენ ამბობთ, რომ ზვიად გამსახურდიას ნეშტი ჯერაც იჩქერიის მიწაში განისვენებს. თუ გაქვთ ამის დამამტკიცებელი დოკუმენტი?

– ამის დამამტკიცებელი არანაირი იურიდიული დოკუმენტი არა მაქვს, მაგრამ ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ზვიადი მთაწმინდაზე არ არის დასაფლავებული. ზვიადის საფლავი ისევე იყო გასაიდუმლოებული, როგორც ჩეჩნეთის პრეზიდენტ ჯოხარ დუდაევის. იჩქერიაში ომი ჯერაც მიმდინარეობს, ამიტომ ჯოხარის საფლავი ჯერ არ გამოჩენილა და არც ზვიადის საფლავი აღმოუჩენიათ.

ვინც იცოდა სად იყო ზვიად გამსახურდიას საფლავი და გათქვა, იმას აუცილებლად ეცოდინებოდა ჯოხარის საფლავიც. ზვიადის საფლავი თუ გამოჩნდა, მაშ, რატომ არ ჩანს ჯოხარის საფლავი? იმიტომ, რომ არცერთის არ არის ცნობილი. – მაშინ ვისი ცხედარი გადმოასვენეს და დაკრძალეს მთაწმინდაზე? ვიღაც ჩამოასვენეს და არც იციან ვინ არის. ეს ძალიან წააგავს უცნობი ჯარისკაცის საფლავს.

თუ ასეა, როდის მოხდება ზვიადის ცხედრის გადმოსვენება?

– როდესაც ჩვენი ერი ამას დაიმსახურებს. უფალს რომ სდომოდა ზვიადის საქართველოში ყოფნა, აქ ორჯერ იყო დაკრძალული, მაგრამ ინება იჩქერიაში გადასვენებულიყო.

მთაწმინდაზე დაკრძალულ ცხედარს როსტოვში ექსპერტიზა ჩაუტარდა. დადგინდა, რომ ცხედარს თავში ზვიადის მსგავსად გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა. ამას როგორ ახსნით?

– ხომ გეუბნებით, ის არ იყო ზვიადის ნეშტი და რომც ყოფილიყო, როსტოვში რატომ ჩატარდა ეს ექსპერტიზა? თავად რუსეთის ხელშეწყობით მოხდა ზვიადის განდევნა და მკვლელობა და შენ მკვლელს ატარებინებ ექსპერტიზას?! ის, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ გეტყვის. რამდენადაც მე ვიცი, როდესაც ზვიად გამსახურდია ჩაასვენეს გროზნოში, ჯოხარმა იქ ინგლისელი სამედიცინო ექსპერტი ჩამოიყვანა. მაშინ ექსპერტიზის ჩატარების კატეგორიული წინააღმდეგი წავიდნენ სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც აღნიშნული ნეშტი ჩამოასვენეს და ექსპერტიზა ჩაუტარეს. როცა საჭირო იყო, მაშინ ექსპერტიზის წინააღმდეგი იყვნენ, 17 წლის შემდეგ კი ექსპერტიზას რა აზრი აქვს. ამ დროის განმავლობაში სხეული მიწას შეუერთდა, რაღას უტარებ ექსპერტიზას, რა უნდა გამოიკვლიო?!

მამა დავით, ადამიანებში ვის გულისხმობთ, ზვიადის ოჯახის წევრებს?

– მე არავის არ ვგულისხმობ. თვითონ მიხვდებიან ვისზეც ვამბობ.

ქალბატონი მანანა არჩვაძე გამსახურდია თქვენზე ამბობს, რომ შეურაცხადი და ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი ხართ...

– თუ ქალბატონი მანანა არის ექსპერტი, ფსიქიატრი და ისე, რომ თვალითაც არ ვუნახივარ, დიაგნოზს მისვამს, მაშინ ის ნობელის პრემიის ღირსი ყოფილა. მე ქალბატონ მანანას არ ვეკამათები.

ის ასევე აცხადებს, რომ თითქოს თქვენ ზვიადის მოძღვარი არ იყავით და მიცვალებულისთვის წესი არ აგიგიათ. ეს ინფორმაცია სიმართლეს რამდენად შეესაბამება?

– ერთადერთი მოძღვარი, ვინც მიცვალებულ პრეზიდენტს წესი აუგო, მე ვიყავი. იქ ასევე იმყოფებოდა მეუფე ამბროსი ქათამაძეც, მაგრამ მას წესის აგებაში მონაწილეობა არ მიუღია. ეს იცის უფალმა, ზვიადის სულმა და თვითონ იმ ქალბატონმაც, ვინც ამას აცხადებს. თვითონ არ უყურებდა რას აკეთებდა იქ მამა დავითი, ლოცულობდა თუ ისე იდგა?

რატომ ამბობს მაშინ ასეთ ტყუილს?

– ეგ მე არ ვიცი. რატომ თხრიდა საფლავს მთაწმინდაზე? ბევრი პატიმარია დღეს ციხეში სამართლიანად თუ უსამართლოდ დაჭერილი. ახლა მათმა დედებმა რომ იარონ და საფლავები თხარონ, ხომ წარმოუდგენელია. საინტერესოა, ქალბატონ მანანას ასეთ საქციელს ფსიქიატრი რა შეფასებას მისცემდა...

ალბათ იცით, რომ პარლამენტში შექმნილმა ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზების დამდგენმა კომისიამ დაადგინა, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოკლეს. მიუხედავად ამისა, ბევრი მაინც თვითმკვლელობაზე საუბრობს. თქვენ, როგორც მისი მოძღვარი და სულიერი მამა, თვლით თუ არა, რომ ზვიადიმ თავი მოიკლა?

– ზვიადი თვითმკვლელი არ იყო. ადამიანი რომ თავს იკლავს, ის რაღაც წერილს წერს, ანდერძს ტოვებს. ალბათ, ზვიადიც დაწერდა წერილს, სადაც განმარტავდა რატომ იკლავდა თავს, ვის უტოვებდა ოჯახს და ქვეყანას. მას არავითარი წერილი არ დაუწერია. მე მივხვდი, რომ მას თავი არ ჰქონდა მოკლული და ამიტომ წესი ავუგე. მაგრამ თავი რომც მოეკლა, წესს მაინც ავუგებდი და მისთვის ვილოცებდი. ზვიადის სიკვდილი ჩვენი ერის კისერზეა. ის არ იყო თავის მომკვლელი კაცი, თავს ლაჩრები იკლავენ და არა ვაჟკაცები. ლადო ასათიანის ლექსი მახსენდება: "თავს არ მოიკლავს ქართველი არა, ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს". სწორედ ასეთი ქართველი იყო ზვიადი. თავები იმ მოსიარულე გვამებმა მოიკლეს, რომლებმაც ზვიადის ტყვია ესროლეს...

კომენტარი