სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ ვინ არის

ორი თვე გავიდა საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზი ხალხის გენოციდის ცნობის დღიდან. რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებაში ამ აქტით გამოწვეული დაბნეულობა და დუმილი კვლავ გრძელდება. ჩერქეზული საზოგადოების ჯანსაღმა ფენებმა კი იგი მაშინვე შეაფასა, როგორც ახალი ეტაპის დასაწყისი მათ ისტორიაში.

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მან გამოავლინა ჩერქეზი ხალხის ბედით ჭეშმარიტად დაინტერესებული და ფსევდოპატრიოტიზმს ამოფარებული ძალებიც. ეს შეფასება ერთნაირად ეხება, როგორც საერთაშორისო, ისე კავკასიის ჩერქეზულ ორგანიზაციებსა და მათ ლიდერებს.

ჩერქეზული საზოგადოებრივი ორგანიზაციების დიდმა უმრავლესობამ კავკასიიდან, თურქეთიდან, სირიიდან, იორდანიიდან, აზიის, ევროპის და ამერიკის ქვეყნებიდან კოლექტიურად და ინდივიდუალურად სამადლობელი წერილები გაუგზავნეს საქართველოს პარლამენტს, სადაც აღინიშნა, რომ ამ გაბედული აქტის მიღებით დიდი ნაბიჯი გადაიდგა ჩერქეზი ხალხის მიმართ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის და მათი გამთლიანების საქმეში. ამ გადაწყვეტილებამ ბარიერი შექმნა მომავალში ანალოგიური ტრაგედიების გამოსარიცხავად, ხელი შეუწყო საერთო საკაცობრიო ღირებულებების განმტკიცებას, კავკასიის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობის დასადგურებას.

ჩერქეზული ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტის კიკ კასეს განცხადებით საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზი ხალხის გენოციდის ცნობამ ძირფესვიანად შეცვალა ჩერქეზი მოსახლეობის და განსაკუთრებით ახალგაზრდობის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. საქართველო და ქართველი ხალხი სულ უფრო და უფრო პოპულარული თემა გახდა მათ შორის. ბევრი სტერეოტიპი, რომელსაც გარკვეული წრეები ქმნიდნენ ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოზე და ქართველებზე, დაიმსხვრა და მიდის ამ თემის ახლებურად გადააზრება. ეს პროცესი თანდათან ძლიერდება არა მარტო კავკასიელ ჩერქეზებში, არამედ მსოფლიოს ყველა ჩერქეზულ დიასპორებში.

ასევე დადებითი მოვლენაა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება გენოციდის დროს დაღუპული ჩერქეზების ხსოვნის მემორიალის დადგმის შესახებ შავიზღვისპირეთში. კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა ამის გაკეთება ისტორიულ ჩერქეზეთში რომ იყოს შესაძლებელი, სადაც დღემდე უდგამენ ძეგლებს კავკასიის დამპყრობ რუს გენერლებს _ ზასს, ლაზარევს, რომანოვს, ერმოლოვს და სხვებს, რითაც შეურაცყოფას აყენებენ მათი ხელით დაღუპული და განდევნილი ადამიანების ხსოვნას _ აცხადებს კიკ კასე.

მიიჩნევენ, რომ საქართველოს მიერ ჩერქეზების გენოციდის ცნობამ მისცა ბიძგი ჩეჩნეთის ხელისუფლებას იორდანიიდან იმ დევნილების სამშობლოში დაბუნების დასაჩქარებლად, რომლებიც ჩეჩნეთ-რუსეთის პირველი და მეორე ომის დროს იარაღით იბრძოდნენ რუსეთის არმიის წინააღმდეგ და შემდეგ ცნობილი მიზეზების გამო იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სამშობლო. ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ მიიღო გაბედული და სამართლიანი გადაწყვეტილება და მიმდინარე წლის ივნისში სპეციალურად გამოყოფილი უფასო რეისით იორდანიიდან ჩამოიყვანეს 100 დევნილი. დაიგეგმა კიდევ 10 ანალოგიური რეისის ჩატარება შემდეგი ჯგუფების დასაბრუნებლად.

მიუხედავად იმისა, რომ დაბრუნებულების დიდი ნაწილი რუსეთის სპეცსამსახურებისგან იდევნება და იძებნება, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ სამშობლოში უსაფრთხო ცხოვრების გარანტიაც მისცა, ძველი ქონებაც დაუბრუნა და მნიშვნელოვანი მატერიალური სახსრებიც გამოუყო. ჩეჩნებმა მუჰაჯირთა პრობლემების დროულად და ოპერატიულად გადაწყვეტის სანიმუშო მაგალითი აჩვენეს. ასე უნდა იმოქმედო, როცა ასეული წლობით არ გიბრუნებენ იმას რაც ძალით წაგართვეს.

ჩერქეზი მუჰაჯირების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება, ჩერქეზული ტერიტორიების გამთლიანება კავკასიაში, ერთიანი ნამდვილად ეროვნული და დამოუკიდებელი ჩერქეზული ორგანიზაციის შექმნა, ჩერქეზული ენისა და კულტურის აღორძინება, ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარება, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის მიმართ პოზიციის გამოხატვა – ეს ის საკითხებია, რომლებთანაც დამოკიდებულება განსაზღვრავს ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაციის თუ კონკრეტული პიროვნების რეალურ ეროვნულობას.

ამ საკითხებისადმი ორმაგი სტანდარტებით მიდგომა და მანიპულირება მიზნად ისახავს დროის უმიზნოდ გაჭიანურებას და დაგროვილ პრობლემებზე თვალის დახუჭვას, რამაც კავკასიის რეგიონი სავალალო ზღვარზე მიიყვანა.

ჩერქეზების გენოციდის ცნობის საკითხი გუშინ არ დასმულა. იგი საერთაშორისო დონეზე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დააყენა «საერთაშორისო ჩერქეზულმა ორგანიზაციამ», რომლის შტაბბინა ნალჩიკში იმყოფებოდა. ეს ორგანიზაცია მაშინ მრისხანე ძალად ითვლებოდა. მოსკოვის დავალებითა და უშუალო მონაწილეობით იგი კონტროლზე აიყვანა ყაბარდო-ბალყარეთის მაშინდელმა ხელისუფლებამ და რამდენიმე წელიწადში ისე, როგორც სხვა ზოგიერთი ჩერქეზული საზოგადოებრივი ორგანიზაცია სახელისუფლო სტრუქტურების მართვად დანამატად აქციეს. სწორედ იმ დროიდან დაიწყო იმ პრობლემების დაგროვება რომლებისთვისაც დღეს რუსეთის ხელისუფლებას თავი ვერ გაურთმევია.

ბრძენი ის არის ვინც განვითარებადს ჩანასახში ამჩნევს. ამ ბრძნულ გამონათქვამს ათასწლეულების ისტორია აქვს და ჩერქეზული პრობლემა ჩანასახშივე რომ დაენახათ რუსეთის მესვეურებს და მისი დროულად გადაჭრის მაგივრად არ დაეწყოთ მიჩუმათების პოლიტიკა, დღეისათვის ასე მწვავედ არც გენოციდის ცნობის საკითხი დაისმებოდა, არც ოლიმპიადის ჩატარება-არჩატარებაზე იქნებოდა საუბარი და არც ამდენი უდანაშაულო სისხლი დაიღვრებოდა კავკასიაში.

თავისი მოსკოველი პატრონების მსგავსად დუმილს აგრძელებენ აფხაზეთის სეპარატისტი ლიდერები, რომლებიც გრძნობენ, რომ საუკუნენახევრის წინ ჩერქეზი ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ცნობა დააჩქარებს ოციოდ წლის წინ საკუთარი სახლკარიდან განდევნილი 300 ათასი უდანაშაულო ადამიანის მიმართ ჩადენილი სამარცხვინო დანაშაულის დღის წესრიგში დაყენებას. სირაქლემას პოზის მიღება და პრობლემის არდანახვის პოლიტიკა ვერც ამ შემთხვევაში გაამართლებს.

მოსკოვის საამებლად მეტ უტიფრობას იჩენენ ის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ჩერქეზი ხალხის გენოციდი ბუნებაში არ ყოფილა. ეს იყო რუსეთის დიდი იმპერიის ინტერესებიდან გამომდინარე ქმედება. ასე იქცეოდა ყველა მაშინდელი ზეიმპერია. ამ პოზიციის ავტორი ყაბარდოელი პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ხასან დუმანოვია, რომელიც მისივე განცხადებით ჩერქეზეთის პრობლემებზე 1968 წლიდან მუშაობს. ამავე პოზიციას იზიარებდა აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის აწ უკვე განსვენებული ლიდერი სერგეი ბაღაფშიც.

ხ.დუმანოვი ამტკიცებს, რომ ჩერქეზების ისტორიულ სამშობლოში გადმოსასახლებლად არც რუსეთია მზად და არც თურქეთი და საერთოდ მოჰაჯირთა შთამომავლებისთვის უკეთესია დარჩნენ იქ, სადაც უკვე დიდიხანია ცხოვრობენ, რადგან მათ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება ახალ მტკივნეულ პროცესებთან იქნება დაკავშირებული.

კრასნოდარის მხარის საზოგადოებრივი ორგანიზაცია «ადიღე-ხასეს» ხელმძღვანელის ასკერ სოხტის პოზიციაც ყველა ჩერქეზული პრობლემების მიმართ დიამეტრალურად განსხვავდება ეროვნული ძალების მიერ არაერთხელ დაფიქსირებული მოსაზრებებისგან.

იგი მოუწოდებს ჩერქეზულ ორგანიზაციებს იხელმძღვანელონ მხოლოდ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით, დარიგებას აძლევს თურქეთის ხელისუფლებას ადგილზე შეუქმნას სათანადო პირობები იქ მცხოვრებ ჩერქეზებს, რადგან დაბრუნების შემთხვევაში მათ გაუჭირდებათ დღევანდელი რუსეთის პირობებში ცხოვრება, აკრიტიკებს ყველას ვინც მკრეხელობად თვლის 2014 წელს სოჭში, ადიღელების საფლავებზე ოლიმპიური თამაშების ჩატარებას. უფრო მეტიც, იგი ამხილეს ჩერქეზული ორგანიზაციების ლიდერების მოტყუების მცდელობაში. ა.სოხტმა სათითაოდ ჩამოუტარა მათ მოსკოვში მომზადებული დოკუმენტი სოჭის ოლიმპიადის ჩატარებაზე თანხმობის დასადასტურებლად და ეუბნებოდა, რომ უკვე ყველამ მოაწერა ხელი და მხოლოდ მისი თანხმობა აკლია. სინამდვილეში კი როგორც გაირკვა არავის ხელი არ ჰქონდა მოწერილი. ა.სოხტის ეს უზნეო და გამცემლური საქციელი პრესკონფერენციაზე ოფიციალურად დაადასტურა ყაბარდო-ბალყარეთის საზოგადოებრივი მოძრაობა «ხასეს» თავმჯდომარემ იბრაგიმ იაგანოვმა და სხვა ჩერქეზმა საზოგადო მოღვაწეებმა.

იბრაგიმ იაგანოვი მკვეთრად გამოირჩევა დანარჩენი ჩერქეზი ლიდერებისაგან თავისი ნათელი და ცალსახა პოზიციით. მას მიაჩნია, რომ სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით რუსეთმა ვერ გადალახა კოლონიური ქვეყნის ბარიერი და მოძველებული ძალისმიერი უგუნურებით ცდილობს შეინარჩუნოს იმპერია.

იგი აცხადებს, რომ საქართველოს მიერ ჩერქეზი ხალხის გენოციდის ცნობამ მსოფლიოს თანამეგობრობის დონეზე გაიტანა ჩერქეზული პრობლემები, რამაც უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ფედერალური ცენტრი. მათ ისიც ვერ გაუგიათ, როგორ მოიქცნენ შემდეგისთვის, რადგან მათ მიერ რეგიონებში დანიშნული ხელმძღვანელები სიტუაციაში ვერ ერკვევიან და დაკავებული არიან მხოლოდ ფედერალური დოტაციების განიავებით.

ი.იაგანოვი ადიღელთა წინაპრების საფლავებზე კრასნაია პოლიანაში 2014 წელს ოლიმპიური თამაშებების ჩატარების კატეგორიული წინააღმდეგია. იგი სვამს საკითხს დაქუცმაცებული ორგანიზაციებიდან ერთიანი ჩერქეზული კომისიის შექმნის შესახებ, რადგან ჩერქეზული იდეის მთავარი გამტარებელი «საერთაშორისო ჩერქეზული ორგანიზაცია» 2000 წლიდან მარგინალურ გაერთიანებად გადაიქცა და იგი არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ ემსახუროს ცენტრს და ხელი შეუშალოს ახალი ჭეშმარიტად ეროვნული ორგანიზაციების შექმნას. ი.იაგანოვი აკრიტიკებს ჩერქეზული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერებს ასკერ სოხტს, ჩაჩუხ მაჟიდს და მუხამედ ხაფიცეს, რომლებსაც არ გააჩნიათ საკუთარი პოზიცია, აქვთ მხოლოდ პოზა, რომლებსაც იცვლიან ცენტრიდან მიღებული დავალებების შესაბამისად. ისინი ყოველთვის მხარს უჭერდნენ და მომავალშიც დაუჭერენ მხარს არსებულ ხელისუფლებას და მათთვის სულ ერთია ვინ იქნება ხელისუფლებაში.

საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებამ დააჩქარა ჩერქეზი ხალხის მტრებისა და კეთილმყოფელების ლუსტრაცია, გაირკვა ვინ ვინ არის. პროცესი გრძელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100