სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ, სად და რა გააპროტესტა დღეს, 19 მარტს?

ერთი დღე და ექვსი საპროტესტო აქცია. გთავაზობთ დღეს 19 მარტს, საქართველოს მაშტაბით გამართული აქციების დაიჯესტს.

დღეს დილით ბათუმიდან ქუთაისის მიმართულებით ასკაციანი დევნილთა ჯგუფი დაიძრა. იძულებით გადაადგილებულებმა აქცია პარლამენტთან გამართეს. ბათუმში მცხოვრები იძულებით გადაადგილებულები, რომლებიც 2006 წელს სასტუმროებიდან 7000 დოლარის კომპენსაციის სანაცვლოდ გამოასახლეს, აცხადებენ, რომ მაშინ ამ თანხით ვერაფერი შეიძინეს, ამიტომ ბინებით დაკმაყოფილებას ახლა მოითხოვენ. აქციის მონაწილეებს უმრავლესობის ლიდერი შეხვდა და პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა.

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი გრძელდება. გვიან ღამით განათლების სამინისტროსთან მათ სლაიდ-შოუ მოაწყვეს. აჩვენეს უნივერსიტეტის ძველი და ახალი კადრები. მოთხოვნები უცვლელია. საინიციატივო ჯგუფი უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაბათილებას ითხოვს, რადგან მათი თქმით, უმაღლესი სასწავლებლის დოკუმენტაციაში ხარვეზები უკვე გასწორებულია. განათლების მინისტრი კი აცხადებს, რომ უნივერსიტეტმა ხარვეზები გამოასწორა და ავტორიზაციის დაბრუნებას უახლოეს მომავალში შეძლებს. აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციების განახლებას განათლების სამინისტროსთან ოთხშაბათს განაახლებენ.

შიმშილობის აქცია აჭარის პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელ ავთანდილ კილაძის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, მეოთხე დღეა მიმდინარეობს. მასში ადვოკატები და ის პირები მონაწილეობენ, რომლებიც პროკურორ კილაძის ქმედებების გამო თავს დაზარალებულად მიიჩნევენ. დღეს კი აქციაზე ერთ-ერთი მოშიმშილე ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ადგილზე მისულმა მედიკოსებმა შიმშილობის შეწყვეტა და სტაციონარში გადასვლა ურჩიეს, რაზეც აქციის მონაწილემ უარი განაცხადა.

გორის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები სავაჭრო ტერიტორიის სხვა ადგილზე გადატანას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ბაზარი ერთი წლის წინ უცხოელმა ინვესტორმა შეიძინა. ახალ ობიექტს კი ქალაქიდან მოშორებით აშენებენ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ იქ მათ უფრო მეტი გადასახადის გადახა მოუწევთ. გორის ბაზარში დღეს პარლამენტარი თამაზ შიოშვილიც მივიდა, რომელიც აქციის მონაწილეებს ვითარებაში გარკვევას დაჰპირდა.

დევნილები და სოციალურად დაუცველები ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონის 34-ე კორპუსიდან გამოსახლებას აპროტესტებენ. ისინი დღეს ბიზნეს-ცენტრთან შეიკრიბნენ და პრემიერთან შეხვედრა მოითხოვეს. იძულებით გადაადგილებული პირების განცხადებით, შენობას არ დატოვებენ მანამ, ვიდრე საცხოვრებელ ფართებს არ დაუკანონებენ.

ბოლნისელებმა დღეს რაიონში შექმნილი მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა გააპროტესტეს. პროტესტის ნიშნად ადგილობრივმა მოსახლეობამ დაბიდან საწარმო "მადნეულამდე" მსვლელობა მოაწყო. აქციის მონაწილეთა განმარტებით საწარმო დაბას ამინძურებს და ისინი ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას და ქარხანაში დასაქმებას ითხოვენ. საწარმოში კი მათ საპასუხოდ აცხადებენ, რომ "მადნეულში" 80 პროცენტი ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული, "კვარციტში" კი 75 პროცენტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100