გენიალური რეჟისორი, რომელიც ჰომოსექსუალობის და “სოდომის 120 დღის” გამო 17 წლის ბიჭმა აკუწა

რეჟისორი, რომლის ფილმები საზოგადოებაში ხმაურს და აღშფოთებას იწვევდა, რეჟისორი, რომელიც მისმა უკანასკნელმა ფილმმა შეიწირა...

ჰომოსექსუალობა 1975 წელს მომხდარი ერთ-ერთი უსასტიკესი მკვლელობის მიზეზი გახდა – ყველა წმინდანისა და მიცვალებულის დღეს ამ ადამიანის აკუწული სხეული რომის გარეუბანში, ოსტიის ერთ-ერთ ბუნკერში იპოვეს. ეს ის ადგილი გახლდათ, სადაც რეჟისორი “სიყვარულის საძებნელად ხშირად დაეხეტებოდა მარტო”. დიახ ეს პაოლო პაზოლინი, საზოგადოების მხრიდან მუდამ გასაკიცხი ცხოვრების სტილით და ფილმებით, რომლებიც დღეს კინემატოგრაფიის ოქროს ფონდია.

“ყოველთვის მკიცხავდნენ არა იმდენად როგორც ჰომოსექსუალს, არამედ როგორც მწერალს, რომლის მიდრეკილებებით შანტაჟირებასაც ვერ ახერხებდნენ; ვერ ახერხებდნენ ამგვარად ეიძულებინათ ჩამდგარიყო საერთო მწკრივში. სინამდვილეში სკანდალი გამოწვეული იყო არა მარტო იმიტომ, რომ არ ვმალავდი ჩემს მამათმავლობას, არამედ იმითაც, რომ საერთოდ არაფერს ვუვლიდი დუმილით გვერდს. სიძულვილსა და შეურაცხყოფას იმით უფრო ვიწვევდი , რომ სიტყვის თავისუფლების უფლებას ვიყენებდი, ვიდრე სექსუალური გადახრებით, სხვაგვარად რომ ვთქვა, მოქმედ ნორმებთან შეუთავსებლობით..” – ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.

პიერ პაოლო პაზოლინი 1922 ლის 5 მარტს ქალაქ ბოლონიაში დაიბადა. პაზოლინის მამა ფაშისტი იყო. პაზოლინის ოჯახი წარმოშობით იტალიის ჩრდილო აღმოსავლეთის მხრიდან – ფრიულიდან იყო, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად, რეტო-რომანულ დიალექტზე, ფრიულანოზე მეტყველებს. მოგვიანებით პაზოლინიმ საკუთარი გამოხატვის ფორმად რომის გარეუბნების უხეში ენა აირჩია. ბავშვობის დიდი ნაწილი მან დედამისის მშობლიურ მხარეში – კაზარსა დელა დელიციაში, ვენეციის ჩრდილო-აღმოსავლეთით გაატარა. ამ პერიოდში ის დაინტერესებული იყო ამ რეგიონის დიალექტით.

მდიდარი გლეხის ოჯახიდან გამოსული, მოკრძალებული და სათნოებით აღსავსე დედისა და გაღატაკებულ, არისტოკრატიული წარმომავლობის ამპარტავან და ფაშისტ მამას შორის არსებულმა მუდმივმა უსიამოვნებამ პაზოლინის ადრეულ ასაკშივე ჩამოუყალიბა ურყევი პოზიცია, რომელიც ყოველთვის ჩაგრულთა, დამცირებულთა, განდევნილთა და მარგინალთა თანადგომაში გამოიხატება.

თითქმის ყოველი მისი ფილმი სკანდალს იწვევდა. ფილმებს ასამართლებდნენ, საბოლოოდ კი მაღალმხატვრულ ნაწარმოებებად აღიარებდნენ, რომელთაც თვით ვატიკანი აჯილდოვებდა ქრისტიანული იდეებისა და ჰუმანურობისათვის. პარადოქსულობა და წინააღმდეგობრიობა პაზოლინის ცხოვრების მუდმივი განმსაზღვრელი იყო.

პიერ პაოლო პაზოლინი მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის გენიალური იტალიელი რეჟისორი იყო. მას არაერთი არაჩვეულებრივი ფილმი ეკუთვნის. „აკატონე“, „მათეს სახარება“, „დეკამერონი“, „კენტერბერიული მოთხრობები“ . ცხოვრების ბოლოს კი არაჩვეულებრივი ვერდიქტი გამოუტანა ელიტისტურ ბურჟუა საზოგადოებას თავისი ნამუშევრით "Salo ან სოდომის 120 დღე".

მარკიზ დე სადის რომანი “სოდომის 120 დღე” პიერ-პაოლო პაზოლინიმ 1975 წელს მეთვრამეტე საუკუნიდან 1945 წელს გადაიტანა, დე სადის ყველანაირი ძალადობით, ანომალიებითა და სექსუალური აღვირახსნილობით სავსე სცენები კი უცვლელად გამოხატა ეკრანზე...და რამდენადაც მარკიზ დე სადის სიტყვას არ შეეძლო მკითხველის ფსიქიკაზე ისეთი უშუალო ზეგავლენა მოეხდინა, როგორც ეს კინოს შეუძლია, პაზოლინის ფილმში ნაჩვენებმა რიტუალებმა თვით დე სადის პროვოკაციული ნაწარმოების ერთგული დამფასებლებიც კი გააღიზიანა. პაზოლინი მისმა თაყვანისმცემლებმაც კი გაკიცხეს, “სალოში” თავად რეჟისორის აკვიატებული კომპლექსები და სექსუალურ გარყვნილებაზე ფიქსაცია დაინახეს, მაგრამ როცა ფილმის პრემიერიდან რამდენიმე თვის შემდეგ რომის გარეუბანში პაზოლინის დასახიჩრებულ ცხედარს გადაეყარნენ, როცა გაირკვა, რომ დიდი იტალიელი რეჟისორის სხეული მკვლელმა, 17 წლის რომაელმა ყმაწვილმა ჯუზეპე პელოზიმ, ნაკუწებად აქცია, პაზოლინის ოპონენტებმა “სალოს” ახლებური გააზრება დაიწყეს. ნათელი გახდა, რომ ეს ფილმი პაზოლინის წინასწარმეტყველება იყო. როგორც მოგვიანებით სურათის კომპოზიტორი ენიო მორიკონე აღნიშნავდა: “პაზოლინიმ ორჯერ დადგა თავისი სიკვდილი – ჯერ ფილმში, შემდეგ კი - რეალურად, ცხოვრებაში. მან თავის მკვლელს ისეთივე როლი შეასრულებინა, როგორსაც მის ფილმში “სალოს” მმართველი სადისტები ასრულებენ.


პაზოლინი ამ ფილმით ნათლად აჩვენებს რაოდენ აბსურდულია და ყალბია ადამიანის გაუთავებელი დომინაციის, სიხარბის, ახურუშების მითი.

ყველაზე სახიფათო რაც შეიძლება ადამიანებს დაემართოს ეს არის სიყვარული - სხვაზე ფიქრი - ეს ძალიან მავნებელია სისტემისათვის. ადამიანი ეგოისტი უნდა იყოს აუცილებლად და თანაც პერვერსიული ეგოისტი - რომ ხმა არ ამოეღებოდეს. „ტოტალური გაუპატიურებების, ძალადობის, დამცირების ფონზე ახალგაზრდებს მასტურბირებას ასწავლიან. საზოგადოება ახალგაზრდა გოგოს სრულიად მხეცურ სიკვდილს სიცილით ხდება. მან ხომ შემთხვევით ღმერთი ახსენა და მისი მოწყალება ითხოვა. სეკულარული დიქტატურა იცინის სიყვარულზე და მრწამსზე - მთავარი "რაციონალური გონებაა", რომელიც სხვა ადამიანის გამოყენების და მისი დაჩაგვრის იმპერატივს აყენებს. სწორედ ამ ყველაფრის კრიტიკა იყო და არის პაზოლინის“ სალო“.

ცხადია, ყველანი ცოდვილები ვართ და ყოველ ჩვენთაგანში ზის Salo-ს პერსონაჟი. მაგრამ, ამავე დროს ყოველ ჩვენგანს შეუძლია ამ დაუნდობელი "რაციონალობის" გადალახვა - იმისათვის რომ ჯანმრთელ ემოციას, და ყველაზე რაციონალურ აქტს დაუთმოს გზა, რომელსაც სხვა ადამიანის სიყვარული ჰქვია.

ვერც ერთი საზოგადოება ვერ იქნება ჯანმრთელი სადაც ეს პრინციპი არ ზეიმობს და სადაც Salo-ს რესპუბლიკის იდეალები ქრისტეს სამეფოს იდეალებზე მაღლა დგას.

პაზოლინი თავისივე შემოქმედებაში გაიდეალებული ‘ლუმპენების’ მსხვერპლი გახდა. თუმცა, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მკვლელობას პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა – სამოცდაათიანი წლების იტალიაში ნეო-ფაშისტების მკვეთრი გააქტიურება შეინიშნებოდა, რომელთაც რამდენჯერმე დაარბიეს კიდეც პაზოლინის სახლი. სწორედ ისინი უნდა ყოფილიყვნენ დამკვეთები. უკვე დახურულ პროცესს, რამდენიმე წლის შემდეგ დამნაშავის ახალი აღიარება მოჰყვა, რამაც საბოლოოდ დაადასტურა ეჭვები: მკვლელები ( როგორც აღმოჩნდა, ის ერთი კი არა, ოთხი იყო) გაშმაგებულნი ურტყამდნნ რეჟისორს და თან დასძახოდნენ: “ესეც შენ, დამპალო კომუნისტო, შენი კომუნისტური იდეებისთვის”.

პიერ-პაოლო პაზოლინი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდა და, შესაძლებელია, ამიტომაც დაიღუპა, ამიტომაც ავიდა საკუთარი ფეხით გოლგოთაზე. “სიკვდილის ანგელოზმა”, როგორც მას ხშირად უწოდებენ ხოლმე, ანდერძად “სალო” დაგვიტოვა და უკანასკნელად გაგვაფრთხილა: “თქვენი თავის ნუ შეგეშინდებათ, ბოლოს და ბოლოს შეიძლება დაიღუპოთ, მაგრამ ვინა თქვა, რომ სიკვდილია –ყველაფრის დასასრული?”

კომენტარი