სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გამარჯობა, პლაგიატო, შენი!.. ანუ ზუმბასკანდალი (ვიდეო)

„იუთუბსა“ და სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ბოლო დღეებში ისევ გააქტიურდა მსჯელობა, რომლის მთავარი თემა ზუმბას პლაგიატია. ვიდეოში, რომელიც მცირე ხნის პაუზის შემდეგ ისევ აქტუალური გახდა, გალაკტიონის ცნობილ ლექსზე სიმღერას არა ზუმბა ან ქართული ესტრადის წარმომადგენლები, არამედ მომღერალთა გუნდი ასრულებს.

ამ სიმღერისთვის მუსიკა კომპოზიტორმა გოგი ჩლაიძემ დაწერა. ეს აფხაზეთის ომის დასრულებიდან სულ ცოტა ხანში მოხდა და სიმღერის მუსიკა საგანგებოდ დაიწერა სოხუმის თეატრის მიერ დადგმული სპექტაკლისთვის - „ზღვა, რომელიც შორია“. სწორედ ამ შესანიშნავ სპექტაკლში გამოიყენეს ეს სიმღერა პირველად.

როცა წლები გავიდა და „პატრინოტის“ კონკურსი გამოცხადდა, განაცხადთა შორის ზუმბას „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი“ მოხვდა. ცნობილია, რომ „პატრინოტი“ კომპოზიტორთა კონკურსია, ასე რომ, განაცხადში მუსიკის ავტორად ზაზა კორინთელი იყო მითითებული. კონკურსში ამ სიმღერის გამარჯვების შემდეგ, „დრონი.ჯი“-ს ინფორმაციით, მუსიკოსთა წრეში მცირე სკანდალი მოხდა, რომელიც არ გახმაურებულა. ზუმბა პლაგიატში დაადანაშაულეს და გოგი ჩლაიძის მუსიკის მითვისებაში დასდეს ბრალი. წყარო ამბობს, რომ სკანდალი მხოლოდ იმიტომ არ გახმაურდა, რადგან ზუმბა გოგი ჩლაიძის შვილის მეგობარია. ანუ, ამ ამბისგან სკანდალის შექმნა მაშინ თვითონ გოგი ჩლაიძემ არ ისურვა.

მაგრამ, როგორც იტყვიან, შუბი ხალთაში არ დაიმალა და ამ თემაზე საუბარი ბოლო დღეებში ისევ დაიწყო.. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ კომენტარებში ნათლად ჩანს, რომ როგორც მოყვარულების, ასევე პროფესიონალი მუსიკოსების მოსაზრება პლაგიატის ბრალდებასთან დაკავშირებით ორ ნაწილად იყოფა.

მათ ნაწილს არ გასჭირვებია გოგი ჩლაიძის მიერ დაწერილ მუსიკასა და ზუმბას მიერ შესრულებულ სიმღერას შორის ბევრი მსგავსების ნახვა. მელოდიური ხაზი, ტონალობა, პაუზები, გადასვლა - ეს ისაა, რაშიც მსგავსება აშკარად ჩანს. მათი შემჩნევისთვის მუსიკალური განათლება სულაც არ არის აუცილებელი. მაგრამ არის ორი რამ, რაც ამ ორ შესრულებას ერთმანეთისგან განასხვავებს - რიტმი და მისამღერი. თუმცა, თავისთავად ცხადია, პლაგიატის ისტორიაში ჯერაც არ ყოფილა ყველაფრის სიტყვასიტყვით ან ნოტების ზუსტი კოპირებით „გადამღერების“ შემთხვევა - ყველა რაღაც დეტალს ცვლის.

ამ მითქმა-მოთქმაშთან დაკავშირებით კომენტარი მომღერალმა ზაზა კორინთელმა ჯერ კიდევ გასული წლის იანვარში გააკეთა:

- ამ ხმების შესახებ მეც შევიტყვე, თუმცა, პრეტენზია პირადად არავის უთქვამს.

- თვითონ თუ ხედავთ ამ ხმების გავრცელების საფუძველს?

- ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ. თუ მოგისმენიათ ჩემი და ის სიმღერა, რომლის მუსიკის მითვისებაშიც მადანაშაულებენ, აბსოლუტურად სხვადასხვაა.

- მანამდე თუ გქონდათ მოსმენილი გოგი ჩლაიძის მიერ დაწერილ მუსიკაზე შესრულებული იგივე სიმღერა?

- ეს სიმღერა რომ არსებობდა, არ ნიშნავს იმას, რომ მაგ ტექსტზე სხვა მუსიკის დაწერა არ შეიძლებოდა. გალაკტიონის ლექსზე სიმღერის დაწერა არავის ექსკლუზივი არ არის...

სტატიას თან ერთვის „იუთუბზე“ ატვირთული ვიდეო, ასე რომ, დასკვნა პლაგიატის არსებობა-არარსებობის შესახებ, მკითხველს თავად შეუძლია გააკეთოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100