"თვალებში რომ უყურებ და არა გულამოღებულ ზედაში, აი, ეგ მგონია მე სიყვარული"

ტანსაცმელჩაცმულებს რომ გძინავთ ერთმანეთის გვერდით,
აი,
ეგ მგონია მე სიყვარული.
თვალებში რომ უყურებ და არა გულამოღებულ ზედაში,
აი,
ეგ მგონია მე სიყვარული.
ხელმკლავით რომ შეძლებ მასთან ერთად ცხრამთასიქით წასვლას,
აი,
ეგ მგონია მე სიყვარული.
კარებგაღებული ოთახიდანაც რომ არ გავა,
რომც გააგდო,
აი,
ეგ მგონია მე სიყვარული.
რომ ელოდები,
ადუღებ ჩაის ათასჯერ,
სუფრას რომ აწყობ ორისთვის,
აი,
ეგ მგონია მე სიყვარული.
მის ჯიბეებში ხელს მხოლოდ თითების გასათბობად რომ ჩააცურებ და არა ფულის ამოსაღებად,
აი,
ეგ მგონია მე სიყვარული.
გასაქცევი რომ გაქვს და მაინც მასთან რჩები,
აი,
ეგ მგონია მე სიყვარული.
შუაღამეს რომ ეტყვი ზღვაზე წავიდეთო,
უხმოდ რომ გაკოცებს შუბლზე,
ჩაიცმევს და გამოგყვება,
აი,
ეგ მგონია მე სიყვარული.
სისხლის გათეთრება რომ გჭირს და მაინც არ დაგტოვებს,
აი,
ეგ მგონია მე სიყვარული.
ავადმყოფობის ჟამს სასთუმალთან რომ მოგიტანს წყალს და მძინარეს გიყურებს საათობით,
აი,
ეგ მგონია მე სიყვარული.
წვიმაში რომ წამოწვებით სახით ცისკენ და ერთმანეთის მაჯისცემას რომ უსმენთ,
აი,
ეგ მგონია მე სიყვარული.
სიკვდილის რომ გეშინია მისი თავი არ წამართვასო,
აი,
ეგ მგონია მე სიყვარული.
რომ იცი არ მოვა და მაინც ელოდები,
აი,
ეგ მგონია მე სიყვარული.

კომენტარი