ექსკლუზიური ინტერვიუ გალაკტიონ ტაბიძის მძღოლთან

არჩილ მღებრიშვილი 5 წელი გალაკტიონ ტაბიძის პირად მძღოლად მუშაობდა. ცხადია, ბევრი აქვს მოსაგონარი...

დრონი.ჯი“: - ბატონო არჩილ, როგორ გახდით გალაკტიონის პირადი მძღოლი?

არჩილ მღებრიშვილი: სპორტკომიტეტის თავმჯდომარეს ვატარებდი, მაგრამ ჩემი უფროსი მაშინ სხვა სამსახურში გადაიყვანეს - დააწინაურეს. იმ პერიოდში მეუღლე დამეღუპა, მახსოვს შინ ვიჯექი და ყოფილმა უფროსმა გამიწია რეკომენდაცია. გალაკტიონს წყნეთში ქჰონდა სახლი, მეც წყნეთში ვცხოვრობდი და ეს ხელს მაძლევდა. „პობედა“ ჰყავდა გალაკტიონს - ავიდოდი ფეხით, ზემო წყნეთში ცხოვრობდა, ჩავისვამდი მანქანაში და ჩამომყავდა თბილისში. რა ვიცი, სადაც მეტყოდა იქ მიმყავდა. ერთი ეგ იყო, მანქანას შინ არ მატანდა, არც მიზეზს მეუბნებოდა - ასე უნდოდა და მორჩა.

- რატომ?

- ჯიბრიანი და თავისნათქვამა კაცი კი იყო,…არ მატანდა მანქანას და მორჩა! ისე, ბევრჯერ აუხირებია რამე, მაგრამ გადამითქმევინებია.

- სმა უყვარდა გალაკტიონს, ეს ცნობილი ამბავია. ამაზე რას იტყვით?

- უყვარდა სმა ცხონებულს, ეს მართლაც ყველამ კარგად იცის. მე ახალი დაწყებული მქონდა მასთან მუშაობა, იმ პერიოდში მართლა ბევრს და უაზროდ სვამდა. 3 ვარსკვლავიან კონიაკს იყიდდა, პირდაპირ ბოთლიდან სვამდა და მარტო კანფეტს აყოლებდა.

ერთხელ ირაკლი აბაშიძემ დამიბარა გალაკტიონის უჩუმრად, მაშინ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო. შევედი კაბინეტში, დაჯექიო და დავჯექი. ბატონო არჩილ, გალაკტიონს ერთტომეული აქვს გამოსაცემი, გამომცემლობისთვის ჯერ არ ჩაუბარებია ლექსები, არადა, წლიურ გეგმაში ზის.

თან ჰონორარი წინასწარ აღებული აქვს, გალაკტიონს ლექსის წერა რომ არ ეშლება, ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ვერ მოუყარა თავი კრებულს, რომ გამომცემლობამდე მიეტანა, რამდენიც დავურეკე - ხვალე, ირაკლი ხვალ მივიტანო - მეუბნება.

არადა, ყველაფერი ამ ოხერი სასმელის ბრალია. ერთი თვე მაინც რომ არ დალიოს, ამ საქმეს მოაგვარებს. ჩემო არჩილ, იქნებ ისე მოახერხო, შეუშალე ხელი, არ დალიოს გალაკტიონმაო, - მთხოვა ირაკლი აბაშიძემ. გალაკტიონს თუ დალევა უნდოდა, მე კი არა, დედამიწის ზურგზე ადამიანი არ იყო, დაეშალა მისთვის. თუმცა, რაკი ირაკლი აბაშიძემ მთხოვა, მაინც ვეცადე რაღაცას. დილით ავედი სახში, რუსთაველის ქუჩაზე, ჩავისვი მანქანაში. წყნეთში იდგა ჯიხურები და იქ იყიდებოდა წვრილმანი რაღაცები, სასმელიც მათ შორის.

გამიჩერეო, მითხრა გალაკტიონმა. არ გავაჩერე, „გაზს“ დავაჭირე ფეხი და მთელი სიჩქარით დავეშვი თბილისისკენ. მერე, ვაკეში, ახლა 55-ე სკოლა რომაა, იმ მიდამოებში იდგა რამდენიმე ჯიხური - არჩილ გააჩერეო, ხმამაღლა მითხრა გალაკტიონმა. ისევ წავუყრუე და გავაგრძელე გზა. უცნაურად კი გადმომხედა გალაკტიონმა. ბოლოს ფილარმონიასთან დამიყვირა - აქ გააჩერე, აი, ამ ჯიხურთანო, თან ხელით მანიშნა. არც იქ გავაჩერე, მანქანის საჭეს ეცა, - კაცო, ყრუ ხომ არ ხარ შენაო? კი, ვასილიჩ მარცხენა ყურში ცოტა ცუდათ მესმის მეთქი - ვუთხარი. გაბრაზდა, მერე, ვინ მოგცა შენ „პრავა“ მანქანას ვინ განდობს, თანაც გალაკტიონს, არ იცი, რომ შენ დაატარებ, რამე რომ დაემართოს გალაკტიონს, არ იცი შენ, ქართული პოეზია რამდენს დაკარგავსო? - საყვედურით მითხრა.

იმ დღეს მწერალთა კავშირში კი მივიყვანე ფხიზელი, იქ ჰქონდა სამუშაო ოთახი-კაბინეტი, ირაკლი აბაშიძე გახარებული იყო, მადლობა მითხრა და დააყოლა - იქნებ არც ხვალ დალიოს და წიგნის საქმე მიიყვანოს ბოლომდეო. მაგრამ რად გინდა? იმ საღამოს დუქანში ჩავედით ერთად, მე არ ვსვამდი თვითონ კი ერთი ბოთლი კონიაკი გამოცალა.

- ფხიზელი გალაკტიონი არ გახსოვთ?

- კი, როგორ არ მახსოვს კაცო, სწორედ იმ საღამოს დუქანში მითხრა - ვიცი მანქანას რატომ არ მიჩერებდი „ბუტკებთან“ შენ ან ირაკლი აბაშიძემ გთხოვა ან გოგლა ლეონიძემ, არ გაუჩერო და არ დალიოს გალაკტიონმაო. რომელმა გთხოვა არ დამიმალო, თუ ორივემ ერთად მოილაპარაკესო? არ დამიმალავს, ვუთხარი, ირაკლი აბაშიძემ მთხოვა_მეთქი და თან დავაყოლე – ვასილიჩ, მოდით რამდენიმე დღე ნუ დალევთ, ის წიგნი დაამთავრეთ-მეთქი.

ეჰ, ჩემო არჩილ, მე კი არ მეხალისება რომ ვსვავ, ცხოვრებამ მიქნა რომ ფხიზელს აღარ შემიძლია ყოფნაო. იმ წიგნს რაც შეეხება, ის დაწერილი მაქვს, ერთი კი არა, სამი ტომი გამოვა, ერთი ეგ არის, ლექსები ხან რაზე დავწერე ხან-რაზე, ახლა უნდა მოვაგროვო, გადავიტანო ქაღალდზე და მბეჭდავს მივუტანო გამომცემლობაში, ბოლოს კი, „გაკორექტურებულ“ წიგნს წავიკითხავ და მორჩაო. მართლაც, ხან სიგარეტის კოლოფზე დაწერდა ლექსს, ხან - დეპეშის ფურცელზე, ხან კონიაკის ეტიკეტს უკან მიაწერდა, ერთხელ ბაზარში, რაღაც იყიდა, ბაზრის ქაღალდი, ის სქელი ქაღალდი მოახია და იმაზე წერდა, მერე უბეში ჩაიდო. ასე, ხან რაზე და ხან რაზე ნაწერი ლექსები სახლში ეყარა უწესრიგოდ, საკუთარი თვალით მინახავს, შპალერის ნაგლეჯებიც შემიმჩნევია და მუყაოს ყუთების ნაგლეჯებიც.

- გამოსცა, ბოლო-ბოლო ის წიგნი?

- კი გამოსცა, ოღონდ არ გამოფხიზლებულა. ერთხელ დაიფიცა გალაკტიონმა, დღეიდან აღარ დავლევო. გამიხარდა. მართლაც მთელი დღე საქმეებზე დარბოდა, ხან სად მივიყვანე და ხან სად. საღამოს დაღლილი ჩამიჯდა მანქანაში, - სახლში წავედითო. მიხაროდა მთვრალი ცოტა არ იყოს, შარიანი კაცი იყო და მეც დავისვენებ, რომ არ დალევს-მეთქი. წყნეთში ავედით, დუქანთან გამაჩერებინა. ვასილიჩ, აქ რა გინდა-მეთქი, შევიცხადე მართლა, აკი არ უნდა დავლევ დღეიდანო - ვკითხე. ხმა არ გაუცია, თავის თავს ელაპარაკებოდა – წამო, წამო გალაკტიონ თითო ჭიქა მაღარიჩი დავლიოთ იმის აღსანიშნავად, რომ დღეს გალაკტიონს წვეთი არ დაულევიაო.

აი, ასეთია ეს ცნობილი ისტორია, რომელსაც ხან როგორ ჰყვებიან და ხან როგორ. ჩემს თვალწინ მოხდა. ჩავიდა დუქანში და ერთი ბოთლი კონიაკი დალია იმის სამაღარიჩოდ, რომ საღამომდე ფხიზელი იყო, უცნაური კაცი იყო ძალიან.

- ამდენს რატომ ვსვამო, არ უთქვავს თქვენთვის?

- კი მომიყვა ოლია ოკუჯავას სიყვარულის ცნობილი ისტორია და მათი დაპატიმრების ამბავი. 3 თვის მოყვანილი მყავდა ოლია ცოლად, რომ უშიშროებამ ღამით წაგვიყვანა ორივე, ვაგონებში ჩაგვყარეს და ციმბირის გზას გაგვიყოლესო. ახლაც არ ვიცი სად გავჩერდით, მაგრამ უკვე რუსეთის ტერიტორიაზე ვიყავითო. ვიღაც ქალი მიდი-მოდიოდა ვაგონების წინ, სასწრაფოდ დავწერე წერილი და იმ ქალს დავუძახე. ვთხოვე ეს წერილი ჩაედო კონვერტში და გაეგზავნა. მისამართიც დავუწერე ცალკე ფურცელზე. ქალი გაშრა რაღაც წაიკითხა, რომ სტალინს ვწერდი, ვეხვეწე, აუცილებლად გაგზავნე, გემუდარები, ჩვენი გადარჩენის ეგ ბოლო იმედია-მეთქი.

კიდევ კარგი კალამი და ბლოკნოტი თან მქონდა „ჩეკისტებმა“ დამიტოვეს – პოეტია, რამეს დაჯღაპნისო. მგონი, 3 დღე, შეიძლება მეტიც იმ ვაგონებში ვეყარეთ. წარმოიდგინე, ჩემო არჩილ, ერთ საღამოს მოვიდა ვიღაც ფორმიანი და ყველა ვაგონი ჩამოიარა – გალაკტიონ ტაბიძე რომელიაო. მე ვარ-მეთქი, ვუთხარი და ვაგონის კარი გამიღო - მოწიწებით მეპყრობოდა, მანქანით წამიყვანეს, აბანოში გამაქანეს და ახალთ-ახალი სამოსი მომცეს. მოკლედ, მატარებლით მოსკოვში ჩამიყვანეს, კრემლში, სტალინთან. ჩემს წერილს მიეღწია სტალინამდე. შევხვდი სტალინს, გაუგებრობა მოხდა, ჩემო გალაკტიონ თორემ შენისთანა უწყინარ ადამიანს და შენისთანა პოეტს, ნორმალური ადამიანი როგორ დაიჭერსო?! ოლია მოვიკითხე. სტალინი დადუმდა, შუბლი შეიჭმუხნა, ახლოს მოვიდა და მითხრა - შენი მეუღლე აღარ არის ცოცხალი, სამწუხაროა და ვიზიარებ შენს ტკივილს, რა ვქნა ღმერთი არ ვარ რომ ცოლი გაგიცოცხლო, შენ კი უბატონოდ ხმას ვეღარავინ გაგცემსო. თან პირადი ტელეფონი მომცა ამ ყაჩაღებმა და გარეწრებმა თუ შეგაწუხეს პირადად დამირეკე და ტყავს გავაძრობო. მერე, თავის მდივანს, პოსკრებიშევს ჩემი გვარ-სახელი ჩააწერინა და გააფრთხილა - თუ დაგირეკა ამ კაცმა, რაც უნდა გთხოვოს, შეუსრულე და თუ შენ ვერ გადაწყვეტ საკითხს, სადაც არ უნდა ვიყო, მომძებნე და შემატყობინე, რომ გალაკტიონ ტაბიძე გეძებსო. სწორედ იმის მერე დავიწყე სმა, ოლიას სიკვდილის მერე და აბა, რა მექნა, ამხელა დარტყმას ვერ გავუძელი - ამით დაასრულა გალაქტიონმა.

- კიდევ რას გიყვებოდათ გალაკტიონი?

- შვილი რომ არ ჰყავდა ძალიან ნერვიულობდა, რა დავაშავე ღმერთმა ერთი ბავშვი გაიმეტოს ჩემთვისო, - ხშირად დაუჩივლია. ძალიან უყვარდა პატარები. მეორე ცოლად რუსის ქალი ჰყოლია, მაგრამ გაექცა, ვერ გაუძლო გალკტიონის ამდენ სმას, ამას თვითონაც აღიარებდა. მესამე ცოლს ნინა ერქვა, ძალიან კარგი ქალი იყო, განათხოვარი იყო, შვილი არ უჩნდებოდათ და ამაზე ნერვიულობდა გალაკტიონი. ერთხელ მითხრა, წყნეთში ტყეში წავიდეთ, ლექსი უნდა დავწეროო, წავიყვანე, მაგრამ ტყის სიღრმეში ვეღარ შევედი, არ იყო სამანქანო გზა. ამიხირდა, გინდა თუ არა შედი სიღრმეში, გალაკტიონს უარს როგორ ეუბნები, გალაკტიონს შენ მუზას უფრთხობო?

ვასილიჩ მანქანა ვერ მიდის, მე რა ვქნა ჩემი რა ბრალია- მეთქი? გაბრაზდა ძალიან. ვერ მოზომა და სახეში ხელი გამარტყა. რა მექნა? შეურაცხყოფილი კი ვიყავი. მაგრამ იმდენი კი მესმოდა გალაკტიონისთვის ხელის შებრუნება უსინდისობა იყო, სხვას ამას შევარჩენდი? გავხევდი კაცი, უცებ გამოფხიზლდა გალაკტიონი, გადახტა მანქანიდან, ნახა რომ მართლა ხევი იყო და სიღრმეში ვერ შევიდოდით, მეც გადმოსული ვიყავი. ამოვიდა ხევიდან გადამეხვია და ბოდიში, არჩილ, მაპატიეო. მიხვდა, რომ შეეშალა და მითხრა წავკისში წავიდეთო.
გზაში ათასი ბოდიში მითხრა კიდევ. უკვე უხერხულად ვიყავი, ვასილიჩ, არა მწყენია, გადამიარა უკვე-მეთქი, ვეუბნებოდი. წავკისში „შალიკოს დუქანს“ ეძახდნენ, იქ ჩავედით, მოატანინა კარგი ღვინო, მწვადი, ცივად მოხარშული დედალი და რა ვიცი რაც საუკეთესო ჰქონდათ. რა ამბავია, ვასილიჩ, რას დღესასწაულობთ-მეთქი? ვკითხე - რა დღესასწაული კაცო, ეს ჩვენი შერიგების პურმარილია, აბა, შენ რა გგონია გალაკტიონმა შენი ფასი არ იცის ან იმას ვერ ხვდება რა მიჰქარაო?

მართლა ბავშვივით გულის პატრონი იყო. თვითონ ითამადა რამდენჯერმე მომიბოდიშა კიდევ და მერე იცოცხლეთ კარგად მოვულხინეთ. გვარიანად შეთვრა და მკითხა უცებ: არჩილ არ დამიმალო, ჩემზე კარგი პოეტი ვინ არის საქართველოში, გულწრფელად მითხარიო. მართლა გულწრფელი ვიყავი გულზე ხელი დავიდე და ისე ვიპასუხე, შენზე დიდი პოეტი არ არის საქართველოში-მეთქი. ბავშვივით გაუხარდა, დაგამეხვია და გადამკოცნა. მერე წვერზე ხელი ჩამოისვა რამდენჯერმე და თქვა: გალაკტიონი არის პოეტი, მეფე, მეფე-პოეტიო, მივხვდი მე უკვე აღარ მელაპარაკებოდა, უკვე იქ იყო, თავისთან მუზების და პოეზიის სამყაროში. მერე გამოფხიზლდა და დაიწყო გინება - მწერალთა კავშირს აგინებდა, ცეკას-ს, ტეკას-ს მთელ მთავრობას, ჩემი შურთ, ბოღმით სკდებიან, ჩემნაირი პოეტი რომ არცერთი არ არის, ორი-სამი კაცია იმ მწერალთა კავშირში ნამდვილი მწერალი და პოეტი, დანარჩენები შტერები არიანო. კარგა ხანს იგინა, გული მოიოხა.

- ვის აგინებდა?

- რა ვიცი, ყველას ერთად, გვარები არ ჩამოუთვლია. გოგლა ლეონიძე უყვარდა ძალიან, ამ კაცს ერთხელ არ უთვამს, გალაკტიონი ლოთიაო, იძახდა, გოგლა ვაჟკაცია, რამდენჯერ მთვრალი უნახივარ და საყვედური არ დასცდენია, ერთხელ მწერალთა კავშირში ჩემი ლოთობის საკითხი განიხილეს, ზოგი ჩემს გარიცხვას ითხოვდა კიდეც, თუ სმას არ დაანებებს თავს, გავრიცხოთო, გოგლა ამდგარა და უთქვავს - კარგით დავუშვათ, გალაკტიონი გავრიცხეთ, მერე რას ვშვრებითო? ვიღაცას უთქვამს, მერე რა მოხდა, უგალაკტიონოდ მწერალთა კავშირი ვერ იარსებებსო?

გოგლას გასცინებია, მაშინ ამ კავშირს სახელი გადავარქვათ ფხიზელ და არამსმელ მწერალთა კავშირი დავარქვათ, გალაკტიონი კი, გინდა კავშირის წევრი იყოს, გინდა არა, მაინც გალაკტიონად დარჩება, იმათ იკითხონ, ათტომეულები რომ გამოუციათ უკვე და გალაკტიონის ერთი ლექსის საღირალი ჯერაც ვერ დაუწერიათო. ირაკლი აბაშიძე ამდგარა, თემა დახურულია, ვერდიქტი გამოტანილია, გალაკტიონი რჩება კავშირის წევრადო.

გოგლას გაუგრძელებია, რომც გარიცხოთ რა უნდა წაართვათ გალაკტიონს, ერთი კაბინეტი აქვს ამ შენობაში და იქაც თვეში ერთხელ შემოივლის ხოლმე. ნიჭს მაგას ვერავინ წაართმევს და გალაკტიონი გალაკტიონად დარჩება, ჩვენ ვიკითხოთ მერე, მაგის ხელნაწერები კი ხელიდან ხელში გადავა ხალხში. არადა, დავუშვათ, გავრიცხეთ, უკეთესი ვინ უნდა მივიღოთ, იქნებ მითხრას ვინმემო, ამით დაუმთავრებია გოგლას.

მართლა ძალიან უყვარდა გოგლა გალაკტიონს კახეთში თუ თბილისში, არ მახსოვს პურმარილი გაეკეთებინოს და გალაკტიონი არ დაეპატიჟოს. გალაკტიონიც პატივს თავისებურად სცემდა - სხვისი პურმარილი სულ ფეხებზე ეკიდა, დათვრებოდა დილიდან, მთვრალი მიდიოდა და აურევდა კიდეც. გოგლა რომ დაპატიჟებდა იმ დღეს არ სვამდა, იძახდა ჩემ გოგლას არ ვაწყენინებ, დღეს არ დავლევ, ფხიზელი უნდა მივიდე, სულ გათიშული მთვრალი რომ მიმიტანონ, მაინც არაფერს იტყვის და აი, სწორედ ამიტომ არ მინდა რომ ნასვამი მივიდეო.

- ხელფასს რამდენს გაძლევდათ გალაკტიონი?

- 100 მანეთს მიხდიდა თვეში, მაგრამ ხშირად მიგვიანებდა. სიმართლე უნდა ვთქვა ცოტა ძუნწი კი იყო და არა მარტო ჩემთან. ბოლო პერიოდში ხელფასს ვერ მაძლევდა 1000 მანეთი ვალი ემართა ჩემი, ვუთხარი, ვასილიჩ მოდი, ეგ შენი „პობედა“ მე მომყიდე 1000 მანეთი დამიქვითე დანარჩენს გადაგიხდი და ჩემი მანქანით გემსახურები-მეთქი. ნინაც ეუბნებოდა გალაკტიონ მიეცი მანქანა, კაცი 5 წელია ერთგულად გემსახურება, თანაც ფულს გიმატებსო.

არაო, აიხირა გალაკტიონმა უნდა გავყიდო მანქანა აღარც მანქანა მინდა და აღარც მძღოლიო. მართლაც, წავიყვანეთ მანქანა გასაყიდად, ვერ გავყიდეთ, უკან წამოვიყვანეთ, ბოლოს მაინც მე დამიტოვა ის მანქანა. ფული აღარ ჰქონდათ რომ ყოველთვიურად მძღოლისთვის ეხადა, ამიტომ აღარ ვემსახურებოდი. ისე რამდენჯერმე დავჭირდი და ხან სად წავიყვანე, ხან-სად. სამსახურიც თვითონ მიშოვნა - მაშინდელ კულტურის მინისტრთან, ოთარ თაქთაქიშვილთან გამიწია რეკომენდაცია და მისი მძღოლი გავხდი. სახლის მშენებლობაში შემეწია გალაკტიონი რამდენჯერმე სამშენებლო მასალა გამომატანინა თავის ფასში, მაშინ, ქრთამს თუ არ გადაიხდიდი, სახელმწიფო ფასში და ხარისხიან მასალას ვერ იშოვნიდი.

კომენტარი

×