კომენტატორთა და კურიოზთა ცვლა ქართულ საფეხბურთო რეპორტაჟებში (ვიდეო)

70-იანი წლების დასაწყისში ჩვენმა დინამომ ჩემპიონატის შეხვედრა ერევანში არარატთან დიდი ანგარიშით წააგო. თამაშის მიწურულს თბილისელთა კარში საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, კომეტატორმა ეროსი მანჯგალაძემ კი გათანგულ დინამოელებზე ირონიულად ჩაილაპარაკა: მკვდრებმა აღმართეს ცოცხალი კედელიო...

ეროსი გენიოსი იყო: შესანიშნავი მსახიობი რადიორეპორტაჟებსაც მონოსპექტაკ¬ლად აქცევდა. მასვე ეკუთვნის კიდევ ერთი საქვეყნოდ ცნობილი ხუმრობა: მთელი თამაში ქომაგებს ეუბნებოდა ფრეაო, საფინალო სასტვენის შემდეგ კი გულდაწყვეტილებს ახარა, ჩვენ 2:1 მოვიგეთ, ის ერთი გოლი გადანახული მქონდაო...

ქართველი კომენტატორი და იუმორი განუყრელია.

ეროსის მემკვიდრე კოტე მახარაძე იყო, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი 13 მაისის რეპორტაჟით. შემდეგ ნუგზარ ჯუღელის დრო დადგა: „სპორტის სასახლე და საკალათბურთო ამინდი“, „ისუნთქე, ოპოშნიანო, ისუნთქე“ და მისი სხვა გამონათქვამები დღეს გულშემატკივარმა ზეპირად იცის.

ამ წერილში, სადაც ჩვენი თანამედროვე კომენტატორების მარგალიტებს გთავაზობთ, აქცენტი მხოლოდ ფეხბურთზე გავაკეთეთ. თუ რატომ, ეს, ვფიქრობთ, ნათელია: საქართველოში ხომ სპორტი პირველ რიგში ფეხბურთია.

დიმიტრი ობოლაძე (რუსთავი 2)

...ისეთი დაძაბული თამაშია, რომ მეც კი ვუშვებ შეცდომებს!

...პინტო, ეტყობა, ცოტა ვერაა გაწონასწორებული ფსიქიკურად – სკამიდან წითელი მიიღო და მოედანზე რომ ყოფილიყო რას იზამდა!

...როცა მესი არ თამაშობს, ბარსელონას რაღაც აკლია და ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს რაღაც სწორედ მესია.

...კოლოჩინი კუთხურს აწოდებს. აი, მიდის ალამთან, მივიდა თითქმის, უი, არა – საჯარიმოში ჩასულა.

...ბერძნები ყველანაირად ცდილობენ პირველი ტაიმის დამთავრებას.

...ასეთი შეცდომა დაუშვებელია პრემიერლიგის ფეხბურთელისთვის და საერთოდ იმ ფეხბურთელისთვის, ვინც პრემიერლიგაში თამაშობს!

...ინტერი მიჩვეულია ისეთ დიდ გუნდებთან თამაშს, როგორიცაა ბოლონია და ატალანტა.

...ტრეზეგეს თავზე ორთქლი ასდის. არა, ბოლი... უკაცრავად – ოხშივარი.

...გრონკიაერმა ისე შეაშინა რომა, რომ ერთხელ გოლიც კი გაუტანა.

...მთელი ღამის განმავლობაში არავინ დაუკავებიათ მთელს გერმანიაში, თუმცა დორტმუნდში სამასამდე პოლონელი დააპატიმრეს.

...ფარერელების დიალექტი ჩამოყალიბდა დიდი ხნის წინ განმავლობაში.

...მე შეგნებულად არ გეუბნებით ინტერი-სპორტინგის მატჩის ანგარიშს, რადგან ამ თამაშს მოგვიანებით იხილავთ ჩვენს ეთერში. და აი, ინტერმა გაუტანა სპორტ... უკაცრავად, წამომცდა.

...დიდა ბურთს მშვიდად დაეუფლა. ზედმეტად მშვიდადაც კი.

...ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ არის მე-4 წუთი.

...მოედანზე კარაგერის ნაცვლად შემოდის ედი მერფი. უკაცრავად, დენი მერფი.

...დესაიმ იმდენი ირბინა დღევანდელ მატჩში, რომ თავზე კვამლი ასდის.

...ჯერარდის ძლიერი დარტყმა. ეს მისი პირველი დარტყმა იყო. ეხლა შევამოწმებ: არა, ეს მისი მეოთხე დარტყმა ყოფილა.

...ნუ, ეხლა ლივერპული ბურთს აგორავებს და ამაზეა ნათქვამი ძალა აღმართს ხნავსო.

...სამწუხაროდ, რობენს ჩვენ დღეს ვერ ვიხილავთ – მას წინა კიდურების ტრავმა აქვს.

...ჩელსის კარში ბურთი ალბათ, უბედური შემთხვევის შედეგად გავიდა.

...კარი რომ ცოტა გვერდზე ყოფილიყო, შესანიშნავი იქნებოდა.

დავით მინაშვილი (პირველი არხი)

...ფერდინანდმა ან ძალიან კარგად ითამაშა, ან ძალიან ცუდად. გამეორებაზე გამოჩნდება, თავისთავად ცხადია.

...სიტუაცია ითხოვდა ძანეტი ბურთს გამოსთხოვებოდა.

...როგორც ხშირად ხდება, გამარჯვებული ყოველთვის ერთი გუნდი გამოდის ხოლმე.

...ასეთი მანძილიდან ბურთის აცილება რეკომენდირებული არ არის.

...როგორც მოგეხსენებათ, დელ ბოსკეს 2012 წელს ვადა გასდის.

...როგორც ჩანს, შეცვლები არ ჩანს.

...კრიშტიანუ რონალდუ კიდევ ერთხელ არაერთ გოლს გაიტანს.

...ძალიან საინტერესოა, რომ ის ხუთი მცველი, რომლებიც შემადგენლობაში იყვნენ, ხუთივე დაცვაში თამაშობს.

...თამაშის პენალტებამდე მიყვანა და გარისკვა ესეც გარკვეული რისკია, მაგრამ ესეც ჩვეულებრივია.

...მსაჯმა დააფიქსირა თამაშის წესის დარღვევა იმ ადგილას, სადაც დაირღვა თამაშის წესი.

...პირლოს და ინძაგის ერთად თამაში არ შეიძლება. შესაბამისად, ინძაგი გამოდის მოედანზე პატუს მაგივრად.

...მიყვარს ისეთი ოპტიმისტი ახალგაზრდები, რომლებიც ამბობენ, რომ არ იციან რა მოხდება მომავალში!

...საგრძნობლად გამოცდილი ალექს ფერგიუსონი.

...42-ე წუთი ამ თამაშშიც საკრალური შეიძლება გამოდგეს.

...ჩვენ ყველამ კარგად ვიცით კანავაროს პოტენციის შესახებ.

...ზემოთ, ცოტა მარცხნივ, პირველი არხის ლოგოსთან ზის ფაბიო კაპელო.

...რევიშვილმა ბურთი არა მარტო მოიგერია, ხელში დაიჭირა კიდეც!

...ანგარიში ოდნავ გათანაბრდა.

...იტალიელები უნდა გამოფხიზლდნენ. მათ აქვთ ამის პოტენციალი.

სანდრო ცნობილაძე (მზე)

...მსოფლიო ჩემპიონატი იყიდა მაგთიმ. უკაცრავად, მსოფლიო ჩემპიონატის თამაშები იყიდა მაგთიმ.

...ჯოვანი დოს სანტოსი უნიჭიერესი ფეხბურთელია, მაგრამ არის ცალფეხა.

...ლივერპულელთა სამწუხაროდ კუიტი ცალფეხათა კატეგორიას განეკუთვნება.

...ლამი და კოული ერთნაირი კომპლექტაციის და კონფიგურაციის ფეხბურთელები არიან.

...გერმანელი ფეხბურთელები თამაშის წესების დარღვევას სიგნალიზირებენ.

...ადებაიორმა ბურთის მიმართ აგდებული დამოკიდებულება გამოამჟღავნა.

...მანჩესტერმა სრულიად ბოლტონი აღგავა პირისაგან მიწისა!

...როცა ევერტონი გოლს არ უშვებს, იგი პრაქტიკულად არ აგებს.

...ლივერპულის შეძენა გადაწყვეტილი აქვს მავან შეიხს, რომელსაც გრძელი სახელი და გვარი აქვს და სიმართლე რომ ვთქვა, არ მახსოვს. არცაა სავალდებულო ყველას პირზე ეკეროს მისი სახელი.

...შეგახსენებთ: ამ მატჩის დასრულებისთანავე თქვენ გელით ვაკაჭი.

...გაუგებარია, ისეთი დონის გუნდს, როგორიც რეალია, რატომ ყავს დაცვის ცენტრში ორი ისეთი ფეხბურთელი, როგორებიცაა ივან კამპო და ფერნანდო სანსი. გასაგებია, რომ ეს უკანასკნელი კლუბის პრეზიდენტის შვილია, მაგრამ, ივან კამპო ხომ არავის შვილი არაა?!

...მოდი შევთანხმდეთ, რომ ასტონ ვილა არის გუნდი.

...წყევლა და კრულვა ალდაირს!

...ჰესკი უკნიდანაც კარგად იბრძოლებს!

...მარსელო ბიელსას თამაშის ცქერის საკუთარი მანერა აქვს.

ვახტანგ გეგელია (იმედი)

...რამხელა გამორბენს აკეთებს ბლანკო, გზაში არ დაიღალოს, კაცო...

...კარაგუნისი მე საერთოდ მკვდარი მეგონა და თურმე საბერძნეთში თამაშობს. კაპიტანი ყოფილა ნაკრების.

...ფაბიო კანავარო არაბეთში ორი კაპიკის საშოვნელად წავიდა.

...ლანსი-რენი და ანგარიშიც შესაბამისია – 0:0.

დავით ხვადაგიანი (მზე)

...გაშვებული გოლის შემდეგ ლივერპული დაეუფლა სათამაშო უპირატესობას, რომელსაც მანამდეც ფლობდა მეტ-ნაკლები უპირატესობით.

...შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ბარსელონას ტერიტორიული უპირატესობა.

...აფერუმ შენს ვაჟკაცობას, კიუიტო!

ავტორი – ლაშა გოდუაძე, "ტაბულა".

ვიდეო: დიმიტრი ობოლაძე ფეხბურთში 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის (ესპანეთი-რუსეთი) ტელერეპორტაჟს უძღვება:

კომენტარი