პროექტი „ზაფხულის კინოსკოლა“ ზაზა ურუშაძის „მანდარინებით“ დაიხურება

პროექტი „ზაფხულის კინოსკოლა“ ზაზა ურუშაძის ფილმის „მანდარინები“ ჩვენებით 30 ივლისს დაიხურება. ჩვენება იმერეთის რეგიონის სოფელ ზეგანში 13:00 საათზე დაიწყება, რომელსაც თავად რეჟისორიც დაესწრება. პროექტის ფარგლებში უკვე შედგა გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძულის“ ჩვენება სოფელ წნისში , მარიამ ხაჭვანის „დინოლა“ უშგულში აჩვენეს, ლევან თუთბერიძე კი მის ახალ ფილმს დღეს საზღვრისპირა სოფელ დიცში წარადგენს. ასევე დაგეგმილია ნანა ჯანელიძის სტუმრობა პანკისის ხეობაში. რეჟისორები ჩვენებებს თავად ესწრებიან, რის შემდეგაც ბავშვებს მათთან დისკუსიის საშუალება აქვთ.

„ზაფხულის კინოსკოლა“ ეროვნული კინოცენტრის პროექტია, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და განათლების სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება. ასევე პროექტის მხარდამჭერები არიან World Vision Georgia და ASB Georgia.

„ზაფხულის კინოსკოლა“ 15 ივლისიდან დაიწყო და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მივლინებული კინოსპეციალისტები ბავშვებისთვის ყოველდღიურ კინოჩვენებებს აწყობდნენ, სკოლის მოსწავლეებს დისკუსიებში რთავდნენ და მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღებაშიც ეხმარებოდნენ. პროექტმა 30 საზღვრისპირა თუ მიუდგომელი სოფელი მოიცვა, ისეთები, როგორებიც არის : რუხი, კოკი, განმუხური, დუმასტური, ხურვალეთი, კნოლევი, უშგული, ბარისახო , შუაფხო და ა.შ.

პროექტის მთავარი მიზანია მაღალმთიანი და საზღვრისპირა რაიონების მკვიდრ მოზარდებში ამაღლდეს კინოგანათლება. ფილმების ნახვა და შემდგომი დისკუსიები გააუმჯობესებს მოსწავლეების სააზროვნო და ესთეტიკურ უნარებს. ფილმის გადაღების პროცესის წარმართვა კი ხელს შეუწყობს მოზარდების შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

კომენტარი