კარაბინერებმა შიშველი FEMEN-აქტივისტი რომის პაპისგან საკუთარი სხეულით დაფარეს (ვიდეო)

უკრაინელმა FEMEN-აქტივისტებმა იტალიაში ტურნე სკანდალურად დაასრულეს: რამდენიმე მათგანი ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძრის წინ ნახევრადშიშველი და პლაკატით „თავისუფლება ქალებს!“ წარსდგა.

თავდაპირველად უკრაინელი ლამაზმანები თითქოს მთლიანად გაშიშვლებას არ აპირებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ დაჩოქილ ქალს, რომელისაც თავზემოთ პლაკატი ჰქონდა აღმართული, კარაბინერმა წარწერა ხელიდან გამოსტაცა, მან ჯერ კისერზე ჩამოკიდებული ხის ჯვარი მოიქცია კბილებში, მერე კი გამჭვირვალე შავი ზედატანი გაიძრო და ერთი და იმავე ფრაზის გამეორებას მოჰყვა.

პროტესტის ადგილიდან ოდნავ მოშორებით რომის პაპი ათასობით ადამიანს მიმართავდა და მართალია, ის შემთხვევის ადგილიდან საკმაოდ შორს იმყოფებოდა, მაგრამ კარაბინერებმა შიშველი ქალი პაპისა და ცნობისმოყვარე ტურისტების თვალს მაინც მოარიდეს - ალყა შემოარტყეს. მოგვიანებით მათ სასწრაფოდ მოიხმეს ქალი-კარაბინერი, რომელმაც შიშველი ფემინისტის შეძლებისდაგვარად შემოსვა სცადა, რაც იმით დასრულდა, რომ ასფალტზე გაწოლილმა უკრაინელმა შარვალიც ჩაიხადა და შავი ბიკინი გამოაჩინა.

საბოლოოდ ინციდენტი იმით ამოიწყურა, რომ სამართალდამცველებმა აქტივისტი კარაბინერთა მანქანაში შეტენეს, ხოლო დანარჩენ აქტივისტებს, რომლებიც ასევე შილიფად იყვნენ ჩაცმულები და წმინდა პეტრეს ტაძრისკენ გაჭრას ლამობდნენ, უბრალოდ, გზა გადაუღობეს.

ბმული ვიდეოზე

კომენტარი