ნაცემი ნაციონალი ქუთაისში და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები

გთავაზობთ, დღეს 17 აპრილს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.

უხილავი ხელი მერაბიშვილის წინააღმდეგ. ყოფილი ხელისუფლების გუნდიდან ნაცმოძრაობის გენერალურ მდივანს კიდევ 2 ადამიანი დაუპირისპირეს. პარლამენტარმა მარიკა ვერულაშვილმა ჟურნალისტებთან მერაბიშვილის წინააღმდეგ განცხადებები გააკეთა, ყოფილი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის სახელით კი ფეისბუქზე განცხადება გავრცელდა, სადაც მერაბიშვილს რამდენიმე ბრალდებას უყენებენ. ვერულაშვილის განცხადებებს ნაცმოძრაობა მოქმედი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შედეგად მიიჩნევს, ადეიშვილის განცხადების ნამდვილობა კი დადასტურებული არ გახლავთ. ისევე როგორც დათა ახალაიას ფეისბუქ-განცხადების შემთხვევაში უცნობია ადეიშვილის განცხადების რეალური ავტორის ვინაობაც. თუმცა კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნული განცხადებების გავრცელების იდეა მთავარი პროკურორის მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილს ეკუთვნის. რაც შეეხება ყველა ბრალდების ადრესატს, მერაბიშვილმა დღეს ჟურნალისტებტან საუბრისას განაცხადა, რომ სურს შეუნდოს იმ ადამიანებს ვინც ზეწოლას ვერ გაუძლო და მადლობას უხდის იმ მეგობრებს, რომლებიც დღემდე მის გვერდით დგანან.

ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის მხარდამჭერი, 25 წლის ირაკლი გვალია ცემეს. ამის შესახებ თავად გვალიამ დღეს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ გია უკლებასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც დაზარალებული ყვება, წუხელ, ღამის თორმეტ საათზე მას სასტუმრო "თბილისთან" ორი უცნობი დახვდა, რომელთაგან ერთმა ხელი ჰკრა, ხოლო მეორე რეზინის ხელკეტს ურტყამდა. „როცა ცემას მორჩნენ, მითხრეს, „ამის შემდეგ 19 აპრილის აქციაზე წასვლის სურვილი ალბათ, აღარ გექნებაო". „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების დაშინებიდან უკვე ცემაზე გადავიდნენ! მოვუწოდებ სამრთალდამცველებს, აღნიშნული ფაქტი გამოიძიონ" – განაცხადა ირაკლი გვალიამ, რომელმაც პოლიციას უკვე მიმართა.

პროფკავშირების აქცია გაიმართა დღეს ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ. აქციის მონაწილეები "შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების ნაწილს აპროტესტებენ. მათი თქმით, ცვლილებებიდან აუცილებლად უნდა იქნას ამოღებული პუნქტი, რომელიც დამსაქმებელს აძლევს საშუალებას, სხვა ობიექტური მიზეზების გამო გაათავისუფლოს დასაქმებული სამსახურიდან, გარდა ამისა გაიზარდოს დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა და განსხვავებული ტარიფით იქნას ანაზღაურებული ღამის საათებში შესრულებული შრომითი საქმიანობა. პროფკავშირების აქციას სამთო მეტალურგთა და ქიმიური პროფკავშირების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იპოთეკარებთან ერთად მივიდა და აქცია-ბრიფინგი გამართა. ისინი მოითხოვენ, შეწყდეს იპოთეკით დატვირთული სახლებიდან გამოსახლების პროცესი. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეასრულონ წინასაარჩევნო დაპირება და გასცენ დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხები.

ხელვაჩაურის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ორგანიზებულ–დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი ქურდობის ფაქტზე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები წლების განმავლობაში ხელვაჩაურში მდებარე სამკერვალო ფაბრიკა "ბი–თი–ემ ტექსტილის" დაცვის სამსახურში მუშაობდნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 2011 წლის მარტიდან 2013 წლის აპრილამდე სამკერვალო ფაბრიკა და მის ტერიტორიაზე მდებარე სუპერმარკეტი 20-ჯერ გაქურდეს. ამ დროისთვის დადგენილია, რომ ბრალდებულებმა 2 წლის განმავლობაში 15 000 ლარის ღირებულების სიგარეტი და 50 000 ლარზე მეტი ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნივთი მოიპარეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულები 20-ვე ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

სამართალდამცველებმა ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1971 და 1974 წელს დაბადებული მამაკაცები დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ორივე ბრალდებული "ქურდული სამყაროს" წევრობას აღიარებს. ისინი ე.წ. "ქურდული" წესების დაცვით მოწყობილი გარჩევებისას, დაშინებისა და მუქარის გზით, მოქალაქეებს სხვადასხვა ოდენობის თანხას სძალავდნენ. სამართალდამცველებმა ისინი ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში აიყვანეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223–ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დღეს წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოეწერში დევნილების დასახლებაში იმყოფებოდა. ის ადგილზე გაეცნო დევნილთა სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს, ასევე ჯანდაცვაში არსებულ ვითარებას. ნანუაშვილის თქმით, დევნილთა საცხოვრებელი პირობები ფოცხოეწერში გაუსაძლისია და დროულად უნდა მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება. ამ წუთებში სახალხო დამცველი ზუგდიდის სასჯელაღსრულების #4 დაწესებულებაში მივიდა და პატიმრების მდგომარეობას ეცნობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ქალაქ ფოთში, ახალ რაიონში ჩასახლებულ დევნილებთან შეხვედრა გამართა. ფოთის ახალ რაიონში დასახლებული აფხაზეთიდან დევნილები სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ჯანდაცვისა და დასაქმების სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას ითხოვენ. ვახტანგ ყოლბაია დევნილებს არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში აქტიურად ჩართვასა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან შუამდგომლობას დაჰპირდა. ფოთის ახალ რაიონში დევნილი ოჯახები საცხოვრებლად წყალტუბოდან და ზუგდიდიდან 2011 წელს ჩაასახლეს. ფოთში ვიზიტის ფარგლებში, ვახტანგ ყოლბაია სოხუმის ილია ვეკუას სახელობის უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი ნიკო ნიკოლაძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა, სადაც მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო და ავტორიზაციის პრობლემებზე ისაუბრა.

ირინა იმერლიშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებს ასაჯაროებს. დოკუმენტები, რომელთაც აქამდე გრიფი – საიდუმლო ედო, დეპუტატმა პროკურატურიდან გამოითხოვა. უმრავლესობის წევრების განცხადებით, დოკუმენტებით ირკვევა, რომ პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და სტუმრების ვიზიტები, საჩუქრები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფარული ხარჯებიდან ფინანსდებოდა. დოკუმენტები მედიას ირინა იმერლიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე დავით საგანელიძესთან ერთად წარუდგინა.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დღეს ქუთაისში ჟურნალისტებს შეხვდა. დავით დარახველიძემ დევნილთა პრობლემებზე და მათი ბინებით დაკმაყოფილებაზე ისაუბრა. მთავარი ყურადღება მან იმერეთში ჩასახლებულ დევნილთა მძიმე პირობებზე გაამახვილა და მათ მოგვარებას დაჰპირდა. მინისტრმა, ასევე, ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო ჟურნალისტებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

"ახალგაზრდა ინჟინრების როლი საქართველოს ენერგეტიკის სექტორში", - ამ სახელწოდებით ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ გახსნა. ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, კონფერენცია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციის მიზანია, ახალგაზრდა ინჟინრების ხელშეწყობა ენერგოსექტორში. კონფერენციას ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

ჩეხეთში მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს განაგრძობს. საპარლამენტო დელეგაცია დღეს ჩეხეთის დეპუტატთა პალატაში იმყოფებოდა. დავით უსუფაშვილი, პარლამენტარებთან ერთად, "სოციალ-დემოკრატიული პარტიის" ფრაქციის წევრებს შეხვდა. გაიმართება შეხვედრა მმართველ მემარჯვენე ცენტრისტულ კოალიციასთან. დღის მეორე ნახევარში დავით უსუფაშვილს ჩეხეთის სენატში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩეხეთის მუდმივმოქმედი დელეგაციების წარმომადგენლები მიიღებენ.

ფინანსთა მინისტრმა აშშ-ში გამართულ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობა მიიღო. ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარ ეკონომისტს ოლივიერ ბლანშარდს შეხვდა და მისივე ავტორობით შექმნილი წიგნის - "მაკროეკონომიკის" ქართული თარგმანი გადასცა. თარგმანი ნოდარ ხადურს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ჯგუფს ეკუთვნის. ფინანსთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის სარეიტინგო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდება.

კომენტარი