როგოზინს პოლიტიკაში აბრუნებენ

სკანდალურობით ცნობილი ახალგაზრდა რუსი პოლიტიკოსი დიმიტრი როგოზინი, რომელიც ოფიციალურად, ამ დრომდე ნატო-ში რუსეთის მუდმივ წარმომადგენლად რჩება, რუსეთის შიდა პოლიტიკაში ბრუნდება. რა მიზნით აბრუნებენ წინასაარჩევნო პერიოდში მოსკოვში როგოზინს, ჯერ-ჯერობით არ გახმაურებულა, თუმცა ცხადია, რომ ამას გარკვეული საფუძველიც აქვს და მიზანიც. ცოტა ხნის წინ რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მესამე საერთაშორისო პოლიტიკური ფორუმი ჩატარდა, რომელსაც რუსეთი ინოვაციური იდეების განხილვის მნიშვნელოვან საშუალებად მიიჩნევს. ექსპერტების დასკვნით, ღონისძიების მთავარი ბენეფიციარი სწორედ დიმიტრი როგოზინი გახდა, რომელმაც იაროსლავლის ფორუმზე გაკეთებული მოხსენებითა და ტრადიციულად ხმამაღალი განცხადებებით რუსეთის შიდა პოლიტიკაში ჯერ მხოლოდ არაოფიციალური დაბრუნება აღნიშნა. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მოსკოვის პოზიციების მეტისმეტად აქტიურად წარმოჩენით როგოზინმა მის სამომავლო პოლიტიკურ კურსს გაუსვა ხაზი.

მოელოდნენ, რომ იაროსლავლში ჩასული როგოზინი ნატო-სა და რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრებდა, მაგრამ მან თავისი მოხსენების თემად "ნაციონალური საკითხი თანამედროვე რუსეთსა და ევროპაში" აირჩია და მის ფარგლებში რუსეთში არსებული ნაციონალური ვითარება საკმაოდ სარისკო პოზიციებიდან მიმოიხილა, კერძოდ, პრობლემების მთავარ მიზეზად ჩრდილოეთ კავკასია დაასახელა.

როგოზინის აზრით, "რუსი ხალხი თანამედროვე რუსეთში დისკრიმინირებული უმრავლესობის როლშია და დაძაბულობის მთავარი ხაზი იმ კონფლიქტზე გადის, რომელიც რუსებსა და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მოსახლეობას შორის არსებობს", ხოლო "ვითარების გამოსწორება მხოლოდ რუსეთში მცხოვრები ყველა ეთნიკური წარმონაქმნის თანასწორუფლებიანობის აღდგენის შემდეგ შეიძლება".

ამასთან, როგორც მან ფორუმზე განაცხადა, "რუსი ხალხი თავისი არსით მოდერნიზაციისა და თანამედროვე პოლიტიკური კულტურის მატარებელი ერია ამ ცნების ფართო გაგებით, მაშინ, როდესაც პერიფერიული რეგიონები და პირველ რიგში ჩრდილოეთ კავკასია არქაიზმისა და სოციალური ჩამორჩენილობისკენ ილტვიან".

"აქედან უნდა გაკეთდეს მტკიცე და არაორაზროვანი დასკვნა: ან პერიფერია დაიქვემდებარებს ცენტრს, რასაც ქვეყნის გაბარბაროსების გზაზე დაყენება მოჰყვება, ან ცენტრი მოახდენს პერიფერიის მოდერნიზაციას. მოსალოდნელი ნეგატიური სცენარის აღკვეთის მიზნით უნდა აღდგეს არა ფორმალური, არამედ ფაქტიური კონტროლი ჩრდილოეთ კავკასიაზე და შეწყდეს რუსული კულტურული სტანდარტის შეზღუდვა ამ რეგიონის სხვადასხვა ეთნიკური წარმომადგენლებისაგან. მიუღებლად და დიდი საფრთხის შემცველად უნდა ჩაითვალოს თანამედროვე რუსეთში მოსახლეობის მიგრაცია ჩრდილოეთ კავკასიიდან" – თვლის როგოზინი.

ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის თანამშრომელი სერგეი მარკედონოვი როგოზინის ინიციატივებს საკმაოდ კრიტიკულად აფასებს.

"როგოზინის თეზისები სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს და საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მას ოპონირებას არავინ უწევს" – აღნიშნავს ექსპერტი.

მარკედონოვი ეთანხმება როგოზინს იმაში, რომ ჩრდილოეთ კავკასია იქ წამოჭრილი პრობლემებით დღევანდელი რუსეთისთვის მთავარი თავსატეხი თემაა, მაგრამ იქვე მიუთითებს, რომ "ბევრი მისი თეზისი მცდარი და მიუღებელი წანამძღვრებიდან გამომდინარეობს და მათი ამ მიმართულებით განვითარება საფრთხეს შეუქმნის რუსეთის სახელმწიფოს მთლიანობას".

"უპირველეს ყოვლისა, ეს მდგომარეობს "არქაული" ჩრდილოეთ კავკასიის დაპირისპირებაში “პროგრესულ ცენტრთან". ჩრდილოეთ კავკასიას ნამდვილად აქვს თავისი ისტორიული და შემდგომში შეძენილი დამახასიათებელი თავისებურებები, მაგრამ იგი მთლიანი რუსული სივრცის ნაწილია და მთლიანი ორგანიზმის სოციალური და ეკონომიკური გამოჯანსაღების გარეშე მისი ცალკეული ნაწილების მკურნალობის მცდელობა უტოპიური და არაპროდუქტიული ამოცანაა" - ასკვნის მარკედონოვი.

ექსპერტი იხსენებს, რომ "1990-იან წლებში ჩრდილოეთ კავკასიელებს ეთნოკრატული მოდელებისა და ლიდერების არასწორად არჩევაში ადანაშაულებდნენ, 2004 წლიდან კი ჩრდილოეთ კავკასიის ყველა რესპუბლიკის ხელმძღვანელის შერჩევას, დანიშნვას და გათავისუფლებას კრემლი ახდენს და ადგილობრივი შს სამინისტროები, უშიშროების სამსახურები და პროკურატურა უშუალოდ ცენტრს ემორჩილებიან".

მისი შეფასებით, "გაზვიადებულია ჩრდილოეთ კავკასიელების "კლანურობა" და "ტრადიციულობაც", ვინაიდან "მოწინავე მოსკოვში" და "ჩამორჩენილ დაღესტანში" კორუფცია და კლანურობა ერთნაირად ყვავის".

"დღევანდელი კონფლიქტების მიზეზი ჩრდილოეთ კავკასიაში, მათ შორის რადიკალური ისლამი ან ეთნიკური ნაციონალიზმი განპირობებულია არა აბსტრაქტული "ტრადიციებით" და "კულტურული კოდებით", არამედ ურბანიზაციისა და საბაზრო ეკონომიკის ტრანსფორმაციით, რასაც თან სდევს სოციალური გადახრები" – აცხადებს მარკედონოვი.

ექსპერტი "უხეშ და საშიშ შეცდომად" მიიჩნევს ასევე საზოგადოების რუსებად და არარუსებად დაყოფას იმ პირობებში, როცა ისინი ერთი ქვეყნის მოქალაქეებად ითვლებიან. მისი აზრით, "მოსახლეობის ასე დაყოფა-დაპირისპირებას აუცილებლად გამოიყენებენ რუსეთის სახელმწიფოს არაკეთილმოსურნენი".

მარკედონოვის აზრით, "არც იმაზე შეიძლება თვალის დახუჭვა, რომ კონფლიქტების პალიტრა ჩრდილოეთ კავკასიაში საკმაოდ მრავალფეროვანია: მიწის პრობლემა ყაბარდოელებსა და ბალყარელებს შორის, დავა ჩერქეზებსა და ყარაჩაელებს შორის რესპუბლიკის ხელმძღვანელობაში პოსტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ, მრავალწლიანი ოსურ-ინგუშური კონფლიქტი, სასაზღვრო-ადმინისტრაციული დავა ჩეჩნებსა და ინგუშებს შორის, რთული ურთიერთდამოკიდებულება სტავროპოლის მხარეში თურქმენებთან და ნოღაელებთან, გადაუჭრელი პრობლემები მრავალეთნიკურ დაღესტანში და სხვა".

"ვეჭვობ, რომ როგოზინის მიერ წამოყენებული თეზისები რუსეთის ხელისუფლების გარკვეული ნაწილის ინტერესებს გამოხატავს, რომელსაც სურს, მოსახლეობის ყურადღება სამოქალაქო უფლებების მოთხოვნიდან სხვა მიმართულებით გადაიტანოს, რაც არსებული ეთნოკრატიული ცეცხლის რუსული ეთნოკრატიის ნავთით ჩაქრობას დაემსგავსება. როგოზინი ხშირად ახსენებს საბჭოთა კავშირის დაშლის ფაქტორს და მისგან გამოწვეულ შედეგებს, მაგრამ ავიწყდება, რომ ამ პროცესში მთავარი და გადამწყვეტი უკრაინული ან ქართული სეპარატიზმი კი არა, რუსეთის თვითგამორკვევის საკითხის დასმა იყო. ჩრდილოეთ კავკასიიდან შინაგანი მიგრაციის პროცესების რეგულირების მცდელობა დღევანდელი რუსეთის ერთიანობას იგივე შედეგებს უქადის. თუ როგოზინის მცდარ და საშიშ დებულებებს, რომლებსაც იგი თავისი ორატორული ხელოვნებით და პოლემიკური ტალანტით თავს ახვევს საზოგადოებას, არგუმენტირებული კონტრარგუმენტები არ დაუპირისპირდა, მისი აპარტეიდული თეორია პოპულარული გახდება შესაბამისი დამანგრეველი შედეგებით _ ასკვნის მარკედონოვი.

საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"

კომენტარი