„ჩემთვის ყველაზე დიდი გამარჯვება ეს არის“- დრონი.ჯი-ს ინტერვიუ მომღერალ გუგა მარგველაშვილთან

გუგა მარგველაშვილი, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ შექმნილ პროექტ „მხოლოდ ქართულიდან“ ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მომღერალია.

მისმა ვიზუალმა და ნიჭიერებამ ქართველი გოგონები მალევე მონუსხა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, გუგა სიმღერის პარალელურად, ცეკვის ნიჭითაც გამოირჩევა. მკითველისთვის ალბათ სიურპრიზი იქნება ის, რომ გუგა თამაშობდა ფეხბურთს, კლუბ „საბურთალოში“. ინფორმაციას უფრო ვრცლად ინტერვიუში გთავაზობთ.

- საზოგადოებას უკეთ რომ გავაცნოთ გუგა მარგველაშვილი, მოგვიყევი შენს შესახებ.

- ვარ 22 წლის, ვსწავლობ ორ უნივერსიტეტში. ბავშვობიდან ქართულ სიმღერებს ვმღეროდი, რაზეც ბაბუაჩემმა იქონია დიდი გავლენა. პირველი აკორდები სწორდ მან ამაღებინა გიტარაზე. ჩემი დეიდაშვილებიც მღერიან და ერთი სული გვქონდა როდის დადგებოდა შაბათ-კვირა, რომ ავსულვიყავით ბაბუასთან და გვემღერა. ამ შეხვედრას დავარქვით „პაემანი ვერაზე“. არა მხოლოდ ქართულს, უცხოურ სიმღერებსაც ვღეროდით.

ბაბუაჩემს ჰქონდა ჩამოწერილი კრებული, შესაძლოა უმეტესობა არც იცოდეს დღეს არავინ. ჩემი პირველი ნაბიჯი იყო სტუდია „ლურჯა ცხენები“ ხელმძღვანელი ნანა ბალახაშვილი გახლდათ. ხუთი წლის ვიყავი როდესაც პირველად სცენაზე ვიმღერე „გოგონავ შენმა თვალებმა“. აი, სწორდ აქედან დაიწყო ჩემი მუსიკალური კარიერა. ცეკვაზე ვიარე რამდენიმე წელი, სხვათაშორის მალევე გადავედი ანსამბლში „მერანი“ რომლის წყალობითაც მოვხვდი არაჩვეულებრივ მოგზაურობაში თამაზ კობახიძის და ნინო ლაზიშვილის ხელმძღვნელობით. არ ვიცი რატომ დავანებე თავი, ალბათ ჩემი სიზარმაცის გამო.

შემდეგ იყო ფეხბურთის ინტერესი. ვგიჟდები ამ სპორტზე. დავდიოდი კლუბ „საბურთალოში“, რომელიც ახლა ძალიან წარმატებულია და უმაღელსი ლიგა მოიგო ბოლოს. ჩემმა ძმაკაცმა საჩუქარი გამიკეთა, ეზოში თამაშის დროს მომტეხა ლავიწი. რეალურად ამ დროს უნდა მოუარო მოტეხილობას, მაგრამ მე მსგავსი არაფერი გამიკეთებია და გამირთულდა.

ახლაც რომ ნახოთ, საკმაოდ დეფორმირებული მაქვს. ამ ამბის შემდეგ, რატომღაც, არ მივსულვარ და არ გამიგრძელებია. მერე იყო ანსამბლი „ერქვანი“, სადაც ყველაზე დიდი გამოცდილება მივიღე. საბოლოოდ, მივედით კონსერვატორიამდე, რაც, რეალურად, დათო გველესიანის დამსახურებაა. მისმა შემოთავაზებამ და დაინტერესებამ ისე დამაფიქრა, რომ გადავწყვიტე ჩამებარებინა კონსერვატორიაში, სადაც შიდა დაფინანსება ავიღე.

- პროექტ, “მხოლოდ ქართული”- შემდეგ თაყვანისმცემლებმა, ალბათ, იმატეს. როგორია შენი დამოკიდებულება პოპულარობისადმი?

- რომ გითხრა პოპულარობას ვგრძნობ მეთქი, მოგატყუებ. ერთადერთი, თბილი ესემესები შემიძლია გამოვყო, რითაც ვგრძნობ მათ მხარდაჭერასა და სიყვარულს. მაქსიმალურად ვცდილობ, უპასუხოდ არავინ დავტოვო და ყველას მადლობა გადავუხადო.

-შენი აზრით, რთულია საზოგადოების გულის მოგება?

- მარტივი არ არის. სიმღერის გარდა, მაყურებელი გულწრფელობას აფასებს. გინდა-არ გინდა, მაყურებელი ამას გრძნობს სიუჟეტებიდან და სცენიდან. ცდილობს გაიცნოს შენი პიროვნება და რაოდენ კარგადაც არ უნდა იმღერო, თუ სიმპათიით არ განეწყო შენი პიროვნების მიმართ, ალბათ, არც სიმღერას დაადებენ ფასს. ვცდილობ, მაქსიმალურად კარგად ვიმღერო და თავი შევაყვარო მსმენელს. იმდენი თბილი სიტყვები მაჩუქეს, რომ ჩემი აზრით მოვახერხე და საზოგადოებას კარგად დავამახსოვრე თავი. ჩემთვის ყველაზე დიდი გამარჯვება ეს არის.

- რომელი ჟიურის წევრი იყო შენი ფავორიტი და რა თვალსაზრისით?

- არ მყავს ფავორიტი.

- პროექტის მიმდინარეობის პერიოდში გავრცელდა ჭორები, რომ ნუცას შენს მიმართ გრძნობები გაუჩნდა, ეს შეიმჩნია კიდეც, როდესაც გიორგი ნარმანია გავარდა პროექტიდან და ამისთვის ბოდიშიც მოიხადა საჯაროდ, შენთვის ამ ამბავს უხერხულობა ხომ არ შეუქმნია?

- ნუცას ძალიან უხეში კომენტარები დაუწერა ბევრმა. რა თქმა უნდა, უხერხულობა შემექმნა, რადგან ეს რეაქცია პირდაპირ უკავშირდებოდა ჩემს ფინალში გადასვლას. მაყურებელმა არასწორად შეაფასა სიტუაცია და ნუცას ეს ქმედება. რაც შეეხება გრძნობებს, არა, მე და ნუცა ძალიან კარგი მეგობრები ვართ, მეტი არაფერი.

- როგორც ვიცი, შეყვარებული გყავს - ეჭვიანობდა თუ არა შენი შეყვარებული ნუცაზე?

- დიახ, მყავს. სხვათაშორის არა. ბევრი საბაბი ჰქონდა ზოგადად, საზოგადოების შეტყობინებებიდან გამომდინარე, რომ ეეჭვიანა, თუმცა ძალიან ჯანსაღი მიდგომა ჰქონდა ამ ყველაფრის მიმართ. რაც შეეხება ნუცაზე ეჭვიანობას, რა თმქა უნდა არ უეჭვიანია (იცინის).

-როგორია შენი სიყვარულის ისტორია და შენი ოცნების გოგო?

- ჩვენი „ლავსთორი“ დაიწყო ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. ერთ-ერთ საგანზე მოვხვდით ერთად. დავალება გქვონდა, რაღაც პროექტზე უნდა გვემუშავა. აქედან დაიწყო მეგობრობა, რომელიც შემდეგ გადაიზარდა სხვა გრძნობაში და 2 იანვარს, ბედობა დღეს შეგვისრულდა ორი წელი. ის ძალიან კარგი მეგობარია. ვამაყობ, რომ გვერდში გამგები და კარგი ადამიანი მყავს.

- შენი აზრით, იმსახურებდი თუ არა მოგებას და დაგწყდა თუ არა გული საზოგადეობაზე, რომელმაც სმს-ებით გიორგი კელაპტრიშვილი აირჩია?

- სხვათაშორის, როდესაც ბოლოს ნიკა გვარამია აცხადებდა და არა მხოლოდ ნიკა, ყველა ამბობდა, რომ ფინალში გასული ოთხივე კონკურსანტი, ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს, იქნებოდა ღირსეული გამარჯვებული. შესაბამისად გიორგი კელაპტრიშვილი ღირსეული გამარჯვებულია.

- გუგა, შენი აზრით, რამდენად ფართო ასპარეზს გიქმნის საქართველო იმისათვის, რომ შენი გეგმები სრულად განავითარო?

- პირველ რიგში, მომღერალს უნდა გააჩნდეს თავისი სტილი, რომელიც არ უნდა ჰგავდეს სხვას. უნდა მოერგოს ხალხის გემოვნებას. თავმდაბლობასა და გულწრფელობას ყველაზე მეტად აფასებს მსმენელი. საკუთარი თავის ფასი უნდა იცოდეს, უნდა იყოს თამამი და ცოტა ამბიციურიც. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ მაქსიმალურად ხელი შეგიწყოს განვითარებაში, მაგრამ ვფიქრობ, სწორედ ის მიაღწევს წარმატებას, ვინც არ დანებდება და ყველაფრის მიუხედავად წინ წავა.

- რა სამომავლო გეგმები აქვს გუგა მარგველაშვილს?

- კონსერვატორიაში იმიტომ ჩავაბარე, რომ მიზნად დავისახე ამ პროფესიის განვითარება საკუთარ თავში. მადლობა „ავერსს“, „რუსთავი 2-ს“ და რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას... ძალიან მაგარი საჩუქარი გამიკეთეს, პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, შინაარსიანი და ნაყოფიერი საჩუქარი იყო - ვენის მუსიკალურ აკადემიაში, ჩათვალე კონსერვატორიაში, დამიფინანსეს მასტერკლასი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან წინ წამწევს და დამეხმარება ამ ნიჭის გაღრმავებაში.

კომენტარი