„ევროვიზია–2012–ის“ ვებ–გვერდს ჰაკერებმა შეუტიეს

აზერბაიჯანულ საიტებზე, eurovision.az, eurovisionaz.com, esctoday.com და ann.az–ზე, რომლებიც საერთაშორისო კონკურსის „ევროვიზია–2012“–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აშუქებენ, დღეს ჰაკერებმა შეუტიეს. ამ დროისათვის მითითებულ საიტებზე შესვლა შეუძლებელია.

ბაქოს საინფორმაციო სააგენტო АРА იუწყება, რომ თავდასხმა ჰაკერების ჯგუფმა განახორციელა, რომლებიც საკუთარ თავს „თავისუფლების ფედაიენებს“ უწოდებენ.

„ვებ–გვერდ ann.az–ზე ჯგუფმა თავისი მოთხოვნები განათავსა. ატვირთეს ჟურნალისტის, რაფიკ თაგის, ფოტო, რომელიც 2011 წელს, ბაქოში, დაუდგენელმა პირებმა მოკლეს. ასევე დატოველს ლოზუნგები „ევროვიზიის“ წინააღმდეგ“ – აცხადებს APA.

შეგახსენებთ, „ევროვიზია – 2012“ ბაქოში, 22–26 მაისს გაიმართება. აზერბაიჯანმა პრესტიჟული კონკურსის მასპინძლობის უფლება მას შემდეგ მოიპოვა, რაც 2011 წლის „ევროვიზიის“ გამარჯვებული, აზერბაიჯანელები ელდარ გასიმოვი და ნიგარ ჯამალი გახდნენ, რომლებიც Ell&Nikki–ის ფსევდონიმით გამოდიოდნენ.

კომენტარი