ნატო გელაშვილის სიმღერებს უკვე ამერიკელი ბებიებიც ღიღინებენ

მის სიმღერებს თითქმის მთელი საქართველო ღიღინებს, ყველგან გაიგონებთ ნატო გელაშვილის ხმას რადიოთი ან ტელევიზიით, შინ ყოფნისას თუ სამარშრუტო ტაქსიში, ემოცია კი ყველგან ერთნაირია - ზოგი თავს აყოლებს, ზოგიც ფეხის ბაკუნით უერთდება გაჟღერებულ საქეიფო მელოდიას, რაც შეეხება შეყვარებულ გულებს, მათ ჩუმ ფიქრს ნატოს სიმღერები ახმოვანებს...დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი სწორედ ნატო გელაშვილი გახლავთ:
- ნატო გელაშვილს ვიცნობთ, როგორც მომღერალს, მაგრამ იქნებ გაქვთ პროფესიაც, რომელიც ჩვენ არ ვიცით?
- მეტი ნამდვილად არა, კიდევ ერთი პროფესია - დედობა მაქვს ათვისებული.
- პირველი სიმღერა როდის დაწერეთ და ვის მიუძღვენით?

- არავისთვის მიმიძღვნია, ეს იყო სკოლის ასაკში და ძალიან პატარა ვიყავი, დაახლოებით მე-4-5 კლასში ვიქნებოდი, პირველმა თოვლმა ჩემში გამოიწვია ისეთი ემოცია, რომ მეწვია სიმღერის დაწერის მუზა. მართალია, ახლა არ მახსოვს რა სიმღერა იყო, მაგრამ მას მერე დავიწყე წერა კლასელებისთვის, ჯერ ერთი იმიტომ, რომ კვარტეტი გვქონდა, სიმღერები გვჭირდებოდა და მეორეც, ჩემი კლასელები პატარაობიდანვე შეყვარებულები იყვნენ, ამიტომ მათი გრძნობიდან გამომდინარე ხან ლექს ვუწერდი, ხანაც სიმღერებს.
- უამრავი სიმღერა სიყვარულზე, უამრავი ჩაფიქრებული ადამიანი, რას გრძნობთ, როცა ხედავთ ხალხის ემოციას თქვენს სიმღერებზე?
- განსაკუთრებულს არაფერს, ძალიან ხშირად გაუჩერებივარ ქუჩაში ქალებს და უთქვამთ ასეთი ფრაზა: მგონია, რომ ჩემზე წერ. ყველა ქალის ისტორია მეტ-ნაკლებად ერთნაირია, აქედან გამომდინარე, თუ მე დღეს რაღაც სათქმელი დამიგროვდა, აუცილებლად მოუწევს მეორე დღეს ამის თქმა სხვას. ამიტომაც ახლობელია ქალებითვის ეს თემა, მაგრამ, როცა კაცებიც იგივეს მეუბნებიან, ერთ დასკვნამდე მივდივარ, ალბათ, კაცებსაც ისეთივე გრძნობით უყვართ, ისევე ენატრებათ, ისეთივე მოლოდინი აქვთ, როგორიც ჩვენ.
- მე ვერ ამოვარჩევ თქვენი სიმღერებიდან რომელიმეს, ყველა ერთნაირად უყვარს ხალხს, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, რომელმა სიმღერამ მოგიტანათ უფრო მეტი პოპულარობა?

- პირველი სიმღერა, რომელიც ხალხში გაჟღერდა და შეიყვარა საზოგადოებამ, იყო "ისევ ღამე, ისევ თოვა", მაგრამ საქმე რაშია იცით? არავინ იცოდა, რომ მე ვიყავი ამ სიმღერის ავტორი.
- და როგორ გაირკვა?
- სხვათა შორის, ძალიან გვიან გაირკვა, ეს მოხდა მაშინ, როცა გამოვჩნდი ხალხში. მახსოვს, პირველად რომ მიმიწვიეს ეთერში, იყო უამრავი ზარი, რეკავდნენ გაკვირვებული ადამიანები, როცა იგებდნენ, რომ მათი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერის ავტორი ვიყავი მე. ასევე "ღვინოს დავლევ სალხინოს" რატომღაც ყველას კაცის დაწერილი ეგონა.
- თქვენი მომავალი გეგმები, ანუ აპირებთ თუ არა ახალი ალბომის გამოშვებას, ან კონცერტის გამართვას ხომ არ გეგმავთ?
- ალბომის გამოშვებისთანავე იწყება მეორე ალბომზე ფიქრი და მუშაობა, დღესაც სწორედ ამ ეტაპზე ვარ, უბრალოდ, არ ვიცი როდის დასრულდება და რამდენი სიმღერა შევა. კონცერტებს რაც შეეხება, სულ რაღაც ერთი კვირაა ჩამოვედი, ძალიან ბევრი გასტროლი
მქონდა, საქართველოში კი 8 ივლისს ვგეგმავთ მე და გიო ევენტ ჰალლ-ში ჩვენი ტანდემის 10 წლის იუბილეს ჩატარებას.
- სად გქონდათ ამჯერად გასტროლები?

- ამერიკაში ვიყავი, გავმართე ოთხი კონცერტი. ჩამოვიტანე ბევრი სითბო, სიყვარული, მონატრება, ერთი სიტყვით, ძალიან დიდი ემოციებით დამუხტული ჩამოვედი.
- ისეთივე პოპულარული ხართ ამერიკაშიც, როგორიც აქ?
- იქაურ ქართველებში კი, მაგრამ ძალიან სასაცილო იყო, როცა დავინახე კონცერტზე უამრავი ამერიკელი ბებია, ანუ ისინი, ვისთანაც ქართველები მუშაობენ და მათი საშუალებით იციან ჩემი სიმღერები. განსაკუთრებით ერთი მოხუცი ქალბატონი დამამახსოვრდა, რომელიც კონცერტის დასრულების შემდეგ მოვიდა და მითხრა: სცენიდან ისეთი სითბო იფრქვეოდა, მეგონა, ოჯახში ვიჯექი და მარტო მე მიმღეროდიო. სწორედ ეს არის ბედნიერება, როცა ადამიანს არ ესმის შენი ენა და ემოციურად იგებს იმას, რისი თქმაც გსურს.
- სულ რამდენი ალბომი გაქვთ გამოშვებული?
- სულ ექვსი ალბომი მაქვს გამოშვებული, ბოლო ალბომს, რომელიც უკვე გამოვიდა, ჰქვია "ყვავილების დედოფალა".
- თქვენს სიმღერებში მიტოვებული ქალის დარდი და ტკივილია, მაგრამ, როგორც იქნა, გავიგონეთ ფრაზა: "კარს მომადგა ჩემი დიდი სიყვარული...“, "მადლობა, რომ შემიყვარე..." ვის ეუბნებით ამ სიტყვებს და ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ თქვენი სიმღერები თემატურად შეიცვლება?
- მინდა გითხრა, რომ არასდროს ვყოფილვარ მიტოვებული. ჩემი უცნაური ხასიათის გამო ყოველთვის პირიქით ხდება, მაგრამ მე მაქვს მასეთი განცდა, რადგან, როცა შეყვარებული ვარ, მაქვს დეპრესია. ყველაფერს ვხედავ ძალიან მძიმედ და მგონია, რომ ბედნიერება მალე დამთავრდება, სწორედ აქედან მოდის ეს ემოცია, რომელიც შემდეგ იწერება. სიყვარულისთვის მადლობა კი გადავუხადე ჩემს მეუღლეს, ადამიანს, რომელსაც აქვს ბუმბერაზი გრძნობა, ალბათ, უნდა ვუთხრა მადლობა, ის ამას იმსახურებს! ყველა ადამიანს აქვს ზოგიერთ მომენტში მძიმე ხასიათი, ქალებს განსაკუთრებით და მათ შორის მეც, როცა ადამიანს შენ ყველანაირი უყვარხარ, ვფიქრობ, რომ ის მართლაც მადლობის ღირსია!
- მოდაში შემოვიდა მომღერლების, სპორტსმენების, მსახიობების პოლიტიკაში წასვლა, თქვენც ხომ არ გიფიქრიათ ამაზე და საერთოდ, რა აზრის ხართ ამ თემასთან დაკავშირებით?
- არანაირი სურვილი არა მაქვს, მე და პოლიტიკა ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან, ეს არის თემა, რომელშიც ნაკლებად ვარ გარკვეული. ვფიქრობ, რომ პოლიტიკა მხოლოდ პოლიტოლოგების საქმეა. რაც შეეხებათ სხვებს, ეს მათი გადასაწყვეტია. ღმერთმა მომცა ერთი რამის ნიჭი და უნდა ვაკეთო ის. ჯერჯერობით ამ ჭკუაზე ვარ და ვერ გეტყვი სიბერეში თუ გავაფრენ...
- როგორც გავიგე, კლიპს იღებთ.…
- იგეგმება ნამდვილად, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არ მიყვარს კლიპები და ძალიან ცოტა მაქვს, თუ არ ჩავთვლით ვიდეო და საკონცერტო მასალას, არის ლაპარაკი ამის თაობაზე, ოღონდ დავთანხმდები თუ არა, არ ვიცი, რადგან მიმაჩნია, რომ სიმღერას კლიპი არ სჭირდება.
- რომელ სიმღერაზეა საუბარი და როდის ნახავს საზოგადოება?
- ახალი სიმღერაა, რომელსაც ჰქვია "გახლეჩილი ალუბლები". ეს სიმღერა მე უკვე ვიმღერე, მქონდა პრემიერა, ოღონდ არა საქართველოში, არამედ ამერიკაში და, თქვენ წარმოიდგინეთ, კონცერტზე მამღერეს ოთხჯერ, იქ მყოფმა ხალხმა ისე უცებ აიტაცა, რომ როცა მეორედ დავიწყე სიმღერა, დარბაზი უკვე მყვებოდა და თვითონაც ღიღინებდნენ. მე არ ვიცი, საქართველოში როგორი გამოხმაურება მოყვება, მაგრამ დღე-დღეზე გამოჩნდება და მოისმენენ უკვე აქაც.

კომენტარი